ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ფოლადზე და ალუმინზე ახალ ტარიფებს გამოაცხადებს


საექსპორტო ფოლადი ჩინურ ქარხანაში
საექსპორტო ფოლადი ჩინურ ქარხანაში

კვირას ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ორშაბათს ალუმინის და ფოლადის მთელ იმპორტზე ახალ, 25 პროცენტიან ტარიფს დააწესებს. ეს შეერთებულ შტატებში იმპორტირებულ ლითონებზე ახლა არსებულ ბაჟს დაემატება და სავაჭრო პოლიტიკის გარდაქმნის მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

საპრეზიდენტო თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას დონალდ ტრამპმა ასევე თქვა, რომ სამშაბათს ან ოთხშაბათს ახალ ტარიფებს დააწესებს, რაც ძალაში თითქმის დაუყოვნებლად შევა.

ტრამპმა თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ფოლადზე 25%-იანი და ალუმინზე 10%-იანი ტარიფები დააწესა, მაგრამ მოგვიანებით რამდენიმე სავაჭრო პარტნიორს, მათ შორის კანადას, მექსიკასა და ბრაზილიას ბაჟისგან გათავისუფლებული კვოტები მიანიჭა.

ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ეს კვოტები ბრიტანეთზე, იაპონიაზე და ევროკავშირზე გაავრცელა და ბოლო წლებში ამერიკული ფოლადის მწარმოებელი სიმძლავრეების გამოყენება-ათვისება შემცირდა.

თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლინ ლევიტმა თქვა, რომ ახალი ტარიფები ფოლადზე და ალუმინზე უკვე არსებულ ბაჟს დაემატება.

ტრამპმა პარასკევს გამოაცხადა, რომ შესაძლოა ექვივალენტური ტარიფები დააწესოს, გაზარდოს ამერიკული ტარიფები, რათა სავაჭრო პარტნიორების ტარიფებს გაუთანაბროს, რაც ბევრ ქვეყანას შეეხება. მან ქვეყნები არ დაასახელა, მაგრამ თქვა, რომ ბაჟი დაწესდება „რათა სხვა ქვეყნებთან თანაბარ პირობებში აღმოვჩნდეთ“.

XS
SM
MD
LG