მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ, 25 %-იანი ტარიფების ამოქმედება, რომლის შესახებაც ტრამპის ადმინისტრაციამ ინფორმაცია გაავრცელა, ერთი თვით შეჩერებულია. განცხადება თეთრ სახლშიც დაადასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები ამ ერთ თვეს ასევე მოლაპარაკებებისთვის გამოიყენებენ. მექსიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ის მექსიკა-ამერიკის საზღვარზე მექსიკის ეროვნული გვარდიის 10,000 წარმომადგენელს გააგზავნის, რათა მათ საზღვარზე ნარკოტიკების პრობლემა გააკონტროლონ.
თუმცა, მექსიკისგან განსხვავებით, ამ დროისთვის, პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები ძალაშია კანადისა და ჩინეთისთვის. ისინი წესით, სამშაბათს, 4 თებერვალს უნდა ამოქმედდეს. ტრამპი გეგმავს, რომ ორშაბათს, 3 თებერვალს, ვაშინგტონის დროით შუადღის 3 საათზე ტელეფონით ესაუბროს კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსაც.
როგორც კანადას, ისე მექსიკას შემხვედრი სატარიფო პოლიტიკა აქვთ მზად იმ შემთხვევისთვის, თუ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ტარიფებს მართლაც აამოქმედებს.
ტარიფების ამოქმედებამ, შესაძლოა ინფლაციის გაზრდა და ეკონომიკური ზრდის შენელება გამოიწვიოს. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ის ასევე ემზადება ტარიფები ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასაც დაუწესოს.
ახალი ტარიფები შეერთებული შტატების სამ მთავარ სავაჭრო პარტნიორზე ახდენს გავლენას, მაგრამ დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ეს ნაბიჯი „იმად ღირს“ რომ ამერიკის ინტერესები გაძლიერდეს.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, კანადასთან და მექსიკასთან თავისუფალი ვაჭრობის პაქტზე შეთანხმდა, შაბათს ამ ორ ქვეყანას ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა 25-პროცენტიანი ტარიფები დაუწესა, რომელიც ძალაში სამშაბათს შედის. ჩინეთს კი უკვე დაწესებულ ტარიფების გარდა, ახალი 10-პროცენტიანი საბაჟო გადასახადი დაუმატა.
ტრამპმა განაცხადა, რომ ეს სამი ქვეყანა საკმარისს არ აკეთებს არალეგალური იმიგრაციის და შეერთებულ შტატებში მომაკვდინებელი ოპიოიდის - ფენტანილის შედინების შესაჩერებლად.
კვირას, პლატფორმა Truth-ზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ტრამპმა აღიარა, რომ შესაძლოა ტარიფების გამო ამერიკელი მომხმარებლები უფრო მაღალი ფასების პირისპირ აღმოჩნდნენ.
ამერიკული კომპანიები, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე ფედერალურ მთავრობას ტარიფებს უხდიან, იმის ნაცვლად რომ დამატებითი დანახარჯები საკუთარ თავზე აიღონ, ხშირად ამ ხარჯის სულ ცოტა ნაწილს, თუ მთლიანად არა, მომხმარებელს აკისრებენ.
დონალდ ტრამპის კომენტარების სამიზნე მეტწილად კანადა, ამერიკის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე იყო. შეერთებული შტატების სტატისტიკის ბიურომ განაცხადა, რომ გასულ წელს ამერიკას კანადასთან 55 მილიარდი დოლარის ოდენობის სავაჭრო დეფიციტი ჰქონდა.
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ შაბათს განაცხადა, რომ შეიძლება მისმა ქვეყანამ სამშაბათს 106.6 მილიარდი დოლარის ღირებულების ზოგიერთ ამერიკულ პროდუქტზე 25 პროცენტიანი ბაჟი დააწესოს, რასაც სამი კვირის შემდეგ ღონისძიებების მეორე რაუნდი მოჰყვება.
სტატისტიკის ბიუროს თანახმად, 2023 წელს მექსიკაში ექსპორტმა 322 მილიარდი დოლარი შეადგინა, იმპორტი კი 475 მილიარდზე მეტი იყო. ჩინეთთან სავაჭრო დეფიციტი კი 279 მილიარდი დოლარი იყო, რაც ყველა ამერიკის სავაჭრო პარტნიორებს შორის უდიდესი ციფრია.