ამერიკელმა სენატორებმა - რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა და დემოკრატმა ჯინ შაჰინმა - სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და წევრმა, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში "მეგობარი აქტი" ოფიციალურად წარადგინეს.
განცხადებაში, რომელიც 10 მარტს სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტმა წარადგინა, ნათქვამია რომ სენატორებმა "გასულ კვირას წარადგინეს საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის განვითარების ვარიანტების მობილიზებისა და გაძლიერების (MEGOBARI) აქტი. ეს ორპარტიული კანონმდებლობა მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რადგან მათი მთავრობა აგრძელებს ძალადობრივ თავდასხმებს მშვიდობიან მომიტინგეებზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი".
"მეგობარი" აქტი, რომლის ავტორიც რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, განახლებული კონგრესის შემადგენლობის წინაშე წარმომადგენელთა პალატაში 3 იანვარს წარადგინეს. კონგრესის ქვედა პალატაში წარდგენის შემდეგ კი ახლა მან სენატში, კონგრესის ზედა პალატაში გადაინაცვლა.
„საქართველოს მეგობრები მთელი მსოფლიოდან შოკირებულნი და შეძრწუნებულნი არიან ხელისუფლების ავტორიტარიზმისკენ სვლით და დემოკრატიის მომხრე მომიტინგეების ძალადობრივი დარბევით“, - თქვა სენატორმა რიშმა.
„ეს კანონპროექტი გააგზავნის ძლიერ გზავნილს, რომ ამერიკა მხარს უჭერს ქართველ ხალხს მაშინ, როდესაც ისინი თვითგამორკვევის უფლებისთვის იბრძვიან და ამერიკას მისცემს ინსტრუმენტებს, რათა დაეხმაროს ქართველებს, აღადგინონ სამართლიანობა თავიანთ პოლიტიკურ სისტემაში", ნათქვამია სენატორ რიშის განცხადებაში.
"მეგობარი აქტს" ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და მას ემხრობიან როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი კანონმდებლები კონგრესის ორივე პალატაში. დემოკრატი ჯინ შაჰინი ერთ-ერთია ამ აქტის მხარდაჭერებსა და ახლა უკვე წარმდგენებს შორის.
„მოხარული ვარ, თავმჯდომარე რიშთან ერთად, ხელახლა წარვადგინო ეს ორპარტიული, ორპალატიანი კანონმდებლობა, რომელიც მხარს უჭერს ქართველ ხალხს მაშინ, როდესაც ისინი "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ კონსტიტუციური დარღვევებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობას უპირისპირდებიან",- ამბობს სენატორი შაჰინი.
„ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები და შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს მათი მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მცდელობების წინააღმდეგ, ჩამოშალოს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები. იმ დროს, როდესაც რუსეთი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიებს მთელს რეგიონში, ჩვენ არ შეგვიძლია ზურგი ვაქციოთ მთავარ პარტნიორს, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისკენ ისწრაფვის. მოუთმენლად ველი თავმჯდომარე რიშთან ერთად მუშაობას, რათა ეს კანონპროექტი სწრაფად გაიტანოს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში",- ნათქვამია სენატორ შაჰინის განცხადებაში.