არაბული ლიგის გენერალურმა მდივანმა აჰმედ აბულ გეითმა ღაზის სექტორიდან პალესტინელი არაბების გადასახლების ნებისმიერი გეგმა უარყო და ამბობს, რომ ასეთი გადასახლება „მიუღებელია".
აბულ გეითმა მსოფლიოს მთავრობების სამიტს უთხრა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინადადებას, დაახლოებით 2 მილიონი პალესტინელი არაბი ომით გაჩანაგებული ღაზიდან გაიყვანონ, შეეძლება რეგიონი კრიზისის ციკლში შეიყვანოს, რასაც „მშვიდობაზე და სტაბილურობაზე დამაზიანებელი გავლენა“ ექნება.
იორდანიის მეფე აბდულა II-მ სამშაბათს ტრამპთან საუბრის შემდეგ, თავისი ქვეყნის „მტკიცე პოზიცია ღაზაში და დასავლეთ ნაპირზე პალესტინელების გადაადგილების წინააღმდეგ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„პალესტინელების გაყვანის გარეშე ღაზის აღდგენა და მძიმე ჰუმანიტარული ვითარების გამოსწორება, ყველასთვის პრიორიტეტი უნდა იყოს“, განაცხადა X-ზე აბდულამ.
ტრამპმა ისაუბრა გეგმაზე, რომლის მიხედვითაც ღაზას შეერთებული შტატები გადაიბარებდა და პალესტინელ არაბებს დაბრუნების უფლება არ ექნებოდათ. რეგიონის სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ეგვიპტემ და საუდის არაბეთმა ეს იდეა უარყვეს.
ოთხშაბათისთვის, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა იმ დებატის პირობებში, რომელიც ღაზიდან შაბათისთვის დაგეგმილ მძევლის გათავისუფლებას ეხებოდა.
ისრაელის პრემიერმა ნეთანიაჰუმ თქვა, რომ თუ შაბათისთვის დამატებით მძევლებს არ გათავისუფლებდნენ, ისრაელის სამხედროები „ინტენსიურ ბრძოლას დაუბრუნდებიან, სანამ „ჰამასი“ საბოლოოდ არ დამარცხდება“.
უფრო ადრე, ტრამპმა თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაუქმდება, თუ შაბათისთვის ყველა მძევალს არ გაათავისუფლებდნენ.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დღიდან, „ჰამასმა“ 21 მძევალი, ისრაელმა კი 730-ზე მეტი პატიმარი გაათავისუფლა. შაბათისთვის დაგეგმილი შემდეგი გაცვლა, 3 ისრაელელი მძევლის სანაცვლოდ, ისრაელის ციხეებში მყოფი ასობით პალესტინელი არაბი პატიმრის გათავისუფლებას გულისხმობს.