ბოლო 4 წელზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში, გერმანია კანცლერს მეორედ შეიცვლის. კვირას ჩატარებულ არჩევნებში მემარჯვე-ცენტრისტული ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა გაიმარჯვა და მოქმედი კანცლერი, ოლაფ შოლცი და მისი პარტია დაამარცხა.
ნოემბერში, შოლცის სამპარტიანი კოალიციური მთავრობის ჩამოშლის შემდეგ, ახლა სწორედ მერცზე იქნება ყურადღება მიპყრობილი და მისგან მოელიან, რომ ევროკავშირის ყველაზე ხალხმრავალ ქვეყანასა და ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე გერმანიაში, სტაბილურობა აღადგინოს.
მერცს ახლა მთავრობის დაკომპლექტების მხოლოდ ერთი რეალური ვარიანტი აქვს და ეს კოალიციის შექმნაა სწორედ შოლცის სოციალ-დემოკრატებთან. მის მოკავშირეთა ბლოკს და მემარცხენე-ცენტრისტულ კონკურენტს 630-ადგილიან პარლამენტში ერთად 328 მანდატი აქვთ.
ის იმედოვნებს, რომ აღდგომამდე, შესაძლო პოლიტიკური მოკავშირეებთან, გარიგებას მიაღწევს. თუმცა, ეს ძალიან მცირე დროა, რადგან: შესაძლო პარტნიორებს მოუწევთ შეთანხმდნენ ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის საჭირო შეთავაზებებზე, თუმცა მათი გეგმები უკიდურესად განსხვავებულია; მნიშვნელოვანი საკითხი იქნება მიგრაციის შეზღუდვის თემაც - საკითხი, რომელიც მერცის კამპანიის დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა იყო. მერცისა და შოლცის პარტიებს შორის გარიგებას, სავარაუდოდ, დიპლომატია და კომპრომისზე წასვლის მზადყოფნა დასჭირდება.
სოციალ-დემოკრატებს ომისშემდგომ ათწლეულებში ახლა ყველაზე ცუდი შედეგი ჰქონდათ. მათ ხმების მხოლოდ 16,4% მიიღეს. პარტიის მონაცემებით, მეორე ყველაზე ცუდი შედეგი გამარჯვებულმა ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა აჩვენა. მათ ხმების 28.5% მიიღეს. ეს კი გერმანიის ისტორიაში მხოლოდ მეორე შემთხვევაა, როდესაც გამარჯვებულმა პარტიამ 30%-ზე ნაკლები მიიღო. პირველად ასეთი რამ 2021 წელს დაფიქსირდა.
ამ არჩევნებში ასევე გამოიკვეთა ულტრა-მემარჯვენე პარტიის - "ალტერნატივა გემრანიისთვის" პოპულარობის ზრდა. მათ ქვეყნის აღმოსავლეთში დიდი უპირატესობა მოიპოვეს.
გერმანია რუსეთ-უკრაინის ომში, პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი ქვეყნის მტკიცე მხარდამჭერი იყო. შესაბამისად, ახალი კანცლერის მოსვლასთან ერთად, გაჩნდა შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, კვლავ დაეხმარება თუ არა გერმანია უკრაინას.
არსებობს მოლოდინი, რომ გერმანიის პოლიტიკა უკრაინისადმი მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, რადგან მერცი უკრაინის მხარდამჭერია. "X"-ზე მან დაწერა:
"ახლა, ყველაზე მეტად, ვიდრე ოდესმე, უკრაინა ძლიერ პოზიციაში უნდა ჩავაყენოთ. ქვეყანა, რომელიც შეტევის სამიზნეა, სამართალიანი მშვიდობისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებების მონაწილე უნდა იყოს".
გერმანია, შოლცის მმართველობის დროს, უკრაინისთვის იარაღის უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა, შეერთებული შტატების შემდეგ. მერცი აკრიტიკებდა შოლცის მთავრობას იმის გამო, რომ ისინი საკმარისს არ აკეთებდნენ უკრაინის დასახმარებლად. მერცი ასევე მომხრე იყო, რომ გერმანიას "თაურუსის" რაკეტები გადაეცა უკრაინისთის, თუმცა შოლცი ამას ეწინააღმდეგებოდა.