ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სამშაბათს კოსტა რიკის და მოგვიანებით გვატემალის ლიდერებს შეხვდება. სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში მისი ტური გრძელდება. ვიზიტებისას განხილული უმთავრესი საკითხები მიგრაცია, უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობა და რეგიონში ჩინეთის გავლენასთან დაპირისპირებაა.
რუბიო ორშაბათს ელ სალვადორში იყო, სადაც პრეზიდენტ ნაიბ ბუკელეს შეხვდა და გამოაცხადა, რომ ბუკელემ მას ამერიკიდან დეპორტირებული პირების მიღება შესთავაზა, მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნის მოქალაქეები იქნებიან ისინი.
"მან ასევე შემოგვთავაზა იგივეს გაკეთება იმ საშიში კრიმინალების თაობაზე, ვინც ახლა სასჯელს შეერთებულ შტატებში იხდის, მიუხედავად იმისა, ისინი ამერიკის მოქალაქეები არიან თუ ბინადრობის უფლების მქონე პირები", - თქვა რუბიომ.
ამერიკის მთავრობას ოფიციალურად ამერიკის მოქალაქეთა დეპორტირების უფლება არ აქვს.
მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ელ სალვადორი სრულად ითანამშრომლებს იმ სალვადორელების დაბრუნების საქმეში, რომლებიც ამერიკაში უკანონოდ იმყოფებიან. სახელმწიფო მდივანმა ამ თანამშრომლობას ყველაზე "უპრეცედენტო" და "ექსტრაორდინარული შეთანხმება" უწოდა.
ბუკელემ პლატფორმა "X"-ზე დაწერა, რომ მან ამერიკას მისი სასჯელაღსრულების სისტემის ნაწილობრივ საზღვრებს გარეთ გატანის შესაძლებლობა შესთავაზა. სანაცვლოდ მიღებული თანხა კი მისი თქმით, ამერიკისთვის უმნიშვნელო იქნება, გვატემალის სასჯელაღსრულების მთელი სისტემის უზრუნველყოფისთვის კი საკმარისი იქნება.
სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მარკო რუბიომ ასევე ისაუბრა სტრატეგიებზე იმისთვის, რომ დასავლეთ ნახევარსფეროში ჩინეთის კომუნისტური პარტიის გავლენას დაუპირისპირდნენ და რეგიონში ორივე ქვეყნის სუვერენიტეტი და ინტერესები დაიცვან.