გასულ კვირას ბრიტანეთისა და საფრანგეთის ინიციატივით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცაში ლიბიის არა-საფრენ ზონად გამოცხადებაზე დაიწყო საუბარი. უშიშროების საბჭოს წევრთა შორის ინიციატივამ აზრთა სხვაობა გამოიწვია. შაბათს არაბ ერთა ლიგამა განაცხადა, რომ ბრიტანეთისა და საფრანგეთის ინიციატივას მხარს უჭერს. ლიბანის წარმომადგენლობამ კი უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრა მოიწვია ამ საკითხის განსახილველად.
მოლაპარაკება დახურულ კარს მიღმა დაახლოებით სამი საათი მიმდინარეობდა. შეხვედრის შემდეგ რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთის ინიციატივის წინააღმდეგია, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი კითხვა კვლავ უპასუხოდ რჩება:
„ჩვენი აზრით, რამდენიმე ძირითადი საკითხი გასარკვევია. ზუსტად უნდა ვიცოდეთ არა მხოლოდ ის, თუ რას ვაკეთებთ, არამედ ისიც, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ შედეგს. თუ ლიბიაზე არასაფრენ ზონას დავაწესებთ, ვინ დაიცავს ამ ზონას? როგორ განხორციელდება ეს ოპერაცია და ვაინ განახორციელებს მას. ამ კითხვებზე დეტალური პასუხის გარეშე ჩვენთვის რთული იქნება გადაწყვეტილების მიღება. სამწუხაროდ ამ ეტაპზე, ინიციატივის ავტორებს დამაკმაყოფილებელი პასუხები არ აქვთ.“
ჩურკინის აზრით, გაეროს უშიშროების საბჭომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს, რითაც შესაძლოა ლიბიაში არსებული დაძაბული ვითარება კიდევ უფრო დაიძაბოს. რუსეთი რეზოლუციის დამტკიცებისგან სწორედ ამის გამო იკავებს თავს. თუმცა მისივე განცხადებით, რუსეთი არ გამორიცხავს, რომ საბოლოო ჯამში რეზოლუცია დაამტკიცოს:
„ჩვენ გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული ჯერ არ გვაქვს. ამასთან ვცდილობთ რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტიც განვიხილოთ იმისთვის, რომ ლიბიაში არსებულ ვითარებაზე დადებითი გავლენა ვიქონიოთ - შევწყვიტოთ სისხლისღვრა, თავიდან ავიცილოთ დამატებითი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და მივაღწიოთ რაიმე სახის შედეგს, რომელიც ქვეყანაში სტაბილურობას დაამყარებს. ერთის მხრივ იმის თქმა, რომ უნდა ვიმოქმედოთ რაც შეიძლება სწრაფად, ხოლო მეორეს მხრივ კი ბევრი მნიშვნელოვანი კითხვის უპასუხოდ დატოვება წყლის ნაყვაა. ისეთი მნიშვნელოვანი ინიციატივის განხილვისას, როგორიც ლიბიის არა-საფრენ ზონად გამოცხადებაა, აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების დასახვა.“
საფრანგეთის ელჩმა ჟერედ არუდმა უშიშროების წაბჭოს წევრებს კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, საბჭოს როგორც მუდმივმა, ასევე, დროებითმა წევრებმა, 1993 წელს ბოსნია-ჰერცოგოვინას არასაფრენ ზონად გამოცხადების რეზოლუციის ტექსტს უნდა გადაავლონ თვალი. არუდის განცხადებით:
„რეზოლუცია 816 არ ასახელებდა ქვეყანას, რომელსაც არა-საფრენი ზონის დაწესება ევალებოდა, არც იმაზე საუბრობდა თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო ეს ოპერაცია. საბჭო სამხედრო შტაბბინა არ არის. მისი დანიშნულება პოლიტიკური ნებართვის გაცემაა. ამ ნებართვის საფუძველზე კი დაინტერესბეულმა ქვეყნებმა ერთმანეთთან უნდა შეათანხმონ ტექნიკური დეტალები.“
არუდის განცხადებით, მომავალ ორშაბათს უშიშროების საბჭოს რამდენიმე წევრი ლიბიის არა-საფრენ ზონად გამოცხადების რეზოლუციის ტექსტის შედგენაზე დაიწყებს მუშაობას.