ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა არმიას ღაზიდან პალესტინელთა მასობრივი გასვლისთვის მომზადება დაავალა


პალესტინელები ქალაქ ღაზაში. 6 თებერვალი, 2025 წ.
პალესტინელები ქალაქ ღაზაში. 6 თებერვალი, 2025 წ.

6 თებერვალს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ არმიას დაავალა გეგმის მომზადება, რათა დიდი რაოდენობით პალესტინელმა ღაზის სექტორი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო მარშრუტებით დატოვოს. მინისტრი მიესალმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „გაბედულ გეგმას“ ღაზის მოსახლეობის მიერ ტერიტორიის დატოვების შესახებ.

პალესტინელმა ოფიციალურმა პირებმა უარყვეს ტრამპის წინადადება, რომელიც მან 4 თებერვალს, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ტრამპის განცხადებით, შეერთებულ შტატებს შეუძლია გადაიბაროს ღაზის სექტორის მართვა, აიძულოს დაახლოებით 2 მილიონი პალესტინელი გადავიდეს სხვა ქვეყნებში და შემდეგ, ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე მდებარე სექტორის ტერიტორია "ახლო აღმოსავლეთის რივიერად" აქციოს.

მოგვიანებით, 5 თებერვალს ნეთანიაჰუმ "ფოქს ნიუსთან" თქვა, რომ პალესტინელებს სექტორის აღმშენებლობის პერიოდში შეეძლებათ ღაზის დატოვება და შემდეგ იქ დაბრუნება. "ეს შესანიშნავი იდეაა და ვფიქრობ, მისი გაყოლა, შესწავლა და შესრულება დანამდვილებით შეიძლება, რადგან ჩემი აზრით, ის ყველასთვის განსხვავებულ მომავალს შექმნის, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მსგავსი განცხადება გააკეთა 5 თებერვალს თეთრმა სახლმაც. "პრეზიდენტმა ნათლად თქვა, რომ ისინი დროებით უნდა გადაიყვანონ ღაზიდან“, - თქვა კეროლინ ლევიტმა, თეთრი სახლის პრესმდივანმა ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ეს იმიტომ უნდა მოხდეს, რომ "ეს არის ნგრევის ადგილი".

პრეზიდენტ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით, პალესტინელთა ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ მსგავსი რამ "საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევა" იქნებოდა. კრიტიკა გაისმა ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდანაც, რომელიც ამბობს, რომ ღაზის სექტორი ისე უნდა აღდგეს, რომ იქიდან "პალესტინელთა გაყვანა საჭირო არ იყოს". საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ არ დაამყარებს ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობას, ვიდრე პალესტინელთა სახელმწიფო არ შეიქმნება და რომ მის ამ პოზიციაზე მოლაპარაკება შესაძლებელია. განცხადება გააკრიტიკეს გაეროს წარმომადგენლებმაც. ცალკეული ქვეყნები, მათ შორის ჩინეთი, ავსტრალია, თურქეთი და საფრანგეთი აცხადებენ, რომ კვლავ ორი სახელმწიფოს თანაცხოვრების იდეას ემხრობიან.

გაეროს მონაცემებით, ღაზის სექტორში ახლა დაახლოებით 2.1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. კონფლიქტი იქ 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც ამერიკის მიერ ტერორისტულ ჯგუფად მიჩნეული „ჰამასი“ ღაზიდან ისრაელში შეიჭრა, 1200 ადამიანი მოკლა და 250 მძევალი, მეტწილად ქალები და ბავშვები გაიტაცა. ისრაელის მიერ „ჰამასის“ წინააღმდეგ ღაზაში დაწყებულმა საპასუხო ომმა, პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების თანახმად, რომელსაც "ჰამასი" აკონტროლებს, 47 ათასზე მეტი პალესტინელი შეიწირა. ღაზის სექტორში არ აკონკრეტებენ, რამდენია აქედან მშვიდობიანი მოსახლეობა და რამდენი - "ჰამასის" მეომრები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG