ოთხშაბათს პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინ პინის ვიზიტს ელის, თუმცა ვიზიტის დროის შესახებ არაფერი უთქვამს.
ტრამპმა ეს განცხადება საპრეზიდენტო თვითმფრინავის ბორტზე გააკეთა და თქვა, რომ „შესაძლებელია“ შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა ახალი სავაჭრო შეთანხმება გააფორმონ. სი ძინ პინსა და ტრამპს შორის საუბარი, სავაჭრო ტარიფების შემსუბუქების ან დაყოვნების საქმეში გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევა.
სი ძინ პინი შეერთებულ შტატებს ბოლოს 2023 წლის ნოემბერში ეწვია. ის პრეზიდენტის რანგში მისი მეხუთე ვიზიტი იყო. მაშინ პრეზიდენტ ბაიდენთან მის შეხვედრას ორი ქვეყნის სამხედროებს შორის კომუნიკაციების აღდგენის და ფენტანილის წარმოების შეზღუდვის შესახებ შეთანხმებები მოჰყვა.
ტრამპმა და სი ძინ პინმა 20 იანვრამდე ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიც „ტიკ ტოკი“, ვაჭრობა და ტაივანია. ტრამპმა თქვა, რომ სი ძინ პინს თანამდებობის დაკავების შემდეგაც ესაუბრა, თუმცა საუბრის თემების დეტალებზე არაფერი უთქვამს.
ვაშინგტონს და პეკინს წლების განმავლობაში დაძაბული უთანხმოება ჰქონდათ მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის ვაჭრობის და ტარიფების, კიბერუსაფრთხოების, ტაივანის, ჰონგ-კონგის, ადამიანის უფლებების და „კოვიდ-19“-ის წარმოშობის შესახებ.