არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰიანმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საამიროები უარყოფს „პალესტინელი ხალხის მათი მიწიდან გადაადგილების ნებისმიერ მცდელობას“. რუბიო ოთხშაბათს აბუ-დაბიში ვიზიტით იმყოფება.
საამიროების სახელმწიფო მედიის ცნობით, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ღაზის კონფლიქტის გაფართოების პრევენციის აუცილებლობას.
„მან ასევე ხაზი გაუსვა ღაზის აღდგენის დაკავშირებას სრულყოფილი და ხანგრძლივი მშვიდობის გზასთან, რომელიც ეფუძნება ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის პრინციპს, როგორც ერთადერთ გზას რეგიონის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად,“ – ნათქვამია განცხადებაში.
არაბმა ლიდერებმა უარყვეს ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული გეგმა, რომელიც პალესტინელების მიერ ღაზის დატოვებას და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში გადასახლებას, ასევე პალესტინის ანკლავის აღდგენას ამერიკისს კონტროლის ქვეშ გულისხმობს.
რუბიოს ვიზიტი მისი მრავალეროვნული ტურის ნაწილი იყო, რომელიც ასევე მოიცავდა შეხვედრებს ისრაელსა და საუდის არაბეთში, იმ ფონზე, როცა ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება.
მძევლების გათავისუფლება
"ჰამასის" ერთ-ერთმა ლიდერმა სამშაბათს განაცხადა, რომ დაჯგუფება შაბათს გაათავისუფლებს ექვს ცოცხალ ისრაელელ მძევალს, ხოლო ხუთშაბათს გადასცემს ისრაელს ოთხი გარდაცვლილი მძევლის ცხედარს.
"ჰამასის" ლიდერმა, ხალილ ალ-ჰაიამ ვიდეო განცხადება მოულოდნელად გააკეთა. ეს სავარადუოდ იყო პასუხი ისრაელის ნაბიჯზე, რომ ღაზაში მობილური საცხოვრებელი სახლები და სამშენებლო ტექნიკა დაუშვას.
ამ ექვსი მძევლის გათავისუფლება იქნება ბოლო ნაბიჯი ცეცხლის შეწყვეტის პირველ ეტაპზე, რომელიც მარტის დასაწყისში იწურება. "ჰამასს", სავარაუდოდ, კიდევ 70 მძევალი ჰყავს დატყვევებული, მათგან სავარაუდოდ მხოლოდ ნახევარია ცოცხალი.
ამ დროისთვის "ჰამასმა" ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში 24 მძევალი გაათავისუფლა, ხოლო ისრაელმა 1,000-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი გაუშვა მისი ციხეებიდან.
მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის მეორე ეტაპის მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა. ეს მოლაპარაკებები უფრო რთული იქნება, რადგან "ჰამასმა" განაცხადა, რომ დანარჩენ მძევლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაათავისუფლებს, თუ მოხდება ცეცხლის სრულმასშტაბიანი შეწყვეტა და ისრაელის ჯარები სრულად გავა ღაზიდან.
იმავდროულად, ისრაელს არ უარყვია თავისი მიზანი, რომელსაც მხარს უჭერს ვაშინგტონი- გაანადგუროს "ჰამასი".
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა სამშაბათს განაცხადა, რომ ისრაელი მზადაა მოლაპარაკებების მეორე ეტაპზე გადასასვლელად. ეს მოლაპარაკებები, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით, ორი კვირის წინ უნდა დაწყებულიყო.
ბიბასის ოჯახი
თავის განცხადებაში, ალ-ჰაიამ აღნიშნა, რომ „ბიბასის ოჯახი“ შედიოდა იმ ოთხ ცხედარს შორის, რომლებიც "ჰამასმა" უნდა გადასცეს ისრაელს. სავარაუდოდ, ის გულისხმობდა შირი ბიბასს და მის ორ მცირეწლოვან შვილს, არიელსა და კფირს.
ისრაელს მათი გარდაცვალება ჯერ არ დაუდასტურებია, ხოლო პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა მოუწოდა საზოგადოებას „არ გაავრცელოს ფოტოები, სახელები და ჭორები“.
ისრაელის ხელისუფლება სერიოზულად შეშფოთებულია ბიბასის ოჯახის ბედით, ხოლო "ჰამასი" აცხადებს, რომ ისინი ომის დასაწყისში ისრაელის საჰაერო თავდასხმაში დაიღუპნენ.
ბიბასის ოჯახის მამა, იარდენ ბიბასი, ცალკე იყო გატაცებული და ამ თვეში გაათავისუფლეს.
კფირი, რომელიც 9 თვის იყო გატაცებისას, ყველაზე პატარა მძევალია, რომელიც "ჰამასმა" 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმისას გაიტაცა, რასაც ისრაელსა და "ჰამასს" შორის 15-თვიანი ომი მოჰყვა.
„ბოლო საათებში, "ჰამასის" წარმომადგენლის განცხადებამ, რომ ხუთშაბათს დაგვიბრუნებენ ჩვენს შირის, არიელს და კფირს, კვლავ შეგვძრა,“ – განაცხადა ოჯახმა.
„სანამ ეს არ დადასტურდება, ჩვენი ბრძოლა არ დასრულდება,“ – აღნიშნა ოჯახმა.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შემდგომი მოლაპარაკებები
ისრაელის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუ დათანხმდა მობილური საცხოვრებლებისა და სამშენებლო ტექნიკის შეტანას ღაზაში, რათა დააჩქაროს მძევლების გათავისუფლება.
გასულ კვირას "ჰამასმა" განაცხადა, რომ მძევლების გათავისუფლებას შეაჩერებდა, თუ ისრაელი მობილური სახლების საკითხსა და შეთანხმების სხვა ნაწილებს არ შეასრულებდა.
ისრაელი, სავარაუდოდ, გააგრძელებს პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას, მათ შორის ბევრის, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი სასიკვდილო თავდასხმების გამო.
"ჰამასმა", რომელიც ამერიკის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული, 2023 წლის ოქტომბრის თავდასხმისას დაახლოებით 1,200 ადამიანი მოკლა და 250 მძევლად აიყვანა.
მძევლების ნახევარზე მეტი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და სხვა გარიგებების ფარგლებში გაათავისუფლეს, ხოლო რვა მძევალი ისრაელის არმიამ სამხედრო ოპერაციის დროს იხსნა.
ისრაელის საჰაერო და სახმელეთო ოპერაციებმა, "ჰამასის" კონტროლირებადი, ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 48,200-ზე მეტი პალესტინელი იმსხვერპლა, რომელთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.
თუმცა, ისრაელის სამხედრო ძალები ამტკიცებენ, რომ გარდაცვლილთა შორის 17,000 "ჰამასის" მებრძოლია.
ისრაელის შეტევამ ღაზის დიდი ნაწილი გაანადგურა და 2.3 მილიონი მოსახლიდან უმეტესობა იძულებით გადაადგილებულად აქცია.
ამ მასალიში გამოყენებულია Associated Press-ის, Agence France-Presse-ის და Reuters-ის ცნობები.