რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სამშაბათს ჩინეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. რუსული მედიის ცნობით, სი ძინპინთან საუბრისას მან ორ ქვეყანას შორის ახლო კავშირს გაუსვა ხაზი.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა. ჩინეთი რუსულ ნავთობსა და გაზს ყიდულობს, დასავლური სანქციების სამიზნე მოსკოვისთვის კი ტექნოლოგიების წყაროდ იქცა.
სამშაბათის სატელეფონო ზარისას, რუსული მედიის ცნობით, ვლადიმირ პუტინმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს ურთიერთობა საზიარო ინტერესებზე, თანასწორობასა და საერთო სარგებელზეა დაფუძნებლი, და არა "შიდა პოლიტიკურ ფაქტორებზე ან ახლანდელ საერთაშორისო გარემოზე".
"ჩვენ ერთობლივად ვუჭერთ მხარს უფრო მრავალპოლარული გლობალური წესრიგის განვითარებას და ვმუშაობთ განუყოფელი, დაურღვეველი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ევრაზიასა და მთლიანად, მსოფლიოში. რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივი ძალისხმევა გლობალურ საქმეებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტაბილიზაციის კუთხით", - ავრცელებს პუტინის სიტყვებს რუსული სახელმწიფო ტელევიზია.
სი ძინპინმა ასევე შეაქო მოსკოვსა და პეკინს შორის ახლო თანამშრომლობა და თქვა, რომ ეს "გლობალური სისტემის განვითარებისა გარდაქმნისთვის დადებით ენერგიას ქმნის".
არც ერთ ლიდერს დონალდ ტრამპი არ უხსენებია სატელეფონო საუბრის იმ ნაწილში, რომელიც ტელევიზიით გადაიცა. თუმცა ამ ზარის დრო ბევრს აფიქრებინებს, რომ მხარეები შესაძლოა ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან დიალოგისთვის ძალებს აერთიანებდნენ და კოორდინაციას ცდილობდნენ.
სი ძინპინი დონალდ ტრამპს პარასკევს ესაუბრა და ამერიკასთან დადებითი კავშირების იმედი გამოთქვა. დონალდ ტრამპი ჩინეთზე წინასაარჩევნო კამპანიისასაც ბევრს საუბრობდა და მეორე ვადის დროს მას ძლიერი სანქციებით ემუქრებოდა. თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ზოგ საკითხში თანამშრომლობასაც არ გამორიცხავს.
ვლადიმირ პუტინს დონალდ ტრამპთან ჯერ არ უსაუბრია, თუმცა ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა, მას პრეზიდენტობა მიულოცა და მოსკოვთან დიალოგის გახსნის განზრახვას მიესალმა.
დონალდ ტრამპმა კი ორშაბათს ინაუგურაციის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის თანახმაა სამშვიდობო შეთანხმებაზე და იმედოვნებს, რომ ვლადიმირ პუტინიც მსგავსად მოიქცევა. თუმცა ტრამპმა დასძინა, რომ პუტინი რუსეთს გაანადგურებს, თუკი ის შეთანხმებაზე უარს იტყვის. ეს სავარაუდოდ რუსეთის ეკონომიკურ პრობლემებზე და მათ შორის მაღალ ინფლაციაზეც მიუთითებდა.
ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას თქვა, რომ ტრამპისა და მისი გუნდისგან რუსეთთან პირდაპირი საუბრის მზაობას ხედავს და ამ კომუნიკაციის შეწყვეტა არ ყოფილა რუსეთის ბრალი, და ეს წინა ადმინისტრაციის ქმედებებს უკავშირდება.
"ჩვენ ასევე გვესმის მისი განცხადებები იმის თაობაზე, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მესამე მსოფლიო ომის თავიდან ასარიდებლად. ჩვენ ნამდვილად მივესალმებით ასეთ მიდგომას და ვულოცავთ ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს პოსტის დაკავებას", - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.