ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რამდენად იციან რიგითმა ამერიკელებმა უკრაინა?


რა იციან ამერიკელებმა უკრაინის მდებარეობის, თუ იქ მიმდინარე მოვლენების შესახებ?

უკრაინასთან დაკავშირებული ახალი ამბები, ამერიკულ სატელევიზიო ეკრანებზე უკვე კვირების განმავლობაში ჩანს. თავიდან დემონსტრანტებსა და სახელმწიფო უშიშროების ძალებს შორის კიევში მომხდარი შეტაკებები სჩანდა. შემდეგ, ქვეყნიდან რუსეთში გაქცევამდე, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის სარგებლობაში არსებული მდიდრული ვილის ფოტოები გამოჩნდა. შემდეგ, რუსეთის მიერ ყირიმის დაპყრობის და აღმოსავლეთ უკრაინაში პრო-რუსული პროტესტების გამოსახულებები გამოჩნდა.

ასე რომ, შეიძლებოდა ვინმეს ეფიქრა, რომ ამერიკელები, ამ დავის საკითხში, უკვე კარგად გათვითცნობიერებულნი უნდა ყოფილიყვნენ. თუმცა, სამი ამერიკული აკადემიური კვლევა აჩვენებს, რომ საქმე ასე სულაც არ არის.

მარტის ბოლოს, „სემფლინგ ინტერნეშენელ“-მა ამ კონფლიქტის შესახებ ორ ათასზე მეტი ამერიკელი გამოკითხა და აღმოაჩინა, რომ ექვსი გამოკითხულიდან მხოლოდ ერთმა შეძლო რუკაზე უკრაინის სწორად მითითება.

პოლიტოლოგმა ჯოშუა კერთცერმა დარტმუთის კოლეჯიდან, ამერიკის ხმას უთხრა, რომ გამოკითხულები უკრაინას მთელ რუკაზე, სწორი ადგილიდან დაახლოებით 2900 კილომეტრის მოშორებით ეძებდნენ. ზოგიერთმა ბრაზილიასთან ახლოს და ინდოეთის ოკეანეშიც კი მიუთითა.

„ადამიანები უკრაინას სადღაც პორტუგალიასა და სუდანს, ყაზახეთსა და ფინეთს შორის ეძებდნენ. გარკვეული თვალსაზრისიდან გამომდინარე, ისინი მეტნაკლებად ახლოს იყვნენ, მაგრამ არც ისე ახლოს, როგორც ჩემის აზრით, ჩვენ გვსურდა.“

კერთცერის თქმით, გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელებს უკრაინასთან დაკავშირებულ დაპირისპირებაში ჩარევა ნაკლებად სურთ.

„ზოგადად, ერთი რამ, რაც დავადგინეთ, არის ის, რომ რაც უფრო ძვირადღირებულია გარკვეული პოლიტიკის გატარება, ამერიკელების უფრო მცირე რაოდენობას სურს ასეთ საქმეში ჩართვა.“

მან თქვა, რომ ის ამერიკელები, რომლებმაც ყველაზე ნაკლებად იცოდნენ თუ უკრაინა რუკაზე სად იყო მონიშნული, უფრო მეტად უჭერდნენ მხარს შეერთებული შტატების ჩარევას, ვიდრე ის გამოკითხულები, რომლებიც შეერთებული შტატების პოლიტიკას უკეთესად იცნობდნენ.
მან ასევე თქვა, რომ გამოკითხვის თანახმად, ამერიკელები საკმარისად უჭერენ მხარს, ივნისში, სოჭში დაგეგმილი დიდი რვიანის შეხვედრის მიმართ, დასავლეთის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს. უკრაინაში შეერთებული შტატების სამხედრო ჩარევას, გამოკითხულთა მხოლოდ 13 % უჭერს მხარს.

„ამერიკელებს ზოგადად საშინაო პრობლემები უფრო აღელვებთ“

მან თქვა, რომ რამდენიმე ბოლოდროინდელი გამოკითხვა მთლიანობაში აჩვენებს, რომ ერაყის და ავღანეთის ხანგრძლივი ომების შემდეგ, საზღვარგარეთ სამხედრო ჩარევების მიმართ ამერიკელთა მხარდაჭერა ძალიან შეზღუდულია. ის ალბათ, ბოლო ხუთი ათწლეულის განმავლობაში, ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
XS
SM
MD
LG