ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მიუღებელია" ჩინეთის მიერ პანამის არხის კონტროლი - რუბიო


პანამის პრეზიდენტის, ხოსე რაულ მულინოსა (ცენტრში) და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს (მარჯვნივ) შეხვედრა პანამაში, პანამის რესპუბლიკა. 2 თებერვალი, 2025 წ.
პანამის პრეზიდენტის, ხოსე რაულ მულინოსა (ცენტრში) და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს (მარჯვნივ) შეხვედრა პანამაში, პანამის რესპუბლიკა. 2 თებერვალი, 2025 წ.

პანამის რესპუბლიკაში ჩასულმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ქვეყნის ლიდერებს განუცხადა, რომ ჩინეთის მიერ პანამის არხზე არსებული გავლენა და კონტროლი ვაშინგტონისთვის მიუღებელია. მარკო რუბიოს თქმით, თუ ვითარება არ შეიცვლება, ამან შესაძლოა შეერთებულ შტატებს "აუცილებელი ზომების" მიღება აიძულოს, რათა არხზე წვდომა უზრუნველყოს.

რუბიო 2 თებერვალს პანამის საგარეო საქმეთა მინისტრ ხავიერ მარტინეს-აჩას შეხვდა, 3 თებერვალს კი - პრეზიდენტ ხოსე რაულ მულინოს. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა პანამელ კოლეგას უთხრა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეფასებით, პანამის არხზე მიმდინარე ოპერაციებს "საფრთხე ექმნება ჩინეთის კომუნისტური პარტიის ახლანდელი გავლენისა და კონტროლის პოზიციის გამო".

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პანამის საგარეო საქმეთა მინისტრი ხავიერ მარტინეს-აჩა (ცენტრში, მარცხნიდან მარჯვნივ). პანამა, პანამის რესპუბლიკა. 2 თებერვალი, 2025 წ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პანამის საგარეო საქმეთა მინისტრი ხავიერ მარტინეს-აჩა (ცენტრში, მარცხნიდან მარჯვნივ). პანამა, პანამის რესპუბლიკა. 2 თებერვალი, 2025 წ.

ინფორმაციას რუბიოს ვიზიტზე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. საგარეო უწყების განცხადებაში არაა დაზუსტებული, თუ რა გავლენა აქვს პეკინს ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს შორის მდებარე 82-კილომეტრიან გასასვლელზე, ან რა საპასუხო ზომები შეიძლება მიიღოს ვაშინგტონმა.

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არხზე ჩინეთის მზარდ გავლენაზე აქამდეც არაერთხელ ისაუბრა.

„პანამამ ჩვენთან დადებული პირობა დაარღვია. ჩვენი ხელშეკრულების არსი და სულისკვეთება სრულად ირღვევა. ამერიკული გემები იბეგრებიან უსამართლოდ, მათ შორის შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტი და უპირველეს ყოვლისა, ჩინეთი მართავს პანამის არხს. ჩვენ ის ჩინეთისთვის არ მიგვიცია, ჩვენ ის პანამას მივეცით და უკან დავიბრუნებთ”, - განაცხადა ტრამპმა 20 იანვარს, საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ, თავის საინაუგურაციო გამოსვლაში.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს პანამაში ჩასვლის დროს, რესპუბლიკის დედაქალაქ პანამაში საპროტესტო აქცია გაიმართა. 2 თებერვალს 200-მდე დემონსტრანტი მას ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებდა და სკანდირებდა: "გაუმარჯოს ეროვნულ სუვერენიტეტს"!

მაღალი დონის შეხვედრებამდე ცოტა ხნით ადრე, პანამის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხოსე რაულ მულინომ უარყო ვაშინგტონის კრიტიკა პანამის არხის მართვასთან დაკავშირებით. არხის გამტარობას გლობალურ ვაჭრობაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

პანამის არხზე ლიბერიის სატვირთო გემი MSC Gabon გადის. პანამა, 29 იანვარი, 2025 წ.
პანამის არხზე ლიბერიის სატვირთო გემი MSC Gabon გადის. პანამა, 29 იანვარი, 2025 წ.

ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ მარკო რუბიომ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ მულინოს „ერთობლივი რეპატრიაციის პროგრამის მხარდაჭერისთვის, რომელმაც უკანონო მიგრაცია შეამცირა". რუბიოსთვის საგარეო უწყების ლიდერის როლში, ეს პირველი ვიზიტია უცხოეთის ქვეყანაში. ოფიციალური განცხადებით, ვიზიტი "ასევე ხაზს უსვამს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას ნახევარსფეროში არალეგალური მიგრაციის კრიზისის დასასრულებლად".

საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტისთვის მეორე ვადის დასაწყისში წამყვანი საკითხია. თეთრი სახლი ყველა ღონეს ხმარობს, რათა თავიდან აიცილოს ქვეყანაში უსაბუთო მიგრანტების მოზღვავება და უკანონოდ უკვე შემოსულთა მასობრივი დეპორტაცია განახორციელოს. ამას გარდა, რეგიონში ჩინეთის გავლენის შემცირებაც ტრამპის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG