31 იანვარს გაგრძელდა ძალისხმევა, რათა ვაშინგტონთან, მდინარე პოტომაკზე ავიაკატასტროფაში მოხვედრილ, ორი საჰაერო ხომალდის ნამსხვრევებს და დაღუპულთა ცხედრებს მიაგნონ.
სხვადასხვა სააგენტოს გამომძიებლებმა "ამერიკული ავიახაზების" თვითმფრინავიდან, რომელიც სამხედრო შვეულმფრენთან შეჯახების შედეგად რამდენიმე ნაწილად დაიმსხვრა და მდინარე პოტომაკში ჩავარდა, ე.წ. „შავი ყუთები“ უკვე ამოიღეს. სახანძრო დაცვის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ განზრახული აქვთ „თვითმფრინავის წყლიდან ამოტანა“ და დამატებითი კომპონენტების მოძებნა.
მომდევნო დღეებში ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო თვითმფრინავის ფრენის მონაცემების ჩამწერი მოწყობილობიდან ინფორმაციას შეაგროვებს და გააანალიზებს, რათა კატასტროფის მიზეზები დაადგინოს.
თვითმფრინავის მგზავრები და ეკიპაჟის ყველა წევრი - 64 ადამიანი დაიღუპა. ასევე დაღუპულია შვეულმფრენის მთელი ეკიპაჟი - 3 ადამიანი.
ავიაციის ფედერალური სააგენტოს შიდა მოხსენების თანახმად, სამუშაოს, რომელიც აეროპორტის კონტროლის ცენტრში ჩვეულებრივ ორ ავიადისპეტჩერს ევალება, კატასტროფის მომენტში მხოლოდ ერთი დისპეტჩერი ასრულებდა. „დღის დროისა და მოძრაობის მოცულობისთვის, პოზიციების კონფიგურაცია ნორმალური არ იყო“, - ნათქვამია მოხსენებაში.
30 იანვარს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი ორ აღმასრულებელ ბრძანებულებას მოაწერა. ერთი განკარგულებით, მან ავიაციის ფედერალური სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილე დანიშნა, მეორე აქტით კი ფედერალურ უწყებებში დასაქმებულთა მრავალფეროვნების უზრუნველყოფის ინიციატივები გააუქმა. ბრძანებულებაზე ხელის მოწერის დროს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი აზრით, შესაძლებელი იყო ფედერალურ ორგანიზაციებში მრავალფეროვნების წამხალისებელ პროგრამებს კატასტროფის მოხდენისთვის ხელი შეეწყო.
ავიადისპეტჩერების შესახებ ტრამპმა თქვა, „ჩვენ გვსურს ყველაზე გონებაგახსნილი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე ყურადღებიანი [კადრები]. გვსურს ვინმე, ვინც ფსიქოლოგიურად აღმატებულია და სწორედ ეს გვექნება“.
ამ დროისთვის მდინარიდან სულ ცოტა 28 ცხედრის, მათ შორის შვეულმფრენის ეკიპაჟის სამივე წევრის ცხედრის ამოღება მოხერხდა.