ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 იანვრის კენჭისყრაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, 2025 წლის აპრილამდე გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გამოაცხადოს ახალი საპარლამენტო არჩევნები.
ასევე, დღევანდელი გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება „შეზღუდული უფლებებით“ ცნეს. ამ საკითხს 2025 წლის აპრილში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში განსახილველად კვლავ დაუბრუნდებიან.
რეზოლუციის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი მოვლენები, - მათ შორის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დარბევა - ეწინააღმდეგება ევროსაბჭოში საქართველოს წევრობის ვალდებულებებს.
საპარლამენტო ასამბლეაზე „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი შესწორებები ჩავარდა.
რეზოლუციას მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 114-მა წევრმა დაუჭირა, შვიდმა თავი შეიკავა პოზიციის დაფიქსირებისაგან, 13-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
რეზოლუციის მიღების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.
“ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც გამოაცხადა ქალბატონმა თეა წულუკიანმა დელეგაციის სახელით, ჩვენი გუნდის სახელით. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უალტერნატივო, ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ჩვენი დელეგაცია არ აპირებს მუშაობის გაგრძელებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და დელეგაცია წყვეტს მუშაობას, მოხდება ამ დელეგაციის გამოწვევა საქართველოს პარლამენტის მიერ. თუ შეიცვლება დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ და ჩვენი ქვეყნის მიმართ, ამ შემთხვევაში, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავბრუნდებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ასეთ ვითარებაში, რასაც დღეს ვხედავთ, იქ მუშაობას არავითარი აზრი არ აქვს,”- თქვა პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.