ამერიკის კონგრესის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარედ რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი დაინიშნა.
"ჩემთვის პატივია ვიყო დასახელებული ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარედ. ევროპის უსაფრთხოება ყოველთვის კარგი იყო შეერთებული შტატებისთვის. თითქმის 50 წლის განმავლობაში ჰელსინკის კომისია იცავდა ადამიანის უფლებებს, ხელს უწყობდა დემოკრატიის დაწინაურებას, და ზრდიდა ეკონომიკურ თანამშრომლობას მსოფლიოს გარშემო", - თქვა სენატორმა უიკერმა.
"დღევანდელი გამოწვევები არანაკლებ გადაუდებელია. ველი ორივე პალატის, ორპარტიულ საფუძველზე მუშაობას იმისთვის, რომ უკრაინაში რუსეთის ომი სამართლიანად დასრულდეს, ნატოს ალიანსი უფრო მტკიცე იყოს და გვქონდეს საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება", - განაცხადა როჯერ უიკერმა.
ჰელსინკის კომისიის განცხადებაში განმარტებულია, რომ ეს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია. რუსეთი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ ომს აგრძელებს, ემუქრება არა მხოლოდ უკრაინის მომავალსა და დამოუკიდებლობას, არამედ, ამერიკის ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს.
"სამხრეთ კავკასიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანს აქვთ შესაძლებლობა, რომ გამძლე სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიონ, ათწლეულების განმავლობაში ძალადობისა და არასტაბილურობის შემდეგ. ამასობაში, საქართველოს დემოკრატია გზაგასაყარზეა, როცა პარტია "ქართული ოცნება" ცდილობს ქვეყანა რუსეთისკენ წაიყვანოს და დააშოროს მათ მიერ არჩეულ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზას", - აღნიშნა უიკერმა პოსტის დაკავებისას.
რესპუბლიკელი სენატორის განცხადებით, ამ ისტორიულ მომენტში ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს შესაძლებლობა, რომ წაახალისოს რეგიონული სტაბილურობა და გააძლიეროს საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს ამერიკის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობასაც.
სენატორი უიკერი ჰელსინკის კომისიის წევრი 2009 წლიდან იყო. ის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის პოსტსაც იკავებდა 2017-2014 წლებში. ის ამჟამად სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეა და ვაჭრობის, მეცნიერებისა და ტრანსპორტის საკითხთა კომიტეტების წამყვანი წევრიცაა. ის თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკიცაა, ამერიკის საჰაერო ძალებში მსახურობდა და შემდეგ მისი სარეზერვო ძალების წარმომადგენელი იყო.
სენატორი უიკერი საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებსაც რამდენჯერმე გამოეხმაურა. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მან თქვა, რომ ქართველი ხალხი არჩევნებზე თავისი დემოკრატიული უფლების გამოსაყენებლად წავიდა, თუმცა შედეგად "ფარსი" მიიღო.
"ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, მათ მიიღეს ფარსი. საქართველოს ხალხის დემოკრატიულ არჩევანს ძირი გამოუთხარა უკონტროლო დარღვევებმა, დაშინებამ, ძალადობამ, ამომრჩეველთა მოსყიდვამ, შედეგები კი მკვეთრად განსხვავდებოდა სანდო, დამოუკიდებელი წინასაარჩევნო გამოკითხვებისა და ეგზიტპოლების შედეგებისგან და წინა არჩევნებში გამოკვეთილი ტენდენციებისგან", - ამბობდა სენატორი უიკერი და დასძენდა, რომ ის იზიარებს პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებებს, რომ არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი და არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას.
"სამწუხაროდ მოსკოვის მხარდაჭერილი "ქართული ოცნება" როგორც ჩანს ფიქრობს, რომ რუსეთისა და მისი ავტორიტარული ღერძის გვერდით, მათ შეუძლიათ ამერიკასა და საქართველოს დემოკრატიულ მოკავშირეებზე მეტად მომთმენნი იყვნენ, ისინი ცდებიან. ამ არჩევნებზე მანიპულირება არა მხოლოდ დარტყმაა საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის, არამედ, თუ ეს [შედეგები] შენარჩუნდა, ასევე იქნება ქვეყნის ხანგრძლივი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების დასასრული, შესაძლოა მისი სუვერენიტეტისაც. ეს არის საარჩევნო თაღლითობა, და მის არალეგიტიმურ შედეგებს უნდა დავუპირისპირდეთ სიცხადითა და სიმტკიცით. სანამ "ქართული ოცნება" ებღაუჭება ძალაუფლებას მოძალადე ავტორიტარების მეურვეობის ქვეშ, ისინი მოიმკიან უპატივცემულობასა და იზოლაციას, რასაც ისინი ასე ძალიან იმსახურებენ", - განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა ოქტომბრის ბოლოს.
რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელიც აქამდე კომისიას ხელმძღვანელობდა, ახლა კომისიის თანათავმჯდომარე იქნება.