ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამიტზე აისაფის მისიის დამთავრების გეგმაზე ისაუბრეს


ნატოს ლიდერებმა და ალიანსის წევრი ყველა ქვეყნის საპატიო სამხედრო ყარაულმა ავღანეთში დაღუპულ და დაჭრილ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან გამოსვლასთან დაკავშირებით ნაჩქარევი ნაბიჯები გადადგმული არ იქნება.

„ჩვენ ავღანელ ხალხთან გრძელვადიანი თანამშრომლობის პირობა დავდეთ. ეს თანამშრომლობა 2014 წლის მიღმაც გაგრძელდება და ავღანეთი აღარასოდეს იქნება ტერორისტების თავშესაფარი, რომლებიც ჩვენ დაგვესხმებიან თავს. ავღანელ ხალხს კი უკეთესი მომავლის და სტაბილური რეგიონის აშენების შესაძლებლობა მიეცემა.“

საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალები ავღანეთში - იგივე აისაფი - ავღანეთის ჯარს წვრთნის და ოქტომბრისთვის სავარაუდოდ 352 ათას ჯარისკაცს მოამზადებს.

ნატოს და ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის მოსახლეობის 75 პროცენტი იმ ტერიტორიაზე ცხოვრობს, სადაც ავღანეთის არმიას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში წამყვანი როლი აკისრია.

პრეზიდენტმა ობამამ ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ აისაფის მისია 2014 წლის 31 დეკემბერს საბრძოლო ოპერაციებს დაამთავრებს, თუმცა გაგრძელდება ავღანეთისთვის სტრტეგიული და ფინანსური დახმარების აღმოჩენა და ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ხელშეწყობა.

ავღანეთის მთავრობასთან დადებული სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმების თანახმად, შეერთებული შტატები 2024 წლამდე დარჩება ავღანეთში.

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ მისი მიზანია ავღანეთმა განვითარების ისეთ დონეს მიაღწიოს, რომ ქვეყანა საერთაშორისო საზოგადოებისთვის მძიმე ტვირთს აღარ წარმოადგენდეს:

ჩვენ პარტნიორობას გავარგძელებთ იმაში დასარწმუნებლად, რომ 2024 წლამდე მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და ამ პროცესში გვექნება ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა.“

პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ გამოწვევები ჯერ ისევ ძალიან ბევრია და კიდევ მრავალი ადამიანი დაიღუპება საბრძოლო ოპერაციებში. თუმცა ნატოს წევრი ქვეყნები ერთი მიზნით არიან გაერთიანებული.

აისაფის მისიის მეთაური ამერიკის საზღვაო ქვეითების გენერალი ჯონ ალენი აცხადებს, რომ არავის უნდა ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ თალიბანთან ბრძოლა მალე დამთავრდება. ამას კი ამერიკის მხრიდან აქტიური დახმარება დასჭირდება.

„ჩვენი ხედვით ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალები წამყვან როლს 2013 წელს გადაიბარებენ. ისინი კონტრ-მეამბოხური საქმიანობით დაკავდებიან. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკელები ავღანეთში საბრძოლო ოპერაციებს შეწყვეტენ.“

ამერიკა და ნატო თანხმდებიან იმაზე, რომ აისაფის მისიის მიზანი არ არის ბოლომდე უსაფრთხო და განვითარებული ავღანეთის დატოვება. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ საკუთარი თავის დაცვა შეძლოს. ამისთვის, კი საერთშორისო თანამეგობრობის გრძელვადიანი დახმარება აუცილებელი იქნება.

XS
SM
MD
LG