რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საერთაშორისო კოალიცია ლიბიაში მძვინვარე სამოქალაქოსაგარეო საქმე ომში ერევა, რაც, მისი აზრით, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციით გათვალისწინებულ ვალდებულებებს აღემატება. ლავროვის მხრიდან კოალიციის მოქმედების ესოდენ მძაფრი კრიტიკა გაