ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საუკუნის ძარცვა: რამდენი მილიონის გატაცება მოახერხა ილია გელაშვილმა?


ილია გელაშვილმა "საქართველოს ბანკიდან" 9 მილიონ ლარზე მეტი რუსეთში გაიტაცა, იგი ამ დრომდე ძებნაშია
ილია გელაშვილმა "საქართველოს ბანკიდან" 9 მილიონ ლარზე მეტი რუსეთში გაიტაცა, იგი ამ დრომდე ძებნაშია

38 წლის ილია გელაშვილი ის ადამიანია, რომელმაც საქართველოს ყველაზე დაცული ბანკიდან - 9 მილიონ ლარზე მეტი (დაახლოებით, 4 მილიონი აშშ დოლარი) გაიტაცა. ეს არის ყველაზე დიდი ძარცვა საქართველოს ისტორიაში, ბოლო 108 წლის განმავლობაში.

2014 წელს, „საქართველოს ბანკი“ ყველაზე დაცულ ბანკად საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა, გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგების ანალიზის შედეგად დაასახელა.

ილია გელაშვილი წლების განმავლობაში, „პრივატ ბანკის“ საინკასაციო სამსახურში მუშაობდა. 2014 წლის ბოლოდან კი როცა „პრივატ ბანკი“ „საქართველოს ბანკმა“ შეისრუტა, იგი გაერთიანებული საინკასაციო სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახდა.

ილია გელაშვილის მიერ "საქართველოს ბანკიდან" გატაცებული მილიონების ნაწილი, რომლის ამოღებაც შსს-მ შეძლო
ილია გელაშვილის მიერ "საქართველოს ბანკიდან" გატაცებული მილიონების ნაწილი, რომლის ამოღებაც შსს-მ შეძლო

გელაშვილზე ძალზე მწირი ინფორმაცია არსებობს. იგი ბორჯომში დაიბადა, საშუალო განათლება გორში მიიღო. მშობლების გარეშე გაიზარდა (წყაროს ცნობით, დედამ თავი მოიკლა) და მისი მეურვე ურბნისისა და რუისის ეპარქიის მმართველი, მეუფე იობი იყო.

თბილისში, ნაძალადევის უბანში ხელმოკლედ ცხოვრობდა. „საქართველოს ბანკში“ ბოლო დროს, სწორედ გელაშვილის უშუალო მეთვალყურების ქვეშ ხდებოდა საბანკო ინკასაციის პროცესი.

თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი, ნახევარზე მეტი ამოღებულია. პირი, რომელიც არის ძებნაში, მისი პიროვნება იდენტიფიცირებულია. იმედი მაქვს, რომ აუცილებლად მოხდება მისი დაკავებაც. მეტად მნიშვნელოვანია და პრინციპულია ჩვენთვის ამ საქმის ბოლომდე მიყვანა.“
მურთაზ კიკორია, "საქართველოს ბანკის" გენდირექტორი

24 ოქტომბერს, გელაშვილმა „საქართველოს ბანკის“ ინკასაციის მანქანა, რომელშიც, სხვადასხვა ვალუტაში, 9 მილიონზე მეტი იყო, თავისუფლების მოედნიდან წაიყვანა.

შემდეგ, სპეცმანქანა GPS-ის სისტემიდან გათიშა, პლეხანოვზე მიატოვა, ფული გაიტაცა და დაუდასტურებელი ინფორმაციით, ლარსის საბაჟოს გავლით, რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთში გადავიდა.

ნიშანდობლივია, რომ გელაშვილს საუკუნის ძარცვიდან 3 დღეში, 38 წელი შეუსრულდა და საკუთარ თავს ასეთი „საჩუქარი“ გაუკეთა.

მურთაზ კიკორიამ, "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, რომელიც ამ თანამდებობაზე სექტემბერში დაინიშნა, განაცხადა, რომ ბანკისთვის ილია გელაშვილის დაკავებას და გატაცებული თანხის სრულად დაბრუნებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ქურდობა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ. თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი, ნახევარზე მეტი ამოღებულია.

პირი, რომელიც არის ძებნაში, მისი პიროვნება იდენტიფიცირებულია. იმედი მაქვს, რომ აუცილებლად მოხდება მისი დაკავებაც. მეტად მნიშვნელოვანია და პრინციპულია ჩვენთვის, ამ საქმის ბოლომდე მიყვანა.“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ კვირაზე მეტი დასჭირდა, რომ ყველაზე გახმაურებული დანაშაული ნაწილობრივ გაეხსნა. „საქართველოს ბანკიდან“ ილია გელაშვილის მიერ გატაცებული მილიონების ნაწილს, პოლიციამ 10 ნოემბერს ღამით, თბილისში, კონიაკის დასახლებაში, დავით სარაჯიშვილის ქუჩაზე მიაგნო.

პოლიციის ინფორმაციით, გატაცებული ფულის ნაწილი ამოღებული იქნა გელაშვილის თანამზრახველების ბინიდან, ავტოფარეხიდან და სარდაფიდან.

„ამერიკის ხმამ“ გაარკვია, რომ ერთ-ერთი დაკავებული, ილია გელაშვილის ახლო მეგობარი, 49 წლის მალხაზ ბაკურაძეა, მეორე კი იქვე მცხოვრები, 37 წლის ქალბატონი. მათ ბრალი უკვე წარედგინათ. დაკავებულების ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

„საქართველოს ბანკის“ დირექტორი ამტკიცებს, რომ გუშინდელი სპეცოპერაციის შედეგად, ბანკმა გატაცებული თანხის ნახევარზე მეტი დაიბრუნა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ამჟამად ძებნაში მყოფი ილია გელაშვილი, „საქართველოს ბანკის“ საცავიდან 9 მილიონ 197 ათას 771 ლარს მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა.
მამუკა ჭელიძე, შსს

ზუსტად რა ოდენობის ფულის გადატანა შეძლო ილია გელაშვილმა ლარსის საბაჟოზე ან საერთოდ როგორ მოახერხა ამდენი თანხის სახელმწიფო საზღვარზე გადატანა, ჰყავდა თუ არა დამხმარეები? ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ არ საუბრობენ.

არაფიციალურად, ამბობენ რომ გელაშვილმა რუსეთში, სადაც ნათესავები ჰყავს, დაახლოებით 4,5 მილიონი ლარი გადაიტანა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ფულადი თანხის ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძე აღნიშნა, რომ ილია გელაშვილზე ძებნაა გამოცხადებული.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ამჟამად ძებნაში მყოფი ილია გელაშვილი, 24 ოქტომბერს თბილისში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე, „საქართველოს ბანკის“ საცავიდან 9 მილიონ 197 ათას 771 ლარს მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა. იგი იძებნება.“

თბილისში, 1907 წელს, სტალინისა და კამოს ორგანიზებით, "საუკუნის ძარცვაზე", გაზეთების "ისარის", "ნიუ იორკ თაიმსისა" და "კავკაზის" გამოხმაურება
თბილისში, 1907 წელს, სტალინისა და კამოს ორგანიზებით, "საუკუნის ძარცვაზე", გაზეთების "ისარის", "ნიუ იორკ თაიმსისა" და "კავკაზის" გამოხმაურება

ბოლოს, ასეთი დიდი მასშტაბის ძარცვა საქართველოში, 108 წლის უკან მოხდა. ნიშანდობლივია, რომ თითქმის, იმავე ადგილზე, საიდანაც ილია გელაშვილმა, 24 ოქტომბერს, 9 მილიონ ლარზე მეტი გაიტაცა.

ინგლისელი ისტორიკოსის საიმონ მონტეფიორეს მტკიცებით, რომელიც გამოძიების არქივს ეყრდნობა - თავდამსხმელებმა 341 000 რუბლი გაიტაცეს. თავდასხმა კობა ჯუღაშვილმა-სტალინმა დაგეგმა

1907 წლის 13 (26) ივნისს, ტფილისში, მაშინდელ ერევნის, ახლანდელ თავისუფლების მოედანზე, სოლოლაკის ქუჩაზე, ბოლშევიკების ბანდიტური ჯგუფი, თავს რუსეთის იმპერიის სახელმწიფო ბანკის, ტფილისის ფილიალის საინკასაციო ფაეტონს დაესხა, რომელსაც ფული ფოსტიდან გადმოქონდა.

მაშინდელი პრესის ცნობით, თავდასხმელებმა 250 000 რუბლი, ხოლო ინგლისელი ისტორიკოსის საიმონ მონტეფიორეს მტკიცებით, რომელიც გამოძიების არქივს ეყრდნობა - 341 000 რუბლი გაიტაცეს.

თავდასხმა პირადად დაგეგმა კობა ჯუღაშვილმა-სტალინმა, რომელსაც როგორც ბანკში (გიგო კასრაძე), ისე ფოსტაში (ვოზნესენსკი) საკუთარი ინფორმატორები ჰყავდა. ჯუღაშვილის გარდა, ტფილისის ძარცვას ორგანიზებას უწევდა ლენინი და რუს ბოლშევიკთა სხვა ლიდერები.

ტფილისის ცენტრში, თავდასხმაში უშუალოდ მონაწილეობდნენ: ცნობილი ბოლშევიკი და ტერორისტი, გორში დაბადებული სიმონ ტერ-პეტროსიანი იგივე კამო, მისი სიძე კოტე ცინცაძე, ბაჭუა კუპრიაშვილი და დათიკო ჭიაბრიშვილი. ასევე ქალბატონები: ფაცია გალდავა, ანეტა სულაქველიძე, ელისო ლომინაძე და ალექსანდრა დარახველიძე. ისინი კობა ჯუღაშვილის - სტალინის ბანდის ე.წ „დრუჟინის“ წევრები იყვნენ.

კობა ჯუღაშვილის - სტალინის ბარათი, ბაქოს გუბერნიის ჟანდარმენიის სამმართველოში, 1910 წელი
კობა ჯუღაშვილის - სტალინის ბარათი, ბაქოს გუბერნიის ჟანდარმენიის სამმართველოში, 1910 წელი

თავდამსხმელებმა თავიდან ტავერნა "ტილიპუჭურში" შეიკრიბნენ, რომელიც ერევნის მოედანზე მდებარეობდა. დილის 11 საათითვის, როგორც კი მოედანზე საინკასაციო და დაცვის ფაეტონები გამოჩნდა, მათ ოთხი ყუმბარა ესროლეს, ძარცვის დროს კი შაშხანებიც გამოიყენეს.

თავდასხმის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის საინკასაციო ფაეტონის დაცვის კაზაკები, გოროდავოი და გამვლელები. 50-ზე მეტი ადამიანი კი დაიჭრა. თავდასხმელების მიერ გატაცებული 341 000 რუბლი, ახლანდელი კურსით, 3,5 მილიონ აშშ დოლარზე მეტია.

სანამ, კამო ნაძარცვი ფულის დიდ ნაწილს, ტფილისიდან ფინეთში, ბოლშევიკების ლიდერს ლენინს ჩაუტანდა, საქართველოში ფულს კობა ჯუღაშვილის მეგობრები მიხა და მარო ბოჭორიძეები ინახავდნენ.

ტფილისის "საუკუნის ძარცვის" გამოძიება პრაქტიკულად ჩიხში იყო შესული, რომ არა ლენინის და კამოს საბედისწერო შეცდომა

საარქივო ჩანაწერების მიხედვით, მათ ნაძარცვი თანხა ჯერ საკუთარ სახლში მატრასში ჰქონდათ ჩაკერილი. შემდეგ, უსაფთხოების მიზნით, მატრასი ტფილისის მეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორის კაბინეტში გადაიტანეს და დივანზე დადეს. ჯუღაშვილი ამ დროს ობსერვატორიაში მუშაობდა.

"საუკუნის ძარცვის" გამოძიება პრაქტიკულად ჩიხში იყო შესული, რომ არა ლენინის და კამოს საბედისწერო შეცდომა.

1908 წელს, ფულის ნაწილი კამომ ლენინს ჰელსინკში ჩაუტანა, შემდეგ კი ლენინისვე დავალებით ევროპის ქვეყნებში დაიწყო მოგზაურობა და ბერლინში ექიმ იაკობ ჟიტომირსკის შეხვდა. როგორც შემდეგ გაირკვა, ჟიტომირსკი რუსეთის სახელმწიფოს საიდუმლო აგენტი იყო, რომელმაც გასცა კამო და იგი ბერლინში დააპატიმრეს.

კამოს დაპატიმრებას, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმე გავლენიანი ბოლშევიკის დაკავებაც მოჰყვა, მათ შორის, საბჭოთა კავშირის მომავალი საგარეო საქმეთა მინისტრის (სახალხო კომისარის) მაქსიმ ლიტვინოვის. დაკავებულები ევროპულ ბანკებში, ტფილისიდან გატაცებულ - 500 რუბლის ბანკოტების გადაცვლას ცდილობდნენ.

საბჭოთა საქართველოში, კომუნისტური პროპაგანდა - კამოს იგივე სიმონ არშაკის ძე ტერ-პეტროსიანის შესახებ
საბჭოთა საქართველოში, კომუნისტური პროპაგანდა - კამოს იგივე სიმონ არშაკის ძე ტერ-პეტროსიანის შესახებ

1909 წელს, გერმანიამ კამო რუსეთს გადასცა. სასამართლოს დროს, ლენინის და სტალინის ბრძანებით, ბრალდებული შეშლილს თამაშობდა, რის გამოც სხდომები სამი წელი გაგრძელდა. საბოლოოდ კამო ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც გაიქცა.

1913 წელს, კამო კიდევ ერთ შეიარაღებულ ყაჩაღობას გეგმავდა, რა დროსაც ისევ შეიპყრეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ეს განაჩენი მოგვიანებით, სამუდამო პატიმრობით შეიცვალა. ციხიდან, 1907 წლის, ტფილისის ძარცვის ერთ-ერთი "გმირი", მხოლოდ, 1917 წლის თებერვლის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ გათავისუფლდა.

კამო აქტიურად იბრძოდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის წინააღმდეგ, ამის გამო 1920 წელს, შსს მინისტრის ნოე რამიშვილის ბრძანებით დააპატიმრეს და თბილისიდან გაასახლეს

1918 წლიდან, კამო აქტიურად იბრძოდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის წინააღმდეგ, ამის გამო 1920 წელს, შსს მინისტრის ნოე რამიშვილის ბრძანებით დააპატიმრეს და თბილისიდან გაასახლეს.

კამო მოსკოვში გაიქცა და რუსეთის სამხედრო აკადემიაში ჩაირიცხა. 1921 წლის თებერვალში კი საბჭოთა რუსეთის ჯართან ერთად, დამოუკიდებელი საქართველოს ანექსიაში მონაწილეობდა.

1922 წლის ივლისში, უკვე გასაბჭოებულ თბილისში, ვერის აღმართზე ველოსიპედით სეირობის დროს, კამო სატვირთო მანქანამ მოკლა.

ბოლშევიკ-ტერორისტი ქალაქის ცენტრში, პუშკინის სკვერში დაკრძალეს, იქვე დაუდგეს ძეგლი, რომელიც მალევე სტალინის ბრძანებით აიღეს.

1991 წელს, საქართველოში ეროვნული ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ, პატრიოტებმა კამოს საფლავი ააფეთქეს. ერთ-ერთი ვერსიით, ნათესავებმა მოასწრეს და ნეშტის გადარჩენილი ნაწილი, ვაკის სასაფლაოზე, კამოს დის საფლავში გადამარხეს. მეორე ვერსიით, ტერორისტი და დამოუკიდებელი საქართველოს მტერი კამო, კვლავ იქ მარხია, სადაც ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ძარცვა მოაწყო.


XS
SM
MD
LG