ორშაბათს, გერმანიის უმაღლესმა ფედერალურმა სასამართლომ, რომელიც სამოქალაქო დავებს განიხილავს, გადაწყვიტა, რომ კომპანია “ფოლკსვაგენმა”, არასწორი დიზელის ძრავიანი ავტომობილების მფლობელებს, კომპენსაცია გერმანიაშიც უნდა გადაუხადოს. ეს, გამონაბოლქვის თემაზე მომხდარი სკანდალიდან ხუთი წლის შემდეგ, ავტომწარმოებლისადმი მიყენებული უახლესი დარტყმაა.
სასამართლოს გადაწყვეტილება ავტომობილის მფლობელებს საშუალებას მისცემს მანქანები დააბრუნონ და შეძენის საფასური ნაწილობრივ უკან მიიღონ. სასამართლოს დადგენილება მაგალითი იქნება დაახლოებით 60,000 სარჩელისთვის, რომლებიც გერმანიის ქვედა ინსტანციების სასამართლოებში ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.
2015 წლის სექტემბერში “ფოლკსვაგენმა" აღიარა, რომ დიზელის ძრავებზე გამონაბოლქვის ტესტებს აყალბებდა. მას ეს სკანდალი - მეტწილად შეერთებულ შტატებში - რეგულაციების ჯარიმების და მანქანების გადაკეთების სახით - უკვე 33 მილიარდი დოლარი დაუჯდა. ავტომობილების პროგრამულ უზრუნველყოფაში თაღლითობის აღმოჩენის შემდეგ, ამერიკის ხელისუფლებამ მანქანების ამ სერიის გაყიდვა აკრძალა კიდეც.
ევროპაში ეს ავტომობილები გზებზე რჩებოდა და “ფოლკსვაგენი” ირწმუნებოდა, რომ სარჩელები უსაფუძვლო იყო. ევროპელმა ლიდერებმა კომპანია აიძულეს ძრავის კონტროლის პროგრამული უზრუნველყოფა განეახლებინა და გაყალბების და ადმინისტრაციული ნორმებიდან გადახრებისთვის, მას ჯარიმებიც დააკისრეს.
ორშაბათს “ფოლკსვაგენმა” განაცხადა, რომ სასწრაფოდ იმუშავებს შეთანხმებაზე ავტომფლობელებთან, რათა ერთჯერადი კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, მათ ეს ავტომობილები დაიტოვონ.
ცნობილი არ არის, თუ გერმანული ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება კომპანიას რამდენი დაუჯდება.
გრინვიჩის დროით 10:40 -ზე, “ფოლკსვაგენის” აქციების ფასი 0.5 პროცენტით შემცირდა.
Facebook Forum