ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ, ირანი და ისრაელი


პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დარწმუნებულია, რომ ირანი დროის მოგებას ცდილობს

ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებები თეირანს აძლევს დროს ბირთვული იარაღის გასავითარებლად. თუმცა, შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ ისრაელის დარწმუნებას, რომ ირანის ბირთვული კრიზისის მოსაგვარებლად დიპლომატიური რესურსი ჯერ ამოწურული არ არის. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სკოტ სტერნსი არკვევდა.

ირანთან გაეროს და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი მომავალ თვეს ბაღდადში გაიმართება. თუმცა, ამ პროცესს ისრაელი სკეპტიკურად უყურებს. პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დარწმუნებულია, რომ ირანი დროის მოგებას ცდილობს.

„ჩემი პირველი შთაბეჭდილებაა, რომ ირანს მიეცა შანსი. ურანის გამდიდრება კიდევ ხუთ კვირას დაუბრკოლებლად გაგრძელდება,“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ირანს თავისუფლად მოქმედების საშუალება არ ეძლევა, არამედ პირიქით - თეირანმა უნდა დაამტკიცოს, რომ საერთაშორისო ვალდებულებას აგრძელებს.

„ირანს და ჩვენს პარტნიროებს ნათლად განვუმარტე, რომ არ ვაპირებთ ეს მოლაპარაკებები გაყინულ პროცესად ვაქციოდ. ჩვენ უარს არ ვამბობთ მოლაპარაკების შესაძლებლობაზე და დავინახავთ, თუ რამდენად გულწრფელი იქნება ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან,“- განაცახდა ბარაკ ობამამ.

ისრაელი უკვე ღიად განიხილავს სამხედრო შეტევის შესაძლებლობას ირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად.

ახლო აღმოსავლეთის საკითხების ანალიტიკოსი მელოუ ინოკენტი ამბობს, რომ შეერთებული შტატები უფრო მეტ დროს ითხოვს.

„ისრაელის მთავრობა მიიჩნევს, რომ ეს მოლაპარაკებები უსაფუძვლოა და აუცილებელია დაუყოვნებლივი მოქმედება, მათ შორის სამხედრო დარტყმები. ამდენად, როგორც ჩანს, ისრაელსა და ამერიკის მთავრობებს შორის დაძაბულობა აშკარაა,“- ამბობს ინოკენტი.

ამასობაში, შეერთებული შტატები და ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ ნავთობის და საბანკო სფეროში სანქციებს ამკაცრებენ. პრეზიდენტ ობამას განცხადებით, სანქციები მანამდე არ მოიხსნება, ვიდრე საერთაშორისო საზოგადოება არ დარწმუნდება, რომ ირანის ბირთვული პროგრამა იარაღის შექმნას არ ისახავს მიზნად.

მელოუ ამბობს, რომ იმ დროს, როდესაც პარალელურად ირანის მოკავშირე სირიის რეჟიმზე ზეწოლა ძლიერდება, ობამას ადმინსიტრაციას სურს რომ ისრაელმა მოთმინება გამოავლინოს. კატოს ინსტიტუტის ანალიტიკოსი ამბობს, რომ ვაშინგტონი ცდილობს დაითანხმოს ისრაელი არ შეუშალოს ხელი იმ მოვლენას როდესაც ირანზე და სირიაზე ერთდრიულად ხორციელდება საერთაშორისო ზეწოლა.

ირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი ხასიათისაა. როგორც გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი ამბობს, თეირანს უნდა მიეცეს ამის შანსი, რათა ეს საერთაშორისო თანამეგობრობას დაუმტკიცოს.

XS
SM
MD
LG