ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვისი რეკომენდაციით გახდა, თავდაცვის სამინისტროს პარტნიორი - იოჰანან „იაშა“ ელიგულა?


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ, სსსტ ცენტრ „დელტას“ შვილობილი კომპანიის დირექტორს, აშშ-ში 20 წლიანი პატიმრობა ელის
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ, სსსტ ცენტრ „დელტას“ შვილობილი კომპანიის დირექტორს, აშშ-ში 20 წლიანი პატიმრობა ელის

15 აპრილს, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტებმა, ნიუ იორკში, მანჰეტენზე, ერთ-ერთ რესტორანში, ისრაელის და საქართველოს მოქალაქე იოჰანან ელიგულა დააკავეს. იმავე დღეს, მაიამიში, ფლორიდის შტატში, ასევე დააპატიმრეს, იოჰანან ელიგულას 34 წლის შვილი, დავიდ ელიგულა, რომელიც აშშ-ის და ისრაელის მოქალაქეა.

მამა-შვილს ფულის გათეთრება ბრალდებათ და 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს. დაკავებულებს მოსამართლემ გირაოთი გადავისუფლებაზე უარი უთხრა, რადგან ნიუ იორკის პროკურატურის აზრით, მათი მიმალვის საფრთხე არსებობდა. იოჰანან ელიგულა ბრუკლინის ფედერალურ ციხეში MDC გადაიყვანეს.

„იოჰანან ელიგულა მუშაობდა ადამიანებთან, რომლებსაც ნარკოკარტელის წარმომადგენლებად მიიჩნევდა, იმ მიზნით, რომ იარაღის და სხვა ლეტალური იარაღის, მათ შორის რაკეტების გაყიდვით, ასი ათასობით დოლარი გაეთეთრებინა. მან არ იცოდა, რომ ნარკოკარტელის ეს წარმომადგენლები, სინამდვილეში გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები იყვნენ“
დამიან უილიამსი, ფედერალური პროკურორი

„იოჰანან ელიგულა მუშაობდა ადამიანებთან, რომლებსაც ნარკოკარტელის წარმომადგენლებად მიიჩნევდა, იმ მიზნით, რომ იარაღის და სხვა ლეტალური იარაღის, მათ შორის რაკეტების გაყიდვით, ასი ათასობით დოლარი გაეთეთრებინა. მან არ იცოდა, რომ ნარკოკარტელის ეს წარმომადგენლები, სინამდვილეში გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები იყვნენ“ - განაცხადა ფედერალურმა პროკურორმა დამიან უილიამსმა.

გამოძიების მასალებიდან ჩანს, რომ ფედერალური ბიუროს აგენტები, რომლებიც თავს ნარკოკარტელის წარმომადგენლებად ასაღებდნენ, მამა შვილს 2022 წლის ზაფხულში დაუკავშირდნენ. 2023 წლამდე კი ელიგულებს ხუთჯერ შეხვდნენ და გასათეთრებლად, საერთო ჯამში ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი თანხა გადასცეს. შეთანხმებული „საკომისიოს“ გამოკლებით, აგენტებმა უკან, ბიტკოინებით და საბანკო გადარიცხვებით, უკვე გათეთრებული ფული მიიღეს.

იოჰანან ელიგულამ ზუსტად იცოდა, რომ ეს „ნარკოდოლარები“ იყო და „საქმე კოლუმბიელებთან“ ჰქონდა, ამის მიუხედავად, მან აგენტებს შესთავაზა, რომ „დღეში მილიონ დოლარს გაათეთრებდა“, ისე რომ ბანკი ფულის წარმომავლობაზე, „არასოდეს კითხვებს არ დასვამდა“.

ელიგულამ „ნარკოკარტელს“ ასევე შესთავაზა, ამერიკული წარმოების გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს FIM-92 Stinger-ის და M4 ტიპის ავტომატური შაშხანების ყიდვა. მოგვიანებით კი ჩინეთის წარმოების FN-6 და FN-16 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მიყიდვაც.

