ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„თანამშრომლობის განახლებული კულტურა“


ჩიკაგოში გამართულ სამიტზე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერები შეთანხმდნენ ნაბიჯებზე, რომელიც უზრუნველყოფს ალიანსის ქმედუნარიანობას სამომავლო საფრთხეების დასაძლევად. სამიტის შედეგების დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დენ რობინსონი არკვევდა.

ჩიკაგოში შეკრებილი ლიდერების მიზანი ნატოს ოპერაციების სრულყოფა და ეფექტურობა იყო. სამიტის დასკვნით დეკლარაციაში ნათლად წერია ნატოს სასარდლო სტრუქტურის დახვეწის შესახებ, რაც მოიცავს ნატოს წევრი ქვეყნების ბიუჯეტების უფრო ეფექტურად გამოყენებას. ალიანსი აცხადებს, რომ “უსაფრთხოების კომპლექსური გამოწვევები და ფინანსური სიძნელეები“ მნიშვნელოვანს ხდის რესურსების გონივრულ განაწილებას, რათა განხორციელდეს ალიანსის ძირითადი პრინციპები კოლექტიური უსაფრთხოების ჩათვლით.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა სამიტზე ორგანიზაციის პრინციპების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ერთად დგომით ჩვენ შევინარჩუნებთ ნატოს შესაძლებლობას გაუმკლავდეს ხვალინდელ გამოწვევებს, რადგან ამ სირთულეებს ცალკე ვერცერთი ქვეყანა და კონტინენტი ვერ დაძლევს. ჩვენ უნდა შევქმნათ თანამშრომლობის განახლებული კულტურა, რათა დავამკვიდროთ უფრო ძლიერი უსაფრთხოება ჩვენი მოქალაქეების ნაკლები დანახარჯებით,“ - განაცხადა რასმუსენმა.

პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დრო შეიცვალა, კვლავ უცვლელია ნატოს არსებობის ფუნდამენტური მიზეზი, რაც „საერთო უსაფრთხოებას, თავისუფლებას და კეთილდღეობას“ გულისხმობს.

„ალიანსმა გაძლო ცუდ დროშიც და კარგ დროშიც. ფაქტია, რომ ის უფრო მეტად განვითარდა, რადგან ჩვენ ვინაწილებთ ჩვენი მოქალაქეების თავისუფლების და უსაფრთხოების საერთო ვალდებულებას. ჩვენ ეს ვნახეთ ცივი ომის დროს, ბალკანეთში, ავღანეთსა და ლიბიაში,“ - განაცხადა ბარაკ ობამამ.

ალიანსი ასევე მონაწილეობს კოსოვოს ოპერაციაში, ინდოეთის ოკეანეში მეკობრეების წინააღმდეგ ოპერაციებში, ასევე ლოჯისტიკით ეხმარება სომალიში აფრიკის კავშირს და ასრულებს ნატოს ტრენინგის მისიას ერაყში.

ალიანსის განვითარების მნიშვნელოვანი შედეგები ასევე მოიცავს ბირთვული, კონვენციური და სარაკეტო თავდაცვითი შესაძლებლობების ერთობლივად მართვას და ასევე ალიანსის სახმელეთო მეთვალყურეობის სისტემას. კერძოდ, ეს არის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება სადაზვერვო ინფორმაციის მისაღებად.

ალიანსმა გამოაცხადა ბალისტიკური თავდაცვითი სისტემების „შუალედური შესაძლებლობის“ ფაზა, რაც მოიცავს ამერიკული სისტემების დაყენებას ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე პოტენციური საფრთხის აღსაკვეთად. ალიანსის ლიდერები ამ საკითხზე რუსეთთან არსებული უთანხმოების დაძლევას ცდილობენ.

ნატომ ასევე ყურადღება გაამახვილა პარტნიორ ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებაზე და ალიანსში მათი გაწევრიანების მიზნით დახმარების გაწევაზე. ამ ქვეყნების რიცხვში არიან ბოსნია-ჰერცეგოვინა, მაკედონია, ჩერნოგორია და საქართველო.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატოს „ღია კარის პოლიტიკა“ და განაცხადა, რომ ალიანსი მოუთმენლად ელის იმ დროს, როცა ეს ქვეყნები განახორციელებენ საჭირო რეფორმებს ნატოში გაწევრიანებისთვის.

სირიის საკითხზე ნატოს ლიდერები მხარს უჭერენ გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს და პროცესს. ასევე ალიანსი მოუწოდებს ირანს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ნდობის შექმნის შესახებ მისი ბირთვული პროგრამის თაობაზე. ასევე ალიანსი მხარს უჭერს ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესს „ხუთს+ერთი“ ფორმატში, რაც გულისხმობს გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს და გერმანიას.

რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეის პრობლემას, ალიანსი ფხენიანს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ და ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.

XS
SM
MD
LG