სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა მიმდინარე კვირის მანძილზე კონგრესში გამართულ მოსმენებზე ავღანეთში ეროვნული აღმშენებლობის სფეროში მიღწეული პროგრესი კრიტიკულად შეაფასეს. მოსმენები დაემთხვა კონგრესის კვლევითი სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ამერიკის უზარმაზარმა ფინანსურმა დახმარებამ ავღანეთში უმნიშვნელო შედეგები გამოიღო. სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავჯდომარემ დემოკრატმა სენატორმა კარლ ლევინმა პრეზიდენტ ობამას მოუწოდა ამა წლის ბოლომდე ავღანეთიდან სულ ცოტა 15,000 ამერიკელი ჯარისკაცი გამოიყვანოს.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ავღანეთში შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე ბატონ რაიან კროკერის დანიშნვის დამტკიცებასთან დაკავშირებით, მოსმენები გამართა. ბატონი კროკერი ვეტერანი ამერიკელი დიპლომატი გახლავთ, რომელიც 2007-დან 2009 წლამდე ერაყში შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობას იკავებდა.
მოსმენების დროს კროკერმა აღნიშნა, რომ მისთვის კარგად არის ცნობილი ის სირთულეები, რომელიც მას ავღანეთში ელის:
„გმადლობთ, სენატორო. მე ამ გამოწვევის სირთულეებთან დაკავშირებით არანაირი ილუზიები არ გამაჩნია. ერაყი ხომ ნამდვილად რთული გამოწვევა გახლდათ, მაგრამ ავღანეთი სხვადასხვა ფაქტორების გამო ბევრად უფრო რთულია,“ აღნიშნა ბატონმა კროკერმა.
მოსმენებში მონაწილე სენატორებმა აღნიშნეს, რომ კროკერის დიპლომატიური თანამდებობა ავღანეთში სახარბიელო როდია, რადგან კონგრესი პრეზიდენტზე ზეწოლას ზრდის, რათა შეერთებულმა შტატებმა იქ ჩარევა შეწყვიტოს. რესპუბლიკელმა სენატორმა აიდაჰოს შტატიდან ჯეიმს რიშმა კერძოდ აღნიშნა:
„ჩვენ ავღანელ ხალხს უკვე ათი წლის მანძილზე ჩვენი სისხლი, ოფლი და ცრემლები შევალიეთ, რაც კითხვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სურთ თვით ავღანელებს ის, რასაც ჩვენ მათ თავზე ვახვევთ. თუ მათ ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ არ სურთ, მაშინ ეს ძალისხმევა წარუმატებელი იქნება.“
პრეზიდენტი ობამა ავღანეთიდან იქ დისლოცირებული 90,000 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის დაწყებას ივლისში აპირებს. ხოლო 2014 წლისთვის ავღანეთში კოალიციის სამხედრო ოპერაციები უნდა დასრულდეს. ობამას არ დაუკონკრეტებია ის, თუ რამდენი ჯარისკაცის გაყვანას აპირების იგი წელს.
ბატონმა კროკერმა ავღანეთში ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებს შორის კორუფცია დაასახელა. მან აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აღარასოდეს დაუშვებს, რომ ავღანეთი კიდევ ერთხელ ტერორისტების სათარეშო გახდეს.
„როგორც თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა განაცხადა, როცა 1989 წელს ჩვენ ავღანეთი მივატოვეთ, ამას საზარელი შედეგები მოჰყვა. ამგვარი შეცდომის გამეორების უფლება ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს,“ აღნიშნა ელჩმა რაიან კროკერმა.
მაგრამ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარემ სენატორმა ჯონ კერიმ, რომელიც პრეზიდენტის ავღანეთის პოლიტიკას ემხრობა, აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ ავღანეთისთვის გამოყოფილი დახმარების ოდენობა უნდა შეცვალოს და იქ დისლოცირებული სამხედრო ძალების რიცხვი შეამციროს.
„მართალია შეერთებულ შტატებს ავღანეთში სასიცოცხლო მნიშვნელობის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები გააჩნია, დღესდღეობით იქ დისლოცირებული სამხედრო ძალების რიცხვი და დახმარების ოდენობა ჩვენ ინტერესებს არ შეესაბამება და, ჩემი აზრით, ამგვარი ძალისხმევის შენარჩუნება მიზანშეწონილი როდია,“ აღნიშნა მოსმენების დროს სენატორმა კერიმ.