ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის თქმით სამშვიდობო მოლაპარაკებაში ევროპაც ჩართული უნდა იყოს, თუმცა თვლის, რომ შეთანხმებამდე შორია


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

ევროპის მონაწილეობა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში საბოლოოდ საჭირო იქნება, მაგრამ მოსკოვს პირველ რიგში სურს ნდობის დამყარება ვაშინგტონთან, თქვა ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. ამასთან, ის ვარაუდობს, რომ კონფლიქტის დასრულების შეთანხმების საბოლოო ხელმოწერამდე, შესაძლოა ჯერ კიდევ შორს იყოს.

უკრაინამ ორშაბათს ომის დაწყების 3-წლისთავი აღნიშნა. ომმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა. ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქა, რომ ომი შესაძლოა რამდენიმე კვირაში დასრულდეს, თუმცა არ დაუკონკრეტებია როგორ, ან როდის.

პუტინმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ ტრამპი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს რაციონალურად უდგება და არა ემოციურად. თუმცა, იქვე მიანიშნა, რომ შეიძლება ომი არ დასრულდეს ისე, როგორც ტრამპს მოესურვება.

პუტინმა თქვა, რომ მისი სატელეფონო ზარი ტრამპთან, ისევე როგორც ამერიკისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა რიადში, სწორედ უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებს ეხებოდა.

„მაგრამ ეს არ იყო დეტალურად განხილული“, - თქვა მან ინტერვიუში. "ჩვენ მხოლოდ შევთანხმდით, რომ ამ მიმართულებით წავალთ. და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უარს არ ვამბობთ ევროპის ქვეყნების მონაწილეობაზე."

უკრაინა და კიევის ევროპელი მოკავშირეები აპროტესტებდნენ, რომ არ იყვნენ მიწვეული უკრაინის შესახებ მოლაპარაკებების საწყის რაუნდზე, რომელიც გასულ კვირას გაიმართა საუდის არაბეთში შეერთებული შტატებსა და რუსეთს შორის.

პუტინმა თქვა, რომ ევროპას არაფერი ესაქმებოდა რიადში მოლაპარაკებებთან, რადგან ისინი ორიენტირებული მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ნდობის დამყარებაზე იყო, რაც მისი თქმით, მთავარია.

„კომპლექსური და საკმაოდ მწვავე საკითხების გადასაჭრელად, ისეთის, როგორიცაა უკრაინასთან დაკავშირებული თემა, პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას როგორც რუსეთმა, ისე შეერთებულმა შტატებმა“, - განაცხადა პუტინმა.

XS
SM
MD
LG