აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მომავალ კვირას კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე 25%-იან ტარიფს დააწესებს, როგორც ეს თავდაპირველად იყო დაგეგმილი. მისი თქმით, ეს ორი მეზობელი ქვეყანა კვლავ არ აკეთებს საკმარისს იმისთვის, რომ შეაჩეროს ნარკოტიკების ნაკადი შეერთებულ შტატებში.
გარდა ამისა, ტრამპმა Truth Social-ის პლატფორმაზე დაწერა, რომ ჩინეთს დამატებით 10%-იან ტარიფს უწესებს მომავალი სამშაბათიდან, რაც დაემატება ამ თვეში დაწესებულ 10%-იან ტარიფს. ჩინეთმა სწრაფად უპასუხა ამ ზომას და თავის მხრივ, აშშ-ის ექსპორტზე სანქციები დააწესა.
„ნარკოტიკები კვლავ ძალიან მაღალი და მიუღებელი რაოდენობით შემოდის ჩვენს ქვეყანაში მექსიკიდან და კანადიდან,“ – განაცხადა ტრამპმა. „მათი დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ფენტანილი, ჩინეთში იწარმოება და იქიდან მოდის”.
ტრამპმა კანადისა და მექსიკის წინააღმდეგ ტარიფების დაწესება ჯერ კიდევ ამ თვეში გამოაცხადა, თუმცა გადაწყვეტილების შესრულება 4 მარტამდე გადადო, მას შემდეგ რაც მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შაინბაუმმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ საზღვარზე 10,000 ჯარისკაცს გააგზავნიდა ნარკოტრაფიკის შეჩერებაში აშშ-ის დასახმარებლად.
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ კი თქვა, რომ „ფენტანილის საკითხზე პასუხისმგებელ პირად“ დანიშნავდა სპეციალურ წარმომადგენელს.
შაინბაუმმა, რომლის ეკონომიკა დიდადაა დამოკიდებული სავაჭრო ურთიერთობებზე და რომლის ექსპორტის 80% სწორედ აშშ-ში იგზავნება, ამ კვირაში განაცხადა: "ვიმედოვნებთ, რომ აშშ-სთან შეთანხმებას მივაღწევთ." თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ თუ შეთანხმება ვერ შედგება, მექსიკა საპასუხო ტარიფებს დააწესებს ამერიკულ პროდუქციაზე.
ტრამპის მიერ კანადის იმპორტზე მძიმე ტარიფების გამოცხადების შემდეგ, ტრუდომ ამ გადაწყვეტილებას "სრულიად გაუმართლებელი" უწოდა და პირობა დადო, რომ 12 მარტიდან 25%-იან გადასახადს დააწესებს აშშ-ის ფოლადისა და ალუმინის ექსპორტზე. კანადა არის ამ ორი მეტალის უმსხვილესი ექსპორტიორი აშშ-ში.
ეკონომისტების თქმით, ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები გააძვირებს საცალო ფასებს მომხმარებლებისთვის და გაზრდის მასალების ღირებულებას ბიზნესისთვის. მექსიკა, კანადა და ჩინეთი აშშ-ის სამი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. თუმცა, ჯამურად, 27-ქვეყნისგან შემდგარი ევროკავშირი ყველა მათგანზე დიდი სავაჭრო პარტნიორია.
ტრამპმა, ოთხშაბათს, კაბინეტის პირველ სხდომაზე განაცხადა, რომ "ძალიან მალე" ევროკავშირის ექსპორტზე 25%-იან ტარიფს დააწესებს.
ტრამპის მხრიდან ახალი ტარიფების მუქარაზე ევროკავშირმა მყისიერი და მკაცრი პასუხი გასცა და განაცხადა, რომ "გაუმართლებელი" სავაჭრო ბარიერების დაწესების შემთხვევაში, საპასუხო სანქციებს დაუწესებს აშშ-ს.
ტრამპმა Truth Social-ზე ასევე დაწერა, რომ ქვეყნებისთვის, რომლებიც აშშ-ის ექსპორტზე გადასახადებს აწესებენ, საპასუხო ტარიფები 2 აპრილიდან ამოქმედდება.
გარდა ამისა, ტრამპმა მიანიშნა, რომ შესაძლოა ტარიფები დააწესოს ავტომობილების იმპორტზე, ხის მასალაზე, ფარმაცევტულ პროდუქტებსა და სხვა საქონელზე.
ბევრი ეკონომისტი აცხადებს, რომ ტარიფები გაზრდის ფასებს და შესაძლოა აშშ-ში ინფლაციის ზრდას შეუწყოს ხელი.
ტრამპმა აღიარა, რომ შესაძლოა მოკლევადიან პერსპექტივაში ამერიკელებმა გარკვეული ეკონომიკური ზარალი განიცადონ, მაგრამ ამტკიცებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ნაბიჯი სასარგებლო იქნება აშშ-ის ეკონომიკისთვის, რომელიც მსოფლიოში უდიდესია.
ტრამპის თქმით, მის მიერ დაწესებული ტარიფები უცხოურ კომპანიებს წაახალისებს, რომ თავიანთი წარმოება აშშ-ში გადმოიტანონ, რათა თავიდან აიცილონ გადასახადები, რომლებიც მათი პროდუქციის აშშ-ში ექსპორტისას დაწესდება.
თუმცა, ამ ეტაპზე ტრამპის მთავარი ფოკუსი აშშ-ში ნარკოტიკების ნაკადის შეჩერებაა.