შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს პანამის არხის დაცვის ვალდებულება ხელშეკრულებით აქვს, თუკი მასზე თავდასხმა განხორციელდება.
ეს განცხადება გაკეთდა პანამასა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული გაურკვევლობისა და დაპირისპირების ფონზე ხდება და შეეხება იმას, შეუძლიათ თუ არა ამერიკულ სამხედრო ხომალდებს პანამის არხით უფასოდ გადაადგილება.
„ჩემთვის აბსურდულია, რომ ჩვენ უნდა გადავიხადოთ გასასვლელი საფასური ზონაში, რომლის დაცვაც ომის დროს ჩვენი ვალდებულებაა. ჩვენი მოლოდინი ამ საკითხზე ნათელია… ის გარკვევით იქნა გაგებული ამ საუბრებში,“ – განაცხადა რუბიომ პრესკონფერენციაზე სანტო-დომინგოში, დომინიკის რესპუბლიკის დედაქალაქში.
რუბიო გასული კვირის ბოლოს პანამის პრეზიდენტ ხოსე რაულ მულინოს შეხვდა და მასთან პანამის დედაქალაქში მოლაპარაკება გამართა.
აშშ-პანამის ხელშეკრულება
რუბიომ ხაზი გაუსვა, რომ 1977 წელს შეერთებულ შტატებსა და პანამას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულება ამერიკას აკისრებს ვალდებულებას, დაიცვას პანამის არხი.
მისი თქმით, ის პატივს სცემს პანამის დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას და აღიარებს, რომ მას „აქვს კანონებისა და პროცედურების დაცვის საკუთარი პროცესი“. რუბიომ დასძინა, რომ შეერთებული შტატები ცდილობს ამ საკითხზე მეგობრული გადაწყვეტილების მიღწევას.
პანამის პრეზიდენტმა მულინომ X-ზე (ყოფილი Twitter) დაწერა, რომ ის 7 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბარს გეგმავს.
5 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა X-ზე დაწერა, რომ „შეერთებული შტატების სამთავრობო გემებს შეუძლიათ პანამის არხის გადალახვა გადასახადის გადახდის გარეშე“, რაც აშშ-ის მთავრობას წლიურად მილიონობით დოლარის დაზოგვის საშუალებას მისცემს.
თუმცა, პანამის არხის ადმინისტრაციამ, რომელიც პანამის მთავრობის მიერ კონტროლდება, უარყო ამერიკის მთავრობის განცხადება და თქვა, რომ „არავითარი ცვლილება ტარიფებთან დაკავშირებით არ მომხდარა“.
ამასთან, პანამის არხის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ მზად არის ამერიკის შესაბამის ოფიციალურ პირებთან დიალოგისთვის.
6 თებერვალს პანამის პრეზიდენტმა მულინომ უარყო, რომ მისმა ქვეყანამ მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ამერიკის სამხედრო ხომალდებს შეეძლებათ პანამის არხის უფასოდ გადაკვეთა, და განაცხადა, რომ იგი „მთლიანად უარყოფს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას.“
პანამა და „სარტყლისა და გზის ინიციატივა“ (BRI)
ამავდროულად, მულინომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პანამის საელჩომ პეკინში, ჩინეთს ოფიციალური 90-დღიანი შეტყობინება გაუგზავნა იმის შესახებ, რომ ქვეყანა ტოვებს „სარტყლისა და გზის ინიციატივას“ (Belt and Road Initiative – BRI).
მულინომ უარყო ბრალდებები, თითქოს ეს გადაწყვეტილება მათ ვაშინგტონის ზეწოლის შედეგად მიიღეს. „არ ვიცი, რა მოტივაცია ჰქონდა იმ პირს, ვინც ჩინეთთან ეს შეთანხმება გააფორმა,“ – განაცხადა მულინომ ესპანურად და დასძინა, რომ არ ფიქრობს, რომ BRI-ის წევრობამ პანამას მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა.
პანამა 2018 წელს შეუერთდა ინიციატივას, ყოფილი პრეზიდენტის ხუან კარლოს ვარელას მმართველობის დროს. ეს გადაწყვეტილება პანამამ 2017 წელს ჩინეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა და ტაივანთან კავშირების გაწყვეტის შემდეგ მიიღო.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პანამის გადაწყვეტილება, არ განაახლოს მონაწილეობა BRI-ში, პოზიტიურად შეაფასა.
ჩინეთი „სარტყლისა და გზის ინიციატივას“ ახასიათებს, როგორც გლობალურ ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელიც სხვადასხვა კონტინენტს აკავშირებს სახმელეთო და საზღვაო მარშრუტებით. თუმცა, ამერიკის მთავრობა აცხადებს, რომ ინიციატივა ჩინეთის გავლენის უფრო მეტად გაზრდისთვის გამოიყენება.
პეკინში ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა მკაცრად გააკრიტიკეს ამერიკის განცხადებები პანამის არხთან დაკავშირებით და ვაშინგტონი დაადანაშაულეს “თავდასხმებსა და პარტნიორული ურთიერთობების დამახინჯებაში“.
„ჩინეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ განცხადებებს და მკაცრი პროტესტი გამოუცხადა შეერთებულ შტატებს“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლინ ჯიანმა.
სანტო დომინგოში ყოფნისას, რუბიომ შეხვედრები გამართა დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტ ლუის აბინადერთან და საგარეო საქმეთა მინისტრ რობერტო ალვარესთან.
დომინიკის რესპუბლიკა სახელმწიფო მდივნის როლში, რუბიოსთვის ხუთი ქვეყნისგან შემდგარი უცხოეთის პირველი ტურის ბოლო გაჩერება იყო, რომლის მთავარი მიზნებია: უკანონო მიგრაციის შემცირება, ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ ბრძოლა და ჩინეთის მზარდი გავლენის შეკავება დასავლეთ ნახევარსფეროში.