ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კუბა-რუსეთის წარსული და მომავალი


ომარ ჰერნანდეზს სოციალისტური კუბის მშენებლობაში წვლილი არ მიუძღვის. ის 1963 წელს, კუბის რევოლუციიდან ოთხ წელიწადში, ყოფილი დიქტატორის - ფულგენციო ბატისტას მხარდამჭერების ოჯახში დაიბადა.

ჰერნანდეზი კუნძულის პატარა ქალაქში გაიზარდა, სადაც მძლავრი რუსული გავლენა იყო. ხელი მიუწვდებოდა რუსულ კლასიკურ ლიტერატურაზე, საბჭოურ ფილმებზე, მულტფილმებზე და საბჭოთა კულტურის სხვა ნიმუშებზე, რომელიც კუბაში მოსკოვის კომუნისტური გავლენის ძალისხმევის შედეგად ბლომად მოიპოვებოდა.

“კუბური სახლი რუსული სახლი იყო - ტელევიზორი, მაცივარი, ყველაფერი რუსული იყო,” ყვება ჰერნანდეზი.

მის ბავშვობაში რუსები კუბაში საბჭოთა კავშირის მსგავს ცენტრალიზებულ გეგმიურ ეკონომიკას ქმნიდნენ და საწარმოებს აშენებდნენ. რუსეთიდან მომავალი სატვრითო გემების დიდ ნაწილს სამხედრო აღჭურვილობა ჩაჰქონდა. 1962 წელს კუბაში საბჭოთა ბირთვული იარაღის ჩატანის მიზანი კუბასა და შეერთებულ შტატებს შორის ბირთვული კრიზის გაღვივება იყო.

1960-იან წლებში საბჭოთა გავლენა იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც კუბას ათასობით ადამიანი ტოვებდა და პოლიტიკურ თავშესაფარს ამერიკასა და ევროპაში ეძებდა.

კუბელი მიგრანტები დღემდე იხსენებენ საბჭოთა კავშირის გავლენას ყოველდღიურ ცხოვრებაზე, როგორიცაა ნაცრისფერი არქიტექტურა ფერად ჰავანაში.

კუბა-საბჭოთა კავშირის ურთიერთობებს უფრო ნათელ ფერებში აღწერდნენ მოსკოვში. ამ თვეს ჰავანაში, ბარაკ ობამას შესახვედრად შეკრებილ ხალხს არაფერი აკავშირებთ იმათთან, ვინც ფიდელ კასტროს სანახავად წითელ მოედანზე შეიკრიბა.

მოსკოვს სტუმრობდა კასტროს რევოლუციონერი თანამებრძოლი ჩე გევარაც, რომელიც ცნობილ საბჭოთა კოსმონავტს - იური გაგარინს დაუმეგობრდა.

მზარდ რუსულ-კუბურ ურთიერთობებს ეძღვნებოდა კუბაში ფართოდ გავრცელებული საბჭოთა ჟურნალ-გაზეთები. 1962 წელს კუბამდე ჩააღწია საბჭოთა პოპ მუსიკამაც, კუნძულს “საბჭოთა კავშირის სინატრად” წოდებული აზერბაიჯანული წარმოშობის ბარიტონი მუსლიმ მაგამაევი ეწვია.

რუსი ჟურნალისტი კონსტანტინ ვონ ეგერტი ამბობს, რომ 1960-იან წლებში, ხრუშჩოვის მმართველობისას, რიგითი საბჭოელები გატაცებული იყვნენ კუბით, მისი ფერებით და წვერიანი რევოლუციონერებით.

“ჩვენ ყოველთვის ვუყურებდით კუბას, როგორც თბილ ადგილს, სადაც კარგი მუსიკა აქვთ და სადაც ხალხი უფრო იდეალისტურია ვიდრე ჩვენთან,” იხსენებს რუსი ჟურნალისტი.

“რომანტიკოსი რევოლუციონერის, ბერეტიანი ჩე გევარას იდეა, რომელიც სამართლიანი სამყაროსთვის და სამართლიანი საზოგადოებისთვის იბრძვის, ბევრი საბჭოელისთვის მიმზიდველი იყო, ის კარგად თავსდებოდა ხრუშჩოვის დროინდელ სოციალიზმთან.”

კასტროს მმართველობა სისასტიკით სტალინისას არ შეედრებოდა, მაგრამ საკმარისი წნეხი აღმოჩნდა ჰერნანდეზისთვის, რომ ჰავანა 90-იანებში დაეტოვებინა, მაშინ ის ახალგაზდა, იმედისმომცემი სცენარისტი იყო და რუსულს სწავლობდა.

მან თავი ჯერ ესპანეთს, შემდეგ კი საბჭოთა რუსეთს შეაფარა.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დრამატულად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეცვალა. 90-აინ წლებში, ეკონომიკური გამოწვევების წინაშე მდგარმა კრემლმა კუბას სუბსიდიები შეუწყვიტა. რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ ურთიერთობების აღდგენას ცდილობს.

2014 წელს კუბაში ჩასვლისას ახალი ეპოქის დაწყების პირობით პუტინმა კუბას 32 მილიარდი ამერიკული დოლარის ოდენობის ვალი ჩამოაწერა.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ლათინური ამერიკის კვლევების დირექტორმა ვლადიმირ დავიდოვმა “ამერიკის ხმას” უთხრა, რომ რუსეთის და კუბის ურთიერთობებს რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა და ნავთობის დაბალი ფასი ართულებს.

“საიდუმლო არ არის, რომ რუსეთის ეკონომიკა კარგ მდგომარეობაში არ არის. იკლო ლათინურ ამერიკაში რუსული პროდუქციის ექსპორტმა,” ამბობს დავიდოვი, რომლის აზრითაც გახსნილი კუბა მეწარმეებისთვის გაზრდილ კონკურენციას ნიშნავს.

ჰავანაში პრეზიდენტ ობამას ვიზიტს ოფიციალურად მიესალმა კრემლი, პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ “რუსეთი დაინტერესებულია იმაში, რომ კუბელ მეგობრებს კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ ყველა მეზობელთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან.”

პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ კუბისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნა იმის აღიარებაა, რომ უკრაინის კონფლიქტის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ჩიხია.

მოსკოვში ბევრი მიიჩნევს, რომ ამერიკასთან ურთიერთობების აღდგენასთან ერთად დასრულდება კუბის განსაკუთრებული კავშირები რუსეთთან, რასაც კონსტანტინ ეგერტ “ბუნებრივ პროცესად” მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG