ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო მოსიძემ 5-ათასლარიანი ჯარიმა დააკისრა ცხრა ადამიანს, რომლებიც ქუთაისში 26 იანვარს გამართულ აქციაზე პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს უცხადებდნენ სოლიდარობას. ჯარიმის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მოჰყვა შეძახილები "უსამართლო სასამართლო!", "თავისუფლება მზია ამაღლობელს!".
ჟურნალისტი, "საქართველოს ამბები / მთის ამბების" რედაქტორი გელა მთივლიშვილი, მუსიკოსი, და „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი ნინო ქათამაძე; მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი - ვლადიმერ აფხაზავა, ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე, ფსიქოლოგი ქეთევან ფილაური, ფსიქოლოგი მაია ცირამუა, სამოქალაქო აქტივისტი ირინა ზარანდია, ლანჩხუთის საკრებულოს წევრი გივი ცინცაძე და "ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი ეკა კუხალაშვილი აქციას მართავდნენ მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან, რომელმაც არ განიხილა მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი უკანონო პატიმრობის შესახებ.
სასამართლო სხდომაზე ადვოკატების ამბობდნენ, რომ ეს იყო სიმბოლური აქტი 20-დან 30 წუთამდე, რასაც მიზნად არ ჰქონია ვინმეს დაზარალება.
ადვოკატმა ანა ჩაფიძემ წარადგინა შუამდგომლობა, სასამართლოს შეეჩერებინა საქმის წარმოება. ვინაიდან მისი სიტყვებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის არის "ბლანკეტური" და ის ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 21- ე მუხლს შეკრების უფლების შესახებ. მან მოსამართლეს სთხოვა დრო, რათა ელექტრონული წესით წარედგინა შუამდგომლობა, რაზეც უარი მიიღო. მან თავისი პოზიციაც გამოხატა და დაცვის ქვეშ მყოფებს სოლიდარობა გამოუცხადა.
"სავარაუდო სამართალდარღვევის მოტივი არის ძალიან მნიშვნელობანი და სამართალდარღვევის მოტივი იყო მზია ამაღლობელის სიცოცხლის გადარჩენა და ვუერთდები ჩემს დასაცავებს და რელევანტურია ამ დარბაზიდან ეს გავაჟღერო", - თქვა ანა ჩაფიძემ სასამართლოს სხდომათა დარბაზში.
ადვოკატი ვალერიან თევდორაძე ამბობდა, რომ ტროტუარი და ქუჩა არ არის მოსამართლის საცხოვრებელი ადგილი. კერძო საკუთრებაში აქცია არ გამართულა: "არ გვაქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გარემოება და გამოხატვის თავისუფლების ფარგლები განხორციელდა ქმედება", - თქვა მან.
ფსიქოლოგ მაია ცირამუას ადვოკატმა თქვა, რომ თავად მოსამართლე ოქროპირაშვილს არ გაუკეთებია განცხადება, რომ მას საფრთხე დაემუქრა და განიცადა შიში.
ადვოკატები ხაზს უსვამდნენ, რომ პოლიცია აქციაზე მივიდა ბოლო წუთებზე, ორმა პოლიციელმა, რომლებსაც აქციის მონაწილეებისთვის გაფრთხილება არ მიუცია, ხელი შეუწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის შექმნას.
ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ ამ სახლს მოსამართლე საცხოვრებლად იყენებს, როგორც სამართალდარღვევის მუხლი ითვალისწინებს.
დაცვის მხარის მოსაზრებით მოსამართლის უსაფრთხოებას საფრთხე არ შეჰქმნია, ამიტომ კოდექსის მშრალი ჩანაწერით არ უნდა შეეზღუდოთ სიტყვის თავისუფლება.
სასამართლოს მოწმის სახით, ჩვენება მისცა დავით დვალიშვილმა ქუთაისის პოლიციის პირველი განყოფილების უფროსის მოადგილემ, მისი თქმით, შემოვლისას შენიშნეს მოქალაქეთა შეკრება, რომლებიც ადგილზე მისვლისას დაიშალნენ და კომუნიკაცია არ ჰქონიათ.
მისი განმარტებით, იმ ადგილას მოსამართლის სახლი რომ მდებარეობს იცოდა იქიდან, რომ ის მის "სამოქმედო ტერიტორიაზეა".
სხდომაზე მას ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა ჰკითხა 26 იანვრიდან 6 თებერვლამდე ანუ აქციის დღიდან 10 დღე რატომ დასჭირდა პატაკის დაწერას. რაზეც დავით დვალიშვილმა უპასუხა, რომ "ვადები არ დაურღვევია".
ამის შემდეგ სასამართლო დარბაზიდან, გაცინებისთვის გააძევეს ლარა ქარცივაძე, ბათუმელი აქტივისტი. მან შეძახილებით დატოვა დარბაზი, "თავისუფლება მზიას, არ იქნება სასამართლო არ იქნება მშვიდობა" .
სასამართლო სხდომაზე ტაში მოჰყვა ფსიქოლოგ მაიას ცირამუას სიტყვას:
"რა მინდა აქ ამ სტატუსით, მოსამართლეს და ფსიქოთერაპევტებს გვაქვს ასკეტური პროფესიები, თუმცა არაერთხელ მომიწია სამუშაო სივრციდან გასვლა, არანაირი სურვილი არ მქონია ტრანსპარანტის ჭერის, სასტვენის, ჩემთვის "ფოტოგრაფების საქმე" ისევე პროტესტს იწვევდა, რასაც იწვევს მზიას საქმე, ამიტომ მიწევს ჩემი სივრციდან გასვლა, რადგან არაერთხელ გამიწია ადვოკატირება... 30 დღეა პალატაში გამოკეტილია მზია ამაღლობელი და ჩვენ არ ვიცით როგორ დამთავრდება ეს აქტი. ჩემი პროტესტი ეძღვნება სამართალში ყველაზე მაღალ სტანდარტს ადამიანის სიცოცხლეს!!"
ლადო აფხაზავამ მოსამართლეს მიმართა და უთხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამ სკოლაში მუშაობს, ვერ შეძლებს ჯარიმის გადახდა თუ ამას მოსამართლე დააკისრებს.
"გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ჩვენ არ გვაქვს ისეთი შემოსავლები, რომ ამ სანქციას [5000 ლარი] გავუმკლავდეთ", - თქვა ლადო აფხაზავამ სასამართლო სხდომაზე.
აქციის ცხრა მონაწილეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 6 თებერვალს შეუდგინა და მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილის დარღვევას ედავებოდნენ. კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, ეს ქმედება გამოიწვევს 5 000 ლარით დაჯარიმებას ან 60 დღემდე პატიმრობას.
მზია ამაღლობელის საქმე
ონლაინგამოცმების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 30-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ კოლეგები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, - რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს - 4 თებერვალს, შიმშილობის 24-ე დღეს, ის კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.
„მედიის თავისუფლების კოალიციის“ (MFC) წევრი 14 ქვეყნის საელჩოებმა 30 იანვარს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით მოითხოვეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან მზია ამაღლობელის გათავისუფლება.
ამ ქვეყნების მთავრობების გარდა, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.