ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კობახიძე „ჩარევას“ უწოდებს ელჩების ამაღლობელის სასამართლოზე დასწრებას


ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „უხეშ ჩარევას“ უწოდებს გამოცემების, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ სასამართლო სხდომებზე ევროპელი ელჩების დასწრებას. კობახიძემდე მსგავსი განცხადება გააკეთა შალვა პაპუაშვილმაც.

„ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში“, - განაცხადა 7 მარტს, თურქმენეთში ვიზიტად მყოფმა კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას და დასძინა: „ეს არის დღესავით ნათელი“.

კობახიძემ „ყველას“ მოუწოდა, „დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, მისი პრინციპები“. საქართველოს მთავრობის მეთაური მოუწოდებს, „ასევე, დაიცვან კონვენციები, რომლითაც არიან შებოჭილი უცხოელი ელჩები, რომლებიც მუშაობენ საქართველოში. დღემდე სამწუხაროდ, ეს პრინციპები და კონსტიტუციური ნორმები დაცული არ არის, იმედია, მომავალში ეს ყველაფერი გამოსწორდება“, - განაცხადა მან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 და 6 მარტს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესებს, რასაც დასავლეთში ძირითადად პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ, არაერთი დიპლომატი დაესწრო, მათ შორის - საფრანგეთისა და ლიეტუვის ელჩები.

4 მარტს სხდომას ესწრებოდნენ შემდეგ ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები: საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ესტონეთი, შვედეთი, დანია და ჩეხეთი. 6 მარტს კი სხდომას ესწრებოდნენ: ლიეტუვა, ბრიტანეთი და ნორვეგია.

კობახიძემ უზბეკეთში ვიზიტისას, 4 მარტს „ღია და უხეში ჩარევა“ უწოდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდებას, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ.

7 მარტს ამაღლობელის შესახებ განცხადება გაავრცელა ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც „არ იქნება პრესის თავისუფლება, არ იქნება დემოკრატია“, - განაცხადა ბელგიის საგარეო უწყებამ.

ბრიუსელის განცხადება ასევე ამბობს: „ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებები ძალიან შემაშფოთებელია და არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ და საერთაშორისო ვალდებულებებს“. ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს „საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას“.

4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვისას მოსამართლემ დაცვის მხარის თითქმის ყველა მტკიცებულება დაუშვებლად ცნო და ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, რომელიც კვლავ პატიმრობაში დატოვა, ადვოკატების შეფასებით, დაცვის უფლება ჩამოართვა.

4 მარტვსე გამოიკვეთა, რომ ბრალდების მხარე მუშაობს იმ ვერსიაზეც, თითქოს ჟურნალისტი და მედიამენეჯერი 11 იანვარს „პოლიციელზე თავდასხმას” გეგმავდა „სხვებთან კომუნიკაციით” და ამ მოტივით მზია ამაღლობელის ტელეფონზე წვდომა მოითხოვა.

ჟურნალისტის ადვოკატი, ჯუმბერ ქათამაძე ამბობს, რომ გამოძიება ამ ვერსიის წამოყენებით საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, რადგან საბრალდებო ჩანაწერში აღნიშნულია, რომ მზიამ პოლიციელს დაარტყა არა წინასწარ დაგეგმილად, არამედ შურისძიების გამო. იმ დღეს მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს, პირველად - პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო, როცა ღობეზე საპროტესტო სტიკერს აკრავდა. ჟურნალისტს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქართველოს სასამართლოების პრაქტიკაში არსებობს არაერთი შემთხვევა, სადაც პოლიციელებისადმი უფრო უხეში მოპყრობა არ ჩათვლილა „პოლიციელზე თავდასხმად“, ან ასეთ საქმეებზე ბრალდებულისთვის არ შეუფარდებიათ წინასწარი პატიმრობა.

3 მარტს ლიეტუვამ და ესტონეთმა სანქციები - სავიზო შეზღუდვები - დაუწესეს მზია ამაღლობელის საქმის ფიგურანტებს - მოსამართლეებს, პროკურორებსა და პოლიციელებს.

მზია ამაღლობელმა დაკავების მომენტიდან შიმშილობა დაიწყო. შიმშილობის 24-ე დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის რუსთავის მე-5, ქალთა პენიტენციური დაწესებულებიდან „ვივამედში“ გადაიყვანეს.

ის „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში 38-დღიანი შიმშილობის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, 27 თებერვალს დააბრუნეს.

XS
SM
MD
LG