სასამართლოს ჩანაწერებში ვკითხულობთ, რომ ელიგულამ ერთ-ერთ გადაცმულ აგენტს უთხრა, რომ "ფლობდა ქარხანას, რომელიც აწარმოებდა 50-მმ კალიბრის შაშხანებსა და კამიკაძე დრონებს და ის "(ქვეყნის სახელი გამოტოვებულია) თავდაცვის ინდუსტრიის 35% აკონტროლებდა.

FBI-ის აგენტების მიერ ელიგულასთვის გადაცემული 690 ათასი დოლარი და ელიგულას ტრაბახი, რომ "საქართველოს თავდაცვის ინდუსტრიის 35% აკონტროლებს".
FBI-ის აგენტების მიერ ელიგულასთვის გადაცემული 690 ათასი დოლარი და ელიგულას ტრაბახი, რომ "საქართველოს თავდაცვის ინდუსტრიის 35% აკონტროლებს".

გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტებმა, იოჰანან ელიგულა, 15 აპრილს, მანჰეტენზე, ერთ-ერთ რესტორანში, 690 000 აშშ დოლარის გაცემის შემდეგ დააკავეს, ეს იყო იმ თანხის მცირე ნაწილი, ე.წ ბე, რომელიც „ნარკოკარტელისთვის“ იარაღის შეძენას უნდა მოხმარებოდა.

იოჰანან ელიგულას აშშ-ში დაპატიმრება ქართული აუდიტორიისთვის იმით არის საინტერესო, 2021 წლიდან, ეს ადამიანი, საქართველოს მთავრობის თანხმობით, თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ შვილობილი კომპანია „დელტა CAA“ დირექტორია. მაღალი ალბათობით, ელიგულამ FBI აგენტს სწორედ საქართველო უხსენა, როცა „თავდაცვის ინდუსტრიის 35% კონტროლებზე“ საუბრობდა.

საქართველოში, იოჰანან ელიგულას, იაშა ელიგულაშვილის სახელით იცნობენ. იგი საბჭოთა საქართველოში, ქალაქ სამტრედიაში 1965 წელს დაიბადა და სოფელ კულაშში იზრდებოდა. გასული 70-იან წლებში, ისრაელში რეპატრიაციის შემდეგ კი ისრაელის მოქალაქე და იოჰანან ელიგულა გახდა. საქართველოში ელიგულა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლებში დაბრუნდა და ბიზნესით დაკავდა.

სამტრედიაში დაბადებული, კულაშელი იოჰანან ელიგულას (იაშა ელიგულაშვილის) ისრაელის და საქართველოს პასპორტები
სამტრედიაში დაბადებული, კულაშელი იოჰანან ელიგულას (იაშა ელიგულაშვილის) ისრაელის და საქართველოს პასპორტები

„ამერიკის ხმამ“ 2011 წელს გიამბოთ, რომ დაპატიმრებული ბიზნესმენი ბაკურ კიღურაძე, იოჰანან იაშა ელიგულას მსხვილი ბიზნესს პროექტიდან („თურქმოლის“ საქართველოში შემოყვანა და დელისის მეტროსთან, მრავალსართულიანი სავაჭრო ცენტრის აშენება) გარიყვაში ადანაშაულებდა. კიღურაძის თქმით, ელიგულა საქართველოს ხელისუფლებას ფულის გათეთრების ბრალდებით მცირე ხნით დაკავებულიც ჰყავდა, შემდეგ საპროცესოთი გამოუშვა და საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა.

ელიგულა საქართველოს ხელისუფლებას ფულის გათეთრების ბრალდებით მცირე ხნით დაკავებულიც ჰყავდა, შემდეგ საპროცესოთი გამოუშვა და საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს, იაშა ელიგულა ხდება ბათუმის გემთსაშენი ქარხნის და ბათუმის ავტოსადგურის აქციონერი, სუფსაში კი აშენებს კივის პლანტაციებს. არის ინფორმაცია, რომ ელიგულა თავდაცვის სამინისტროსთან კონტაქტების დამყარებასაც ცდილობდა, მაგრამ, იმ მიზეზით, რომ საქართველოსთან იარაღის ვაჭრობაზე ემბარგო იყო დაწესებული, ეს პროექტი მაშინ ჩავარდა.

