ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

38 დღის შემდეგ მზია ამაღლობელი ამბობს, რომ შიმშილობას შეწყვეტს


18 თებერვალს, „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა ეთერ თურაძემ საჯაროდ წაიკითხა გამოცემის დამფუძნებლის, დაპატიმრებული მზია ამაღლობელის წერილი „ვივამედიდან“ - იგი წერს, რომ ამ დღეებში ექიმების დახმარებით ეცდება კვების განახლებას.

„ამ დღეებში ექიმების დახმარებით შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა“, - წერს მზია ამაღლობელი პატიმრობისა და შიმშილობის 38-ე დღეს კოლეგებისთვის გაგზავნილ წერილში.

„ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მომხდარი ტრაგედიის, ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე, ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის“, - წერს ამაღლობელი.

მზია ამაღლობელმა მადლობა გადაუხადა საპროტესტო დემონსტრაციებისას დაკავებულ თემურ ქათამაძესა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს, რომლებიც მისდამი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ და მათაც სთხოვა შიმშილობის შეწყვეტა.

„განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი თანამოაზრეების, კოლეგების, მეგობრების და ოჯახის მიმართ. არ მინდა, ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ. თქვენ ჩემ ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ“, - წერს მზია ამაღლობელი.

„ახლა ბევრად ძლიერები ვართ“

„ნეტგაზეთის“ მთავარმა რედაქტორმა, ნესტან ცეცხლაძემ მზია ამაღლობელს მადლობა გადაუხადა ამ გადაწყვეტილებისთვის:

„ჩვენ ახლა ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე მანამდე. ძლიერები იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ როგორც მზიას, ასევე ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებისთვის“, - თქვა მან.

„მზია უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, რადგან ის არის უკანონო პოლიტპატიმარი“, - განუცხადა ნესტან ცეცხლაძემ რადიო თავისუფლებას.

წინა დღეს, 17 თებერვალს, „ვივამედის“ კლინიკური დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ თქვა, რომ თუ ამაღლობელი შიმშილობას არ შეწყვეტს, შესაძლოა, მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.

საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის განცხადებით, მზია ამაღლობელის მდგომარეობის სწრაფად დამძიმების რისკი დიდია.

„რეფიდინგ სინდრომი“ - მკურნალობა გრძელდება

ეთერ თურაძის მიერ მზია ამაღლობელის წერილის წაკითხვის შემდეგ, 18 თებერვალს, „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ კლინიკასთან შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა:

„ამ ხანგრძლივობის შიმშილობა დაკავშირებულია ძალიან დიდ რისკებთან. 30 დღის შემდეგ ყოველი დღე მოსალოდნელია სხვადასხვა ორგანოს თუ ორგანოების ფუნქციური მოშლილობები, რაც შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო ძალიან ცუდ გამოსავალთან“.

„ახლა მთავარი - ჩვენ გავაგრძელებთ მკურნალობის პროცესს კლინიკის პირობებში“, - თქვა ზურაბ ჩხაიძემ და ახსენა „რეფიდინგ სინდრომის" რისკი:

„ეს არის ძალიან სერიოზული შიმშილი, რაც ვითარდება ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ განახლებულ კვებასთან ერთად, რაც უკავშირდება სხვადასხვა მეტაბოლურ დარღვევას. ეს შეიძლება იყოს სითხის ცვლილებების, ნახშირწყლოვანი დარღვევები, ინსულინის ცვლილებები, რამაც შეიძლება სხვადასხვა ორგანოს უკმარისობები გამოიწვიოს. ამიტომ, ძალიან დიდი სიფრთხილით ჩვენ ამას დავიწყებთ. კლინიკა ამისთვის მზად არის“, - განაცხადა ჩხაიძემ.

„განსაკუთრებით საყურადღებოა პირველი ორი დღე. არის სპეციალური მენიუ შემუშავებული, დამტკიცებულია „რეფიდინგ“ პროტოკოლი... კვირის განმავლობაში დავაკვირდებით მის მდგომარეობას. ყოველდღიურად გადავამოწმებთ მდგომარეობას“.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, - შიმშილობის შეწყვეტის მომენტიდან მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება თუ კვების სრულყოფილად აღდგენამდე მაინც არსებობს რისკები, - ზურაბ ჩხაიძემ უპასუხა:

„საფრთხე ყოველთვის არსებობს... მე ამიტომ ვახსენე "რეფიდინგ სინდრომი". აქედან გამომდინარე, საფრთხე ყოველთვის არსებობს, მაგრამ ჩვენი ექიმების გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ წარმატებულად ჩაიაროს ამ პროცესმა“, - განაცხადა მან.

შიმშილობის 24-ე დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მზია ამაღლობელი რუსთავის მე-5 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. 6 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა ექიმთა ჯგუფი შექმნა მზია ამაღლობელის საქმეზე.

ჟურნალისტს, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, პოლიტპატიმრად მიიჩნევენ კოლეგები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ევროკავშირი, ათობით საერთაშორისო ორგანიზაცია და არაერთი ქვეყნის მთავრობა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი მზია ამაღლობელს უწოდებს უკანონოდ დაკავებულთა სიმბოლოს.

ამაღლობელი ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.

XS
SM
MD
LG