ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია მრავლისმომცველია და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ძალადობა დემონსტრანტების წინააღმდეგ, პოლიტპატიმრების საკითხი, ხელახალი არჩევნები და ა.შ. ერთ-ერთი მთავარი პუნქტი "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული ელიტისთვის სანქციების დაწესებაცაა.
ახალი რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტარებმა გააფართოვეს იმ ადამიანების სია, რომლებისთვისაც ევროპული სანქციების დაწესებას ითხოვენ და ის ძირითადად ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებსა და მის ახლო გარემოცვას, ასევე ზოგიერთ მედია მენეჯერსაც ეხება, რომლებიც ევროპარლამენტის აზრით, დეზინფორმაციას ავრცელებენ.
რეზოლუციას 400-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი ხმა მისცა 63-მა. 81-მა დეპუტატმა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან.
რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილის ხელშემწყობების ქსელს, ელიტურ გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსისტებს, პროპაგანდისტებსა და მათ, ვინც ხელს უწყობს სახელმწიფოს რეპრესიულ აპარატს“.
ევროპარლამენტარები საქართველოს შესახებ მიღებული წინა რეზოლუციის მსგავსად, ახლაც ითხოვენ ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილის, ვახტანგ გომელაურისა და ირაკლი ღარიბაშვილის სანქცირებას.
ევროკავშირის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია - „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ სანქციებს უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგებიან. შესაბამისად, რეზოლუცია წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს ეროვნულ დონეზე ინდივიდუალური სანქციების დაწესებისკენ.
ევროპარლამენტარები რეზოლუციაში საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აღიარებენ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მოუწოდებენ, ზურაბიშვილი საქართველოს წარმომადგენლად მიიწვიოს ევროპული საბჭოს შემდეგ შეხვედრასა და ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტზე.
ისინი ფიქრობენ, რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც, მათი აზრით, მომდევნო თვეების განმავლობაში უნდა ჩატარდეს „გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით“. ისინი მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, გამოვიდნენ იმავე მოთხოვნით.
კენჭისყრის წინა დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას "ჩალის ფასი აქვს".
"ქართული ოცნება" ევროპარლამენტის მიერ დიდი უმრავლესობით მიღებული რეზოლუციის საპასუხოდ ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ევროპარლამენტარების მიერ კრიტიკული ტექსტის მხარდაჭერას "დიფ სთეითის ზეგავლენას" მიაწერს.
"ჩვენი აზრით, სამწუხაროდ, ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია", - ვკითხულობთ "ქართული ოცნების" მიერ 13 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.
"ქართული ოცნება" ევროკავშირს "დიფ სთეითის" გავლენისადმი დაქვემდებარებაში ადანაშაულებს:
"როგორც პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებთ გამარჯვებას „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ევროპასაც ვუსურვებთ, რომ თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ მავნე ზეგავლენას. ჩვენ ამ ბრძოლაში პატრიოტი ევროპელების მხარეს დავდგებით", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ევროპარლამენტის რეზოლუციებს სამართლებრივი ძალა არ აქვს და დიდწილად სიმბოლური ხასიათისაა - გამოხატავს ევროპარლამენტარების პოლიტიკურ პოზიციას.
კრიტიკული რეზოლუციის პარალელურად, ევროპარლამენტმა ჩააგდო გერმანელი და ბულგარელი პოლიტიკოსების რეზოლუცია, რომელშიც ისინი გმობდნენ "ევროკავშირის უარს, ცნოს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია".
ამ რეზოლუციის ავტორები იყვნენ ჰანს ნოიჰოფი, ალექსანდერ ზელი, პეტერ ბისტრონი და ტომაშ ფროელიხი პარტიიდან "ალტერნატივა გერმანიისთვის" და პეტარ ვოლგინი და სტანლისლავ სტოიანოვი ბულგარული პარტია "აღორძინებიდან".
ოქტომბერში პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" წარადგინეს რეზოლუცია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გზებს განიხილავდა.