ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს აფრთხილებს


პრო-რუსი შეიარაღებული პირები პოლიციის განყოფილებასთან, სლოვიანსკი, 13 აპრილი, 2014
პრო-რუსი შეიარაღებული პირები პოლიციის განყოფილებასთან, სლოვიანსკი, 13 აპრილი, 2014
ვაშინგტონი-

ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ რუსეთი, აღმოსავლეთ უკრაინაიში ყირიმის ანექსიის ანალოგიურ ტაქტიკას იყენებს.

ობამას ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მზად არის ახალი სანქციები დააწესოს მოსკოვის წინააღმდეგ, თუ უკრაინის სუვერენიტეტი ისევ დაირღვევა.

კვირას, აღმოსავლეთ უკრაინაში სროლის ხმა ისმოდა უკრაინის სპეციალური დანიშნულების ძალებსა და პრო-რუსულ მილიციას შორის მომხდარი შეტაკებებისას. ამ რეგიონში, პრო-რუსი მაცხოვრებლები კიევისგან დამოუკიდებლობას ითხოვენ.

"უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის ხალხი რეფერენდუმს ითხოვს. ეს დემოკრატიის უმაღლესი ფორმაა და ჩვენ გვინდა, რომ უკრაინის ყველა მოქალაქის ხმა შესმენილ იქნას"-ამბობენ ისინი.

ბზობის კვირა დღეს, კიევში, ელენა სერგეევა მშვიდობისთვის ლოცულობდა. "ძალიან ვჯავრობთ. უკრაინა არ უნდა გაიხლიჩოს, და უფლის ნებით, ადამიანები გაიგებენ, რომ ყველა უკრაინელები ვართ. ჩვენ გაერთიანებული აღმოსავლეთ და დასავლეთ უკრაინა გვწადია"-თქვა მან.

რუსი ოფიციალური პირები დაჟინებით ამტკიცებენ, რომ არანაირი ტერიტორიული მოწყობის გეგმა არ აქვთ აღმოსავლეთ უკრაინაში. თუმცა ობამას ადმინისტრაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში და მზარდი დაძაბულობის უკან რუსეთის ხელს ხედავს. 13 აპრილს, აშშ-ის ელჩმა გაეროში სამანტა პაუერმა ეი-ბი-სის ტელეპროგრამაში "ამ კვირას" ისაუბრა.
"[აღმოსავლეთ უკრაინაში] მოვლენები ყირიმის მსგავსად ვითარდება. მოქმედება პროფესიონალურად, და კოორდინირებულად მიმდინარეობს"-თქვა მან.

აღმოსავლეთ უკრაინაში, სიტუაციის ესკალაციამდე ზოგიერთი ამერიკელი კანონმდებელი აშშ-სა და ევროპას მოუწოდებდა უფრო მკაცრი პოზიცია დაეკავებინათ რუსეთის ტერიტორიული ექსპანსიის წინააღმდეგ. მათ შორის იყო რესპუბლიკელი სენატორი დენ ქოათსი:

"ამ წუთებში, შეშფოთება მატულობს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის პრეზიდენტი ყირიმის მოქმედებით არ დაკმაყოფილდა, და რომ ის მეტს ესწრაფვის. ამერიკისა და ჩვენი მოკავშირეების ეფექტური, ძლიერი საპასუხო რეაქციის არქონის პირობებში, პრეზიდენტ პუტინს კარგი საბაბი აქვს იფიქროს, რომ შემდგომი აგრესია დაუსჯელი იქნება"-თქვა მან.

ელჩი პაუერი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება

"რუსული ფასიანი ქაღალდების ბაზარი 20 პროცენტით გაუფასურდა. ინვესტორები გარბიან. ეს არის ის, რასაც ჩვენი სანქციებით აქამდე მივაღწიეთ. პრეზიდენტი ობამა ნათლად აცხადებს, რომ გამომდინარე რუსეთის მოქმედებიდან, დამატებითი სანქციები ენერგო და საბანკო სექტორზე გატარდება."

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ პუტინს აღმოსავლეთ უკრაინის გაკონტროლება სურს, პაუერმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქმედებები სწორედ ამაზე მიუთითებს, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი სხვაგვარად ამტკიცებს.
XS
SM
MD
LG