შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს უკრაინის დახმარების აღდგენის საკითხს, თუკი სამშვიდობო მოლაპარაკება შედგება და ნდობის აღდგენისთვის ნაბიჯები გადაიდგმება. განცხადება ამის თაობაზე 5 მარტს მაიკ უოლცმა გააკეთა, რომელიც თეთრი სახლის მრჩეველია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.
ტრამპმა უკრაინას დახმარება ორშაბათს, 3 მარტს შეუჩერა. თეთრი სახლის განმარტებით, ეს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების წახალისებისკენ მიმართული ნაბიჯი იყო.
მეორე დღეს, შეერთებული შტატების კონგრესის გაერთიანებული სხდომისა და ამერიკის ერისადმი გაკეთებულ მიმართვაში ტრამპმა აღნიშნა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტისგან დადებითი შინაარსის მქონე წერილი მიიღო. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებისა და მშვიდობის დამყარების სურვილს გამოხატავს.
პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა ხელი მოაწეროს შეერთებულ შტატებთან უკრაინული, იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას. ვაშინგტონის თქმით, ეს შეთანხმება გადამწყვეტია უკრაინის თავდაცვისთვის შეერთებული შტატების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.
უოლცმა ზელენსკის განცხადება "კარგ, დადებით პირველ ნაბიჯად" შეაფასა. თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თქვა, რომ მხარეთა ოფიციალური წარმომადგენლები განიხილავენ მოლაპარაკების თარიღსა და ადგილს, რაც უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას შეუწყობს ხელს.
„ჩვენ უკვე ვსაუბრობთ [უკრაინელებთან] ნდობის აღდგენის ზომებზე, შემდეგ კი მივმართავთ რუსებს და მათ მხარესთანაც დავაზუსტებთ“, - განაცხადა უოლცმა ტელეკომპანია "ფოქსთან" ინტერვიუში. თუმცა, მას არ დაუზუსტებია, ნდობის აღსადგენად, რა კონკრეტულ ნაბიჯებზეა მხარეებს შორის საუბარი.
უოლცის განმარტებით, მოლაპარაკებათა დაწინაურების შემთხვევაში, თუკი ისინი შეძლებენ და თუ მხარეებს შორის ნდობა აღდგება, ამის შემდეგ მათ პრეზიდენტი ტრამპი გადაამოწმებს და შესაძლოა უკრაინის დახმარების საკითხი გადაიხედოს.
თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი დარწმუნებული უნდა იყოს ჯერ დროებითი, შემდეგ კი მუდმივი მშვიდობის დამყარებისადმი ორივეს, როგორც რუსული, ისე უკრაინული მხარის გულწრფელ მიდგომაში.
Facebook Forum