იმ დროს, როდესაც ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მესამე დღეა ძალაში რჩება და გაეროს ჰუმანიტარულმა სააგენტოებმა პალესტინელი სამოქალაქო მოსახლეობისთვის ღაზაში დახმარება შეიტანეს, „ჰამასი“ აცხადებს, რომ შაბათს მძევლების კიდევ ერთ ჯგუფს გაათავისუფლებს.
სამშაბათს „ჰამასის“ ოფიციალურმა პირმა სააგენტო „ფრანს პრესს“ უთხრა, რომ მძევლების შემდეგ ჯგუფში ოთხი ისრაელელი ქალი იქნება, რომლებსაც ისრაელში დაპატიმრებულ პალესტინელებში გაცვლიან.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომლის გუნდის ოფიციალურმა პირებმა, ყოფილ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციასთან ერთად, ხელისუფლების გადაბარებამდე ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისკენ უბიძგეს, ზავის თაობაზე ერთგვარი ეჭვები გამოხატა.
„დარწმუნებული არ ვარ“, უთხრა ტრამპმა ორშაბათს ჟურნალისტებს. „ეს ჩვენი ომი არ არის, ეს მათი ომია“.
ტრამპმა თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია „შესაძლოა“ დაეხმაროს ღაზის აღდგენის ძალისხმევას და ტერიტორია „მასიური ნგრევის ადგილს“ შეადარა.
გაეროს ჰუმანიტარული საქმეების კოორდინაციის ოფისმა თქვა, რომ ორშაბათს ღაზაში დახმარებით დატვირთული 915 სატვირთო მანქანა შევიდა.
მიმდინარე კონფლიქტი 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც აშშ-ის მიერ ტერორისტულ ჯგუფად მიჩნეული „ჰამასი“ ისრაელს თავს დაესხა, 1200 ადამიანი მოკლა და 250 მძევალი, მეტწილად ქალები და ბავშვები გაიტაცა. ღაზის „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის უწყების თანახმად, ისრაელის საპასუხო იერიშმა 47 ათასზე მეტი პალესტინელი არაბი, აქედან, ნახევარზე მეტი ქალები და ბავშვები იმსხვერპლა.