პარალელურად, ელიგულა აქტიურობს უძრავი ქონების ბაზარზე, სადაც მის ბიზნესს იურისტი არჩილ კბილაშვილი კურირებს. 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, კბილაშვილი ქვეყნის მთავარი პროკურორი ხდება. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, 2013 წელს, კბილაშვილი ელიგულას იურდიულ მომსახურებას ისევ უწევს.

2014 წელს, ელიგულა საჯაროდ ჩნდება, თბილისში, საქართველო-ისრაელის ბიზნესს ფორუმზე, რომელიც ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით ჩატარდა. ელიგულა ამბობს, რომ საქართველოში ინვესტირება 2006 წლიდან დაიწყო და მისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, უძრავი ქონების და სოფლის მეურნეობის სფეროები. მან აღნიშნა, რომ გურიაში, სუფსაში, 63 ჰექტარი მიწა იყიდა და 2015 წელს, კივის პირველ მოსავალს ელოდება.

იოჰანან ელიგულა 2014 წელს, თბილისში, საქართველო-ისრაელის ბიზნეს ფორუმზე - ნეტგაზეთის ფოტო
იოჰანან ელიგულა 2014 წელს, თბილისში, საქართველო-ისრაელის ბიზნეს ფორუმზე - ნეტგაზეთის ფოტო

2015 წელს, პრესაში, იოჰანან ელიგულას სახელი ჩნდება, მცხეთაში, „მცხეთა-იერუსალიმისა“ და “გეთსამანიის ბაღის“ სადავო პროექტებთან დაკავშირებით. საბოლოოდ, ეს მეგა მშენებლობები, რომელშიც ელიგულას სხვა ისრაელელი პარტნიორებიც ჰყავდა, საზოგადოების წინააღმდეგობის გამო არ განხორციელდა.

„დელტა CAA“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის მტკიცებით, M4 ტიპის მსგავსი, ქართულ-ისრაელული ერთობლივი წარმოების ავტომატური შაშხანა GI-4 სერიულად უნდა გამოეშვა

2021 წელს, სრულიად მოულოდნელად, იოჰანან ელიგულა, რომელიც უკვე საქართველოს მოქალაქეც არის, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ შვილობილი კომპანია - „დელტა CAA“ ერთ-ერთი დირექტორი ხდება.

„დელტა CAA“ მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის მტკიცებით, M4 ტიპის მსგავსი, ქართულ-ისრაელული ერთობლივი წარმოების ავტომატური შაშხანა GI-4 სერიულად უნდა გამოეშვა.

„დელტა CAA“ აპრილში დააფუძნეს:თავდაცვის სამინისტროს სსსტ ცენტრმა „დელტამ“ (24%), ისრაელის იარაღის მწარმოებელმა კომპანია CAA Industries (51%) და აშშ-ში, იოჰან ელიგულას მიერ რეგისტრირებულმა კომპანია Bluestone Invest Fund (24%).

19 მაისს, თავდაცვის სამინისტროში, მინისტრმა ბურჭულაძის, CAA Industries მეპატრონემ მოშე ოზიმ (ოზიც საქართველოში დაბადებული ისრაელის მოქალაქეა, რომელიც საქართველოს მოქალაქეობასაც ფლობს) და იოჰანან ელიგულამ „ურთიერთ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას“ ხელი საჯაროდ მოაწერეს.

თავდაცვის სამინისტროში, „დელტა CAA“ დაფუძნებლები: იოჰანან ელიგულა, მინისტრი ბურჭულაძე და CAA Industries მეპატრონე მოშე ოზი
თავდაცვის სამინისტროში, „დელტა CAA“ დაფუძნებლები: იოჰანან ელიგულა, მინისტრი ბურჭულაძე და CAA Industries მეპატრონე მოშე ოზი

უკვე, 30 იანვარს, მას შემდეგ, რაც თბილისში, M4 ტიპის მსგავსი, ავტომატური შაშხანა GI-4 სერიულ წარმოების დაწყებაზე, საერთაშორისო პრესაშიც დაიწერა, „დელტა CAA“ ყველაზე დიდმა აქციონერმამოშე ოზიმ ამ ინფორმაციას „ქართული პიარი“ უწოდა და Israeldefense-თან საუბარში აღნიშნა, რომ არაფერი ხელმოწერილი და შეთანხმებული ჯერ არ არის.

