ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესში "ქართული კოშმარის მთავრობის არაღიარების აქტსა" და "მეგობარი აქტს" წარადგენენ


შეერთებული შტატების კონგრესი
შეერთებული შტატების კონგრესი

შეერთებული შტატების კონგრესი 3 იანვარს მუშაობას განახლებული შემადგენლობით შეუდგა. დღესვე, 119-ე მოწვევის წარმომადგენელთა პალატაში ხელახლა წარადგენენ საქართველოსთან დაკავშირებულ „მეგობარი აქტს“. რამდენიმე დღეში კი პირველად წარადგენენ „ქართული კოშმარის მთავრობის არაღიარების აქტს“. ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა, რომელიც "ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარეა და დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოენმა.

კონგრესმენ ჯო უილსონის ოფისში „ამერიკის ხმას“ ეუბნებიან, რომ აქტის ტექსტი შეთანხმებულია როგორც კონგრესის ქვედა, ისე ზედა პალატის რესპუბლიკელ და დემოკრატ წევრებთან და მას კანონმდებლების სრული მხარდაჭერა აქვს. ჯერჯერობით უცნობია, თუ ზუსტად რა პროცედურებისა და რა დროიის განმავლობაში მოხდება წარდგენილი კანონპროექტის შემდგომ ეტაპზე გადასვლა. კონგრესმენი უილსონი ამბობს, რომ მისი მოლოდინით, კანონპროექტი საკმაოდ მალე დაწინაურდება.

„მეგობარი აქტს“ ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და მას როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიის კანონმდებლები ეთანხმებიან. დღეს, კონგრესში გამართულ შეხვედრაზე, სადაც ჯო უილსონი რამდენიმე მედიის წამორმადგენლის შეკითხვებს პასუხობდა, მასთან ერთად იყო დემოკრატი სტივ კოენიც, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონპროექტი ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს.

„მე და კონგრესმენი კოენი თავიდან წარვადგენთ „მეგობარი აქტს“, რომელსაც ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. თქვენ კიდევ უფრო ხშირად ნახავთ განმეორებით რესპუბლიკელებისა და დემოკრატების [საქართველოს საკითხზე] ერთად მუშაობას. [აქტი] აჩვენებს იმ სიყვარულსა და მხარდაჭერას, რომელიც ქართველი ხალხისადმი გვაქვს“,- უთხრა „ამერიკის ხმას“ ჯო უილსონმა.

„მეგობარი აქტის“ წარდგენის შემდეგ, რამდენიმე დღეში, დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი „ქართული კოშმარის არაღიარების აქტს“ წარდაგენს. ის გულისხმობს როგორც „ქართული ოცნების“ მთავრობის, ისე საქართველოს პარლამენტის არასრული შემადგენლობის მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის არაღიარებას. კონგრესმენ კოენის ოფისში „ამერიკის ხმას“ ეუბნებიან, რომ არაღიარების აქტით გათვალისწინებული იქნება ისიც, რომ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი აღიარონ იქამდე, ვიდრე ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება.

„[ივანიშვილმა] „ქართული ოცნება“ ქართულ კოშმარად აქცია. ქართველ ხალხს საშინელი მდგომარეობა შეექმნა, რადგან მთავრობა არასწორი მიმართულებით წავიდა სამოქალაქო უფლებების, ადამიანის უფლებებისა და არჩევნების მიმართულებით. ეს არჩევნები გაყალბებული იყო“,- ამბობს კონგრესმენი კოენი.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG