11 მარტს უკრაინამ მოსკოვზე დრონებით ომის განმავლობაში ყველაზე დიდი იერიში მიიტანა. დაღუპულთა რიცხვი ამ მომენტისთვის სამს აღწევს, 17 ადამიანი დაშავებულია. პარალელურად, კიევი აცხადებს, რომ მათ რუსეთის ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს და 79 დრონი გაანადგურეს.
რუსეთის ოფიციალური პირების ცნობით, ქვეყნის დედაქალაქში ოთხივე აეროპორტი დროებით დაიხურა, თუმცა მათ მუშაობა მალევე განაახლეს. მოსკოვი იუწყება, რომ რუსეთის ტერიტორიაზე 337 დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 91- მოსკოვის და 126 - კურსკის ოლქში, სადაც მოსკოვის ცნობით, უკრაინელები უკან იხევენ.
უკრაინის მიერ რუსეთზე განხორციელებული იერიში წინ უძღოდა საუდის არაბეთში უკრაინასა და ამერიკას შორის დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებას. შეერთებული შტატების მთავრობა დაპირისპირებულ მხარეებთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას და უკრაინაში მიმდინარე სამწლიანი ომის დასრულებას ცდილობს.
ამ მოვლენების პარალელურად, უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ მათ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის 126 დრონიდან 79 ჩამოაგდეს. უკრაინამ რუსეთის ერთი "ისკანდერის" ტიპის ბალისტიკური რაკეტაც გაანეიტრალა.
იერიშის შედეგად, ქვეყნის ორ სხვადასხვა რეგიონში, ხარკივსა და სუმიში ორი ადამიანი დაშავდა. ცეცხლი გაუჩნდა საწვავის საწყობს. უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, 35-მა დრონმა დანიშნულების ადგილს ვერ მიაღწია, რაც სავარაუდოდ, მათ მიერ სიგნალის ჩახშობის შედეგად მოხდა.
Facebook Forum