შეერთებული შტატების სენატმა ხმის უმრავლესობით დაამტკიცა ქვეყნის შრომისა და შრომითი რესურსების დეპარტამენტის ახალი მდივანი. ლორი ჩავეს-დერემერი სათავეში ჩაუდგება ამერიკის ერთ-ერთ აღმასრულებელ უწყებას და უხელმძღვანელებს მშრომელთა უფლებების დაცვას.
დეპარტამენტის შტატიან თანამშრომელთა რაოდენობა ამ ეტაპზე 16, 000 ადამიანს აღწევს, მისი 2025 წლის ბიუჯეტი კი 13 მილიარდ დოლარს აჭარბებს. დეპარტამენტის მუშაობის მრავალფეროვან მიმართულებებს შორისაა: უმუშევართა რაოდენობის აღნუსხვა და გაზიარება; დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების შემუშავება; მინიმალური ხელფასის ზღვრის დადგენა; მცირეწლოვანთა სამუშაო პირობებისა და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების რეგულირება; სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების საკითხები და სხვა.
ჩავესი კონგრესის ყოფილი რესპუბლიკელი წევრია. ის პოზიციას იკავებს იმ დროს, როცა თეთრი სახლი ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ათასობით სამთავრობო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას ცდილობს.