ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი ვაშინგტონს სომხეთთან დაახლოების გამო აკრიტიკებს


მოსკოვი, რუსეთი
მოსკოვი, რუსეთი

კრემლის განცხადებით, რუსეთი აფასებს მჭიდრო ურთიერთობებს სომხეთთან. ამასთან, მოსკოვი შენიშნავს, რომ შეერთებულ შტატებს, რომელიც სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერას აპირებს, რეგიონის სტაბილიზაციაში როლი არასდროს უთამაშია. განცხადება კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა სამშაბათს, 14 იანვარს გააკეთა.

სომხეთი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსეთის ტრადიციული დასაყრდენის როლს თამაშობდა. თუმცა, ბოლო დროს ერევანი დასავლეთთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას ცდილობს.

„რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები ყველა შესაძლო გზით ცდილობს ახალი ქვეყნების საკუთარ ორბიტაზე მიზიდვას“, - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან გამართულ ყოველდღიური ბრიფინგზე და იქვე დასძინა, რომ ვაშინგტონს "სამხრეთ კავკასიაში მაინცდამაინც მასტაბილიზებელი როლი არასდროს შეუსრულებია, შეიძლება ითქვას, რომ ამის საპირისპირო როლს თამაშობდა კიდეც".

პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სომხეთს სუვერენული უფლება აქვს, განავითაროს კავშირები ნებისმიერ ქვეყანასთან. მაგრამ, კრემლის პრესსპიკერის თქმით, რუსეთი აფასებს თავის ურთიერთობებს სომხეთთან და "მათ შემდგომ განვითარებას გეგმავს".

დღესვე, ვაშინგტონში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ხელს მოაწერენ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას. არც სახელმწიფო დეპარტამენტი და არც სომხეთის საგარეო უწყება ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას არ ავრცელებს. აქამდე ორ ქვეყანას შორის რამდენიმე სავაჭრო და საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა, ასევე გაიმართა ერთობლივი სამხედრო წვრთნა.

გასულ კვირას სომხეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობის დაწყების შესახებ. თუმცა, ბლოკში სომხეთის სწრაფი გაწევრიანება ნაკლებ სავარაუდოა.

ერევანსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით გაუარესდა 2023 წელს, მთიან ყარაბაღში განახლებული ხანმოკლე ესკალაციის დროს. რუსეთმა ამ ომში სომხეთის დაცვა მეზობელი აზერბაიჯანისგან ვერ შეძლო. მთიან ყარაბაღს მას შემდეგ ბაქო აკონტროლებს.

იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე სომხეთი კვლავ რუსეთის მოკავშირედ რჩება, ერევანმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს რუსეთის ომს მეზობელ უკრაინაში. ერევანმა კიევს ჰუმანიტარული დახმარებაც არაერთხელ გაუგზავნა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG