ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არ ვეთანხმები ბრალს, უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს - მზია ამაღლობელი


მზია ამაღლობელი - "ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი სასამართლოს დარბაზში. ბათუმი, საქართველო. 1 თებერვალი, 2025 წ.
მზია ამაღლობელი - "ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი სასამართლოს დარბაზში. ბათუმი, საქართველო. 1 თებერვალი, 2025 წ.

ბათუმის საქალაქო სასასამართლოში პროტესტის ფონზე დაიწყო „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის განხილვა.

„ბათუმელები“ ავრცელებს სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელის მიერ მათთვის გადაცემულ წერილს, სადაც დაპატიმრებული მედიამენეჯერი წერს, რომ თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს:

„არა და არ ვეთანხმები ბრალს. უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს“, - წერს მზია ამაღლობელი.

„საბედნიეროდ, ჩვენს სამშობლოში დიქტატურამ საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა. ამიტომ მჯერა, მეც და სინდისის პატიმრებიც შევძლებთ ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას“, - წერს მზია ამაღლობელი.

მზია ამაღლობელის წერილი მას შემდეგ გავრცელდა, რაც სხდომაზე „ტექნიკური ხარვეზების“ გამო დარბაზში მისი სიტყვები არ ისმოდა.

გამოცემა „პუბლიკის“ რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი, რომელიც სხდომაზე იმყოფება, იუწყება, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბადრაგები ამაღლობელს არ აძლევდნენ ადვოკატებისათვის ფურცლის გადაცემის შესაძლებლობას.

დღეს, 4 მარტს იმართება წინასასამართლო სხდომა, სადაც მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გამოაცხადოს, შეცვლის თუ არა აღკვეთის ღონისძიებას, დაუშვებს თუ არა მტკიცებულებებს და განიხილავს თუ არა საქმეს არსებითად.

სასამართლოს შენობაში და მის გარეთ შეიკრიბნენ მზია ამაღლობელის კოლეგები, ჟურნალისტები, მისი მხარდამჭერები, უფლებადამცველები, პოლიტიკოსები და საელჩოების წარმომადგენლები.

სასამართლოში იმყოფება საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი.

ჟურნალისტს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება, - როდესაც არაერთი შემთხვევა არსებობს საქართველოს სასამართლოების პრაქტიკაშივე, სადაც პოლიციელებისადმი უფრო უხეში მოპყრობა არ ჩათვლილა „პოლიციელზე თავდასხმად“, ან არ გამოიყენა პატიმრობა აღკვეთის ღონისძიებად.

XS
SM
MD
LG