შეერთებული შტატებისა და კანადის უმაღლესი დონის დიპლომატებმა მოლაპარაკება რამდენიმე, მათ შორის - ვაჭრობის საკითხზე გამართეს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებაზე სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ ისაუბრეს „საერთო გლობალურ გამოწვევებზე, უსაფრთხო საზღვრებზე, ორმხრივ ვაჭრობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე“.
კერძოდ, 5 მარტს გმართულ შეხვედრაზე მათ განიხილეს ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული 25%-იანი ტარიფებიც. ამ ეტაპზე ტრამპმა მანქანების იმპორტზე ახალი ტარიფები ერთი თვით შეაყოვნა.
თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლინ ლევიტმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ესაუბრა ამერიკელ ავტომწარმოებლებს, მათ შორის "ფორდის", "ჯენერალ მოტორსისა" და "სტელანტისის" ხელმძღვანელებს, ვიდრე ტარიფის შეყოვნების გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა. მისი თქმით, ტრამპმა ავტომწარმოებლებს მოუწოდა, გაზრდილი ტარიფებისთვის თავის არიდების მიზნით, მექსიკური და კანადური წარმოება შეერთებულ შტატებში გადმოიტანონ. ტარიფების შეყოვნებაზე გადაწყვეტილების გამოცხადებას, წინ ასევე უძღოდა მოლაპარაკება ტრამპსა და კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს შორის.
მექსიკას და კანადას ტარიფები ვაშინგტონმა სამშაბათს, 4 მარტს დაუწესა. მანამდე, გადასახადი გაორმაგდა ჩინეთისთვისაც და ის 20%-მდე გაიზარდა. გადაწყვეტილებამ ბაზრებზე მნიშვნელოვანი რყევები გამოიწვია. ამერიკელი მომხმარებლები შიშობენ, რომ მათთვის იმპორტირებულ საქონელზე ფასები გაიზრდება.