სამშაბათს, 4 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მერ დაწესებული ახალი ტარიფები ჩინურ საქონელზე ძალაში შევიდა. საპასუხოდ ჩინეთმაც გამოაცხადა ახალი ტარიფების შესახებ ამერიკულ იმპორტირებულ პროდუქტზე.
ჩინეთმა განაცხადა, რომ დააწესებს 15%-იან ტარიფებს ამერიკულ ნახშირსა და თხევად ბუნებრივ აირზე, ასევე 10%-იან ტარიფებს ნედლ ნავთობზე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და ზოგიერთ ავტომობილზე.
ამერიკამ ყველა ჩინურ პროდუქტზე 10%-იან ტარიფი დააწესა. ეს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებაა, რათა ამერიკაში ფენტანილის კონტრაბანდა თავიდან აიცილოს.
ამერიკის მთავრობა ამბობს, რომ ჩინეთი იმ ქიმიკატების წარმოების ძირითადი წყაროა, რომელსაც მექსიკური ნარკოკარტელები იყენებენ ფენტანილის საწარმოებლად.
ჩინეთმა განაცხადა, რომ მან გადადგა შესაბამისი ნაბიჯები ნარკო-ინდუსტრიისა და ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ.
„იმედია ჩინეთი შეწყვეტს ჩვენთვის ფენტანილის გამოგზავნას და თუ ეს ასე არ მოხდა, ტარიფები მნიშვნელოვნად გაიზრდება“, - თქვა ტრამპმა.
თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა ორშაბათს განაცხადა, რომ ტრამპი უახლოეს დღეებში გაესაუბრება ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინ პინს.
ჩინეთის გარდა, ამერიკა მექსიკისა და კანადისთვისაც აპირებდა 25%-იანი ტარიფებს დაწესებას. თუმცა, ამერიკის პრეზიდენტი ორშაბათს, 3 თებერვალს ორივე ქვეყნის ლიდერს ესაუბრა და ისინი შეთანხმდნენ, რომ ტარიფების გაზრდა ერთი თვით შეჩერდება.
ორივე ქვეყნისადმი ტარიფების გაზრდის მიზეზი კვლავ ამერიკაში ფენტანილის შეტანაა. მექსიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის 10,000 ეროვნულ გვარდიელს გაგზავნის საზღვარზე, რათა სიტუაცია უკეთ გააკონტროლონ. ხოლო კანადის პრემიერ ჯასტინ ტრუდოს თქმით, კანადა ახალ ტექნოლოგიასა და მეტ პერსონალს განათავსებს შეერთებული შტატების საზღვართან, რათა ქვეყანაში ფენტანილის შეტანა შეწყდეს.