ამის მიუხედავად, 2021 წლის ოქტომბერსა და დეკემბერში, პრემიერმა ღარიბაშვილმა ორჯერ იახლა იოჰანან ელიგულა „დელტაში“ და შაშხანების წარმოების უახლოეს მომავალში დაწყება დაანანონსა.

„ჩვენ უკვე ოფიციალურად გავხსენით საწარმო და დავიწყებთ M4 ტიპის მსგავსი GI-4 წარმოებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვულოცავ „დელტას“ და მთლიანად თავდაცვის სამინისტროს ამ ძალიან მნიშვნელოვან საწარმოს” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

2022 წლის იანვარში ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის, თებერვალში კი ჯუანშერ ბურჭულაძე - თავდაცვის მინისტრის პოსტებიდან ისე მოხსნეს, „დელტა CAA“ იარაღის წარმოება არ დაუწყია.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და იოჰანან ელიგულა, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“, 2022 წლის ოქტომბერი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და იოჰანან ელიგულა, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“, 2022 წლის ოქტომბერი

ამ პერიოდში, იოჰანან ელიგულა პარალელურად, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის სოსო ტყემალაძის მრჩეველი ხდება. რეგულარულად ესწრება საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „შავი ლომის“ მატჩებს, მათ შორის თელ ავივშიც.

ივნისში, სოსო ტყემალაძემ ელიგულა სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ვერტმფრენით გადააფრინა ბათუმში, საქართველო-იტალიის ტესტ მატჩზე დასასწრებად. ტყელამაძე ელიგულას „უძრავი ქონების ბაზრის გლობალურ ინვესტორად“ მოიხსენიებდა.

იოჰანან ელიგულა, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მრჩევლის რანგში, საქართველო-გერმანიის მატჩზე თბილისში
იოჰანან ელიგულა, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მრჩევლის რანგში, საქართველო-გერმანიის მატჩზე თბილისში

2022 წლის 29 ივლისს, „დელტა CAA“ პარტნიორთა კრება იმართება, რომლის შემდეგაცCAA Industries მეპატრონე მოშე ოზი, რომელიც კომპანიაში 51% ფლობს, იოჰანან ელიგულას უთანხმდება, რომ Bluestone Invest Fund მფლობელობაში არსებულ 24%-ს ერთი მილიონ 920 ათასს აშშ დოლარად შეიძენს. ამ გარიგების შემდეგ, ელიგულა ავტომატურად კარგავდა ერთ-ერთი დირექტორის თანამდებობას და კომპანიიდან გადიოდა.

ელიგულა რაგბის კავშირის პრეზიდენტის მრჩეველი ხდება. სოსო ტყელამაძე მას „უძრავი ქონების ბაზრის გლობალურ ინვესტორად“ მოიხსენიებდა

გარიგებას "მწვანეს უნთებს", როგორც თავდაცვის სამინისტროს სსსტ ცენტრ „დელტას“ გენდირექტორი იოსებ ლოლაძე, ისე „დელტა CAA“ ქართველი დირექტორი - ლევან ჩიკვაიძეც. თუმცა, უკვე 8 აგვისტოს, მოშე ოზი საჯარო რეესტრს წერს, რომ ამ გარიგების სარეგისტრაციო წარმოება შეეწყვიტათ. რა გახდა გარიგების ჩაშლის მიზეზი უცნობია.

ამ პერიოდში, იოჰანან ელიგულა თბილისის ზღვაზე, საიალქნო კლუბისა და სანიჩბოსნო ბაზის მიმდებარედ, ძვირადღირებულ მიწის ფართებს ყიდულობს და მშენებლობას იწყებს.

ელიგულა ასევე უბრუნდება, დელისის მეტროსთან მრავალსართულიანი ბიზნესს ცენტრის აშენების ძველ პროექტს. ამჯერად, ახალი შპს „დელისი დეველოპმენტით“, სადაც მისი 70%-იანი პარტნიორი, იურისტი გიორგი ყავლაშვილია. 2023 წლის მარტში, „დელისი დეველოპმენტმა“ თბილისის საკრებულოსთან პროექტი ნაწილობრივ შეათანხმა.

იოჰანან ელიგულას მიერ 2021-22 წლებში, თბილისის ზღვაზე შეძენილი ძვირადღირებული მიწის ფართობი და დაწყებული მშენებლობა
იოჰანან ელიგულას მიერ 2021-22 წლებში, თბილისის ზღვაზე შეძენილი ძვირადღირებული მიწის ფართობი და დაწყებული მშენებლობა

„დელტა CAA“ ერთ-ერთი დირექტორი იოჰანან ელიგულა ნიუ იორკში 15 აპრილს დააპატიმრეს. საინტერესოა, რომ „დელტა CAA“ კიდევ ერთი დირექტორი, CAA Industries მეპატრონე მოშე ოზი, ისრაელის ხელისუფლებამ 2023 წლის 7 ოქტომბრის „ჰამასის“ შემზარავი თავდასხმის შემდეგ დააკავა.

როგორ და ვისი რეკომენდაციით გახდნენ, „დელტას“ პარტნიორები იოჰანან ელიგულა და მოშე ოზი? შეამოწმა თუ არა ეს პირები სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა?

ოზი ორი კვირის მანძილზე იყო დაკავებული, შემდეგ ერთი თვე შინაპატიმრობაში და ახლა კი ისრაელის დატოვება აკრძალული აქვს. მას ბრალად ედება რომ „ჰამასის“ თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, შეგნებულად ცდილობდა, ისრაელის პოლიციისთვის უხარისხო ჯავშანჟილეტების მიყიდვას. ოზი ბრალდებას უარყოფს.

აშშ-ში, თავდაცვის სამინისტროს სსსტ ცენტრ „დელტას“ შვილობილი კომპანიის დირექტორის დაპატიმრების გამო, „ამერიკის ხმა“ შეეცადა, კომენტარის მიღებას, როგორც თავდაცვის სამინისტროსგან, ისე „დელტასგან“, ასევე ყოფილი პრემიერის და თავდაცვის ექს მინისტრისგან.

ჩვენ გვაინტერესებდა, როგორ და ვისი რეკომენდაციით გახდნენ, „დელტას“ პარტნიორებად იოჰანან ელიგულა და მოშე ოზი? შეამოწმა თუ არა ეს პირები სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა?

რა ინფორმაციას ფლობდა მთავრობა ლას ვეგასში დაფუძნებული Bluestone Invest Fund შესახებ? (ნიშანდობლივია, რომ იოჰანან ელიგულას წინააღმდეგ ოპერაცია სწორედ FBI ლას ვეგასის ოფისმა განახორციელა) დაინტერესდა თუ არა ანტიკორუფციული ბიურო ელიგულას შემოსავლებით?

იოჰანან ელიგულა და "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი
იოჰანან ელიგულა და "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი

იცოდნენ თუ არა თავდაცვის სამინისტროში, რომ CAA Industries ისრაელში, რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხის“ ოფიციალური წარმომადგენელია? „როსტეხი“, რომელიც რუსეთის არმიის მთავარი მომმარაგებელია, აშშ-ის და ევროკავშირის მკაცრი სანქციების ქვეშ არის.

ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა არავინ ისურვა. ამ დროისთვის,FBI მიერ დაკავებული იოჰანან ელიგულა, რომელსაც ფულის გათეთრების გამო, 20 წლიანი სასჯელი ელის, კვლავ რჩება „დელტა CAA“ დირექტორად.ელიგულა ასევე არის „დელტა +“ დამფუძნებელი, სადაც მისი პარტნიორი ასევე თავდაცვის სამინისტროს სსსტ ცენტრი „დელტაა“. იოჰანან ელიგულა ისევ რჩება საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ბორდისწევრად.


XS
SM
MD
LG