შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადება ბრიტანული გაზეთების უმეტესმა ნაწილმა პირველ გვერდზე არც გამოაქვეყნა. ერთერთმა მათგანმა ობამას გადაწყვეტილებას ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის დაწყების შესახებ პოლიტიკური თამაში და უკანდახევა უწოდა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი აცხადებს, რომ ობამას განცხადება ბრიტანული მთავრობის აზრს ემთხვევა. მათი გადაწყვეტილებით, 400 ბრიტანელი ჯარისკაცის გამოყვანა რამდენიმე თვეში, თებერვლამდე მოხდება. სულ ავღანეთში დიდი ბრიტანეთიდან 10, 000 ჯარისკაცი მსახურობს.
„ჩვენ ამის შემდეგაც გავაგრძელებთ სიტუაციის შეფასებას და შესაბამისად დავსახავთ ჯარების გამოყვანის სტრატეგიას. 2015 წლამდე დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები ავღანეთს დატოვებს“- განაცხადა მან.
ბრიუსელში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მიესალმა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ აქამდე ავღანეთში ჯარების დამატებითი გაგზავნა მიმდინარეობდა. ახლა კი დინების მიმართულება შეიცვალა და მათი თანდათან გამოყვანის დროა.
ბენ ბარი, გადამდგარი ბრიგადის გენერალი ლონდონის საერთაშორისო სტრატეგიული სწავლების ინსტიტუტიდან, თვლის, რომ ევროპის დანარჩენი ქვეყნებიც მათ მიბაძავენ. მეტიც: არსებობს საშიშროება, რომ ისინი ამერიკის ჯარების გამოყვანის გრაფიკს გაუსწრებენ და ჯარებს საჭიროზე ადრე გამოიყვანენ. ბარი შიშობს, რომ ამ ფაქტმა შესაძლოა თალიბებს მხნეობა შემატოს და გააძლიეროს. შეერთებული შტატების სამხედრო მაღალჩინოსნებმა არ უნდა იჩქარონ, ამბობს ის.
„თუკი სამხედრო ლიდერთა რჩევის წინააღმდეგ წახვალ, 100 პროცენტით უნდა იყო დარწმუნებული, რომ მთელი მთავრობა, როგორც ერთი, ყველა ღონეს იხმარს, რომ სტრატეგია წარმატებული იყოს“.
იქვე, ინსტიტუტის გვერდით, საკმაოდ ხალხმრავალ მიწისქვეშა სადგურზე უამრავი მგზავრი ირევა. მათ უმრავლესობას უხარია, რომ ჯარისკაცები შინ ბრუნდებიან, თან საკმაოდ მალე. თუმცა სიფრთხილესაც გამოხატავენ იმის გამო, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ავღანეთში, მსოფლიოს ამ მუდამ მშფოთვარე რეგიონში.
ერთ-ერთი ბრიტანელი მამაკაცი იმასაც ამბობს, რომ ჯარების გამოყვანა დიდი შეცდომა შეიძლება აღმოჩნდეს:
„ეს დიდი პასუხისმგებლობაა. როცა ძალაუფლებას გადასცემ, დარწმუნებული უნდა იყო, რომ ის მზად არის ამისთვის. ამას გარდა არ მესმის, როგორ უნდა გადასცე ის, რაც სრულ უწესრიგობას წარმოადგენს“? მისი თანმხლები ქალბატონი კი ამბობს, რომ რაკი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ჯარების გამოყვანა რაც შეიძლება ნელა, თანმიმდევრულად და დაბალანსებულად უნდა მოხდეს.
საინტერესოა, როგორ აფასებენ იმავე მოვლენას რიგითი ამერიკელები. ჯონი და დოროთეა ფერსშები ტეხასის შტატიდან მოვლენებს სხვებზე მეტი გულისყურით ადევნებენ თვალს. მათი ორი შვილიშვილი ავღანეთში მსახურობს. ობამას სატელევიზიო განცხადებასაც გულდასმით მოუსმინეს. ისინიც შიშობენ, რომ ჯარის გამოყვანა ძალიან მალე და ძალიან სწრაფად არ მოხდეს.
ჯონი ამბობს, რომ როცა ქვეყანას ტოვებ, დარწმუნებული უნდა იყო, რომ ის მყარი და ერთიანია. არა მგონია ავღანეთი ჯერ ასეთი ქვეყანა იყოს.
თუმცა, ყველა ამერიკელი ასე არ ფიქრობს. ვაშინგტონის ქუჩებში გამოკითხული ადამიანების დიდი უმრავლესობა თვლის, რომ ავღანეთის ომი ძალიან გაჭიანურდა, და რომ ბინ ლადენის განადგურების შემდეგ ამერიკას იქ არაფერი ესაქმება. ნიუ იორკში უფრო კატეგორიულები არიან. ისინი ობამას წინასაარჩევნო დანაპირებს ახსენებენ და მოითხოვენ, რომ ყველა ამერიკელი ჯარისკაცი გამოიყვანოს ავღანეთიდან, მათი თქმით 10, 000 საკმარისი არ არის. იმპერიის მშენებლობას უნდა შევეშვათ, ამბობს ერთ-ერთი მათგანი. ყველა იმპერია დაინგრა. ჩვენს თავს უნდა მივხედოთ და საკუთარი ქვეყნის მშენებლობა გავაგრძელოთ.
ეს განწყობები პოლიტიკოსებისთვის კარგად არის ცნობილი. უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ჩატარებული გამოკითხვები ადასტურებს, რომ ამერიკელებს ომის დასრულება სურთ. არც არის გასაკვირი, ამერიკას ხომ ავღანეთში 1 500-ზე მეტი ჯარისკაცი დაეღუპა, რომ აღარაფერი ვთქვათ მილიარდობით დანახარჯზე, რომელიც დღევანდელ ეკონომიკას სერიოზულ შეღავათს გაუწევდა.