აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, პარასკევს, 14 თებერვალს, განაცხადა, რომ მას ევროპელი მოკავშირეების მიერ სიტყვის თავისუფლებასა და საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე დაწესებული შეზღუდვები აშფოთებს.
"ის საფრთხე, რომელიც ევროპის მიმართ ყველაზე მეტად მაწუხებს, არ არის რუსეთი, არ არის ჩინეთი და არც სხვა გარე ფაქტორი," – განაცხადა ვენსმა. "რაც მაწუხებს, არის შიდა საფრთხე – ევროპის უკან დახევა თავისი ყველაზე ფუნდამენტური ღირებულებებისგან, ღირებულებებისგან, რომლებიც საერთო აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან."
ვენსმა გააკრიტიკა რუმინეთი, NATO-ს მოკავშირე, პრეზიდენტის არჩევნების შედეგების გაუქმებისთვის, რაც, ხელისუფლების განცხადებით, რუსული დეზინფორმაციის გავლენით მოხდა. „თუ თქვენი დემოკრატია შეიძლება განადგურდეს უცხო ქვეყნის მიერ დახარჯული რამდენიმე ასეული ათასი დოლარის ციფრული რეკლამით, მაშინ ის თავიდანვე არ იყო ძალიან მტკიცე,“ – განაცხადა ვენსმა. „ჩემს ევროპელ მეგობრებს ვურჩევდი, მეტი პერსპექტივა ჰქონდეთ.“
ვენსმა ასევე მხარდაჭერა გამოხატა მემარჯვენე პარტიების მიმართ, რომლებსაც ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობა აეკრძალათ. „დემოკრატია ეყრდნობა წმინდათაწმინდა პრინციპს, რომ ხალხის ხმა მნიშვნელოვანია. ბარიერების ადგილი არ არსებობს,“ – განაცხადა მან.
ვენსმა აღნიშნა, რომ ყველა გამოწვევას შორის, რომელიც ევროპასა და აშშ-ის წინაშე დგას, „არაფერია უფრო გადაუდებელი, ვიდრე მიგრაცია.“
მისი თქმით, ეს არის „პოლიტიკოსების მიერ მთელ კონტინენტზე და მსოფლიოში სხვადასხვა ადგილას მიღებული შეგნებული გადაწყვეტილებების შედეგი.“
ვენსმა ხაზი გაუსვა ხუთშაბათს მიუნხენში მომხდარ თავდასხმას, სადაც ავღანელი მიგრანტი მანქანით ხალხს დაეჯახა. შედეგად, სულ მცირე 30 ადამიანი დაშავდა. ვენსმა მიუსამძიმრა მიუნხენში მომხდარი თავდასხმის მსხვერპლებს და მათ ოჯახებს, ისაუბრა იმიგრაციაზე, როგორც ერთ-ერთ წამყვან გამოწვევაზე ევროპისთვის.
ვენსის განცხადებები მოულოდნელი აღმოჩნდა კონფერენციის მონაწილეებისთვის – ლიდერებისა და მაღალი თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც ელოდნენ, რომ ვიცე-პრეზიდენტი უკრაინასა და რუსეთზე გაამახვილებდა ყურადღებას. ამ საკითხს ვენსი მხოლოდ მოკლედ შეეხო.
„ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან შეშფოთებულია ევროპის უსაფრთხოებით და მიიჩნევს, რომ შეგვიძლია მივაღწიოთ გონივრულ შეთანხმებას რუსეთსა და უკრაინას შორის,“ – განაცხადა ვენსმა. „ასევე გვჯერა, რომ მომავალ წლებში ევროპამ უნდა გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები საკუთარი თავდაცვის უზრუნველსაყოფად.“
ვენსმა გააკრიტიკა სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის რეგულაციები, რაც მისი აზრით, ცენზურამდე მიდის და სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს.
მან ევროპულ მთავრობებს მოუწოდა, მეტი მოთმინება გამოიჩინონ ოპოზიციური მოსაზრებების მიმართ.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს მსოფლიოს ლიდერებს, სამხედრო პირებსა და დიპლომატებს, პარასკევს, 14 თებერვალს, ბავარიის ქალაქში გაიხსნა.
კონფერენცია გაგრძელდება შაბათ-კვირას და იქ უკრაინაში მიმდინარე ომი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხია.