წვრთნები, სახელად "ერთგულების კუნძულები" არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ირანს შორის მზარდი ტერიტორიული დაპირისპირების ფონზე იწყება. უთანხმოების ობიექტი სპარსეთის ყურეში არსებული სამი სტრატეგიული კუნძულის დაქვემდებარებაა.
აპრილის დასაწყისში ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ერთერთი კუნძული-აბუ მუსა მოინახულა, რამაც სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია აბუ-დაბისა და თეირანს შორის.
არაბეთის გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრმა ანვარ მოჰამედ გარგაშმა განაცხადა, რომ მის ხალხს "ყელში ამოუვიდა" ირანელების მიერ საკუთარი მიწა-წყლის ოკუპაცია.
შაბათს ირანის ფარსის საინფორმაციო სააგენტომ გააკეთა მკაცრი გაფრთხილება, რომ დაპირისპირება შესაძლოა ომში გადაიზარდოს. სააგენტომ ვინაობადაუდგენელი სამხედრო პირის სიტყვები დაიმოწმა, რომ "პირველ რიგში გაერთიანებულ საემიროებს სერიოზული ზიანი მიადგება".
მიუხედავად აღნიშნული განცხადებებისა, ანალიტიკოსი და კატარში არსებული თავდაცვისა და უსაფრთხოების სამეფო ინსტიტუტის მკვლევარი დევიდ რობერტსი ფიქრობს, რომ ორივე ქვეყანა სერიოზული კონფრონტაციის თავიდან აცილებას ამჯობინებს.