ამერიკისა და უკრაინის ოფიციალური პირები ერთმანეთს საუდის არაბეთში, ჯედაში ხვდებიან. სავარაუდოდ, ამ შეხვედრაზე უკრაინამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ნაწილობრივი გეგმა უნდა წარადგინოს.
უკრაინის გეგმა შორრადიუსიანი სარაკეტო დარტყმების შეწყვეტას და შავი ზღვის ტერიტორიაზე ზავის დადებას გულისმხობს.
11 მარტს დაწყებულ მოლაპარაკებაში მონაწილეობას არ იღებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. საუდის არაბეთში მყოფ უკრაინულ დელეგაციაში შედიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და სამხედრო მეთაური პავლო პალისა.
ერმაკმა ჟურნალისტებს შეხვედრის წინ უთხრა, რომ უკრაინა მზად არის „ყველაფერი გააკეთოს მშვიდობის მისაღწევად“.
შეკითხვაზე, ითხოვს თუ არა უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებს, ერმაკმა უპასუხა: „დიახ“. მისი თქმით, უკრაინას სჭირდება გარანტია, რომ რუსეთი აღარასდროს გაიმეორებს იმას, რაც 2022 წელს დაიწყო.
ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელები ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი არიან.
ორშაბათს, 10 მარტს, რუბიომ თქვა, რომ იმედი აქვს ამერიკა უკრაინისთვის შეჩერებული სამხედრო დახმარების საკითხს მოაგვარებს. მისი თქმით, ამერიკა მოსმენის რეჟიმშია და მისი მიზანია გაიგოს, რა დათმობებზეა უკრაინა წამსვლელი.
„უკრაინელები უკვე იღებენ ყველა თავდაცვითი დაზვერვის ინფორმაციას, ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ. ვფიქრობ, რომ დახმარების შეჩერების საკითხს მოვაგვარებთ. ცხადია, ვფიქრობ, რომ ის, რაც ხვალ მოხდება, ამის გასაღები იქნება“, - განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს სამხედრო თვითმფრინავში, ჯედაში დაშვებამდე.
„ჩვენ არ ვაპირებთ ოთახში ჯდომას და რუკაზე ნახაზების შემოხაზვას. გვინდა, უბრალოდ გავიგოთ, რა დათმობებია მათთვის [უკრაინელებისთვის] შესაძლო “, თქვა რუბიომ და დასძინა, რომ ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს და რომ რუსეთსაც და უკრაინასაც დასჭირდებათ რთული ნაბიჯების გადადგმა საბოლოო მშვიდობის დასამყარელად.