ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელმაც ღიად თქვა, რომ მზადაა უკრაინაში საჭიროების შემთხვევაში, სამშვიდობო მისიაში მიიღოს მონაწილეობა. ამისთვის ის უკრაინაში მშვიდობისმყოფელი ძალების განთავსებაზეც თანახმაა. პრემიერმა ეს განცხადება პარიზში საგანგებო შეხვედრის წინ გააკეთა. საფრანგეთის დედაქალაქში ევროპელი ლიდერები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შესაძლო შეთანხმებაში ევროპის როლის განსახილველად შეიკრიბნენ. ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი შეხვედრამდე დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა, თუმცა საუბრის დეტალები არ გასაჯაროებულა.
შვედეთის პრემიერმა ულფ კრისტერსონმაც თქვა, რომ ომის შემდგომ უკრაინაში ევროპული სამშვიდობო ძალების ნაწილი შესაძლოა შვედეთის წარმომადგენლებიც იყვნენ. თუმცა დასძინა, რომ სანამ რაიმე ამგვარი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მანამდე მოლაპარაკებები არსებითად უნდა გაგრძელდეს.
ამ მოვლენებამდე, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს ესაუბრა, ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენში ამერიკის სახელმწიფო მდივანსაც შეხვდა. სამშაბათს, 18 თებერვალს საუდის არაბეთში ამერიკისა და რუსეთის წარმომადგენლები შეიკრიბებიან და შესაძლო ზავის პირობებს განიხილავენ. ევროპელი ლიდერები შიშობენ, რომ შესაძლოა მოლაპარაკებებში მათი პოზიციები არ იყოს გათვალისწინებული.
დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში კით კელოგმა შაბათს თქვა, რომ ევროპის წარმომადგენლებს მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი არ ექნებათ. ვაშინგტონმა ევროპელ ლიდერებს სპეციალური კითხვარიც გაუგზავნა იმის თაობაზე, თუ რა მონაწილეობის მიღება და წვლილის შეტანა შეუძლიათ კიევისთვის სუაფრთხოების გარანტიების შექმნაში.
პარიზში ემანუელ მაკრონი გერმანიის, იტალიის, ბრიტანეთის, პოლონეთის, ესპანეთის, ნიდერლანდების და დანიის წარმომადგენელს უმასპინძლებს. ეს უკანასკნელი ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნების ინტერესებს წარმოადგენს. შეხვედრას ესწრებიან ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროკავშირის რამდენიმე ლიდერი.