ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიანიშნა, რომ ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომლის შედეგადაც მძევლებიც უნდა გათავისუფლდნენ, მალე შედგება. სამშაბათს, 14 იანვარს, ყატარში მხარეების მომლაპარაკებლები კიდევ ერთხელ იკრიბებიან.
ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაჯერ ალ-ანსარიმ პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა და ბოლო დეტალები ზუსტდება. მისი თქმით, დროებითი ზავი ახლა იმდენად რეალურია, რამდენადაც ამ ბოლო თვეების განმავლობაში ჯერ არასდროს ყოფილა.
"ჰამასი" ამბობს, რომ მოლაპარაკებებმა ბოლო ეტაპს მიაღწია და ის იმედოვნებს, რომ ბოლო რაუნდები შეთანხმებით დასრულდება. სააგენტო "როიტერს" მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციის მქონე პირი ეუბნება, რომ ყატარელმა შუამავლებმა მხარეებს უკვე გადასცეს შეთანხმების საბოლოო ვერსიის სამუშაო დოკუმენტები. ამ გეგმით, მძევლების გათავისუფლება რამდენიმე ეტაპად უნდა მოხდეს.
ყატარის პრემიერ-მინისტრის მიერ მიწვეულ შეხვედრას ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფიც დაესწრო და ბაიდენის სპეციალური წარმომადგენელი ბრეტ მაკგარკიც.
"შეთანხმება.. გაათავისუფლებს მძევლებს, შეაჩერებს ბრძოლას, ისრაელს მისცემს უსაფრთხოებას და საშუალებას მოგვცემს ჩვენ, რომ მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჰუმანიტარული დახმარება იმ პალესტინელებისთვის, ვინც "ჰამასის" მიერ დაწყებული ამ ომით საშინლად დაიტანჯა", - განაცხადა ჯო ბაიდენმა ორშაბათს.
ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბერს მომხდარი "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ გატაცებული მძევლებიდან 100 სავარაუდოდ კვლავ ტყვეობაში რჩება. თავდასხმისას 1 200-მდე ისრაელელი მოკლეს, 250-მდე ადამიანი კი მძევლად წაიყვანეს. ამის შემდეგ ისრაელმა "ჰამასს" ომი გამოუცხადა და ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რომელსაც პალესტინელთა, "ჰამასის" მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის უწყების ცნობით, 46, 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამ დრომდე ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მხოლოდ ერთი შეთანხმება შედგა.