ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვითხოვთ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას - PACE-ის პრეზიდენტი


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი ექსკლუზიურად რადიო თავისუფლებასთან საუბარში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან ითხოვს „ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას.

„მსურს გამოვეხმაურო ერთ შემთხვევას, რომელიც კარგად არის ცნობილი თქვენი ხალხისთვის. ვსაუბრობ ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე“, - განუცხადა 31 იანვარს პრეზიდენტმა რუსოპულოსმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს სტრასბურგში, ვაჟა თავბერიძეს.

„ის დაპატიმრებულია, შიმშილობს და ჩვენ - პირადად მე და ასამბლეა - ვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან, გაათავისუფლონ იგი. იმიტომ რომ ეს არის არასამართლიანი, უსამართლო“, - განაცხადა თეოდოროს რუსოპულოსმა.

„რაც ახლა მასთან დაკავშირებით ციხეში ხდება, ძალიან ახლოს არის წამებასთან“, - თქვა მან.

მზია ამაღლობელი, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, მე-20 დღეა, საპატიმროში შიმშილობს. იგი „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით დააკავეს.

„იმიტომ კი არ [უნდა გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი], რომ მე ამას ვითხოვ, როგორც პრეზიდენტი, არამედ იმიტომ, რომ ამავდროულად ეს არის გზა, რომლითაც საქართველოს მთავრობას შეუძლია დაამტკიცოს, რომ ნამდვილად პატივს სცემს ადამიანის უფლებებს“, - თქვა PACE-ს პრეზიდენტმა.

„მინდა შევახსენო საქართველოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს, რომ წელს ჩვენ აღვნიშნავთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 75 წლის იუბილეს. ასე რომ, ქვეყანამ, ამ დიდი ორგანიზაციის წევრმა ყველა ქვეყანამ, რომლებიც მხარს უჭერენ და პატივს სცემენ და ემსახურებიან ადამიანის უფლებებს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას, უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები“, - განაცხადა თეოდოროს რუსოპულოსმა.

მზია ამაღლობელის საქმე

„მედიის თავისუფლების კოალიციის“ (MFC) წევრი 14 ქვეყნის საელჩოებმა 30 იანვარს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით მოითხოვეს მზია ამაღლობელის გათავისუფლება.

ამ ქვეყნების მთავრობების გარდა, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, მზია ამაღლობელს დაკავებამდე ჰქონდა „ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემები და შიმშილობის ფონზე არსებობს მისი გართულების რისკი“.

29 იანვარს ხელისუფლებას ამაღლობელის გათავისუფლებისკენ მოუწოდა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა იან ბრაათუმ.

30 იანვარს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო'ფლაჰერტიმ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეშფოთებულია ამაღლობელის დაპატიმრებით და იმედოვნებს, ხელისუფლება სწრაფად იმოქმედებს. „ამ საკითხზე მოქმედება სასწრაფოდაა საჭირო, რადგან საქმე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“, - გვითხრა მან.

ომბუდსმენის განცხადება

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. განცხადება გამოქვეყნდა ომბუდსმენის აპარატთან დაგეგმილი აქციის გამართვამდე ორი საათით ადრე. მოქალაქეები დღეს, 31 იანვარს, 17:00 საათზე აპირებენ სახალხო დამცველისთვის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე კითხვების დასმას.

„სად არის ექიმების კონსილიუმი?.. რატომ არ აყალიბებს კონსილიუმს ლევან იოსელიანი [სახალხო დამცველი] მზია ამაღლობელისთვის? რატომ ვერაფერს მივაღწიეთ შიმშილობის მეოცე დღეს, როცა ქალს უკვე გადაადგილება ძალიან უჭირს? თუ საბოლოოდ და უიმედოდ „გაქოცდა“ ომბუდსმენი?“ - წერს „ფეისბუკში“ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი ბაია პატარაია.

ომბუდსმენის განცხადება ბაია პატარაიას მიერ წამოჭრილ საკითხებს ეხმაურება. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ „არც თავად მზია ამაღლობელს, არც მის ოჯახს და არც მის კანონიერ წარმომადგენლებს, მსგავსი მოთხოვნა [კონსილიუმის შექმნაზე] არ დაუყენებიათ“.

„მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ მას დაკავებამდე ჰქონდა ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემები და შიმშილობის ფონზე არსებობს მისი გართულების რისკი“, - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ მისმა წარმომადგენლებმა პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი მერვედ მოინახულეს.

უწყების განმარტებით, ამაღლობელს უტარდება სამედიცინო კვლევები და იმყოფება ინტენსიური სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ამავე განცხადებით ირკვევა, რომ ჟურნალისტს უახლესი გამოკვლევები მიმდინარე კვირაში ჩაუტარდა (დღე დაკონკრეტებული არ არის), რომელთა შედეგებიც მისმა ადვოკატებმა დღეს და გუშინ, 30 და 31 იანვარს მიიღეს.

„სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატი, არ ერთვებოდა და არ ერთვება პატიმრების მკურნალობის პროცესში. ჩვენი მანდატი პატიმრისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე მონიტორინგია, რაც ბრალდებულების და მსჯავრდებულების ჯანდაცვის უფლებას უკავშირდება“, - წერია განცხადებაში.

PACE-ს რეზოლუცია

რუსოპულოსის განცხადებამდე ორი დღით ადრე, 29 იანვარს, PACE-მ - რომლის პრეზიდენტიც ის არის, - საქართველოსადმი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.

ხანგრძლივი დებატების შემდეგ, რომლის დროსაც არაერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა მწვავედ გააკრიტიკა „ქართული ოცნება“, ასამბლეამ მიიღო შესაბამისი სულისკვეთების რეზოლუცია, რომლის თანახმადაც:

  • მოუწოდებდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, აპრილამდე გაეთავისუფლებინა ყველა პოლიტიკური პატიმარი;
  • მოუწოდებდა „ქართულ ოცნებას“, დაენიშნა ახალი საპარლამენტო არჩევნები;
  • ამ პირობებით და „შეზღუდული უფლებებით“ ცნო „ქართული ოცნების” დელეგაციის უფლებამოსილება და გადაწყვიტა, ამ საკითხს აპრილში მიჰბრუნებოდა.

პასუხად „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ თავად წყვეტენ PACE-ში მუშაობას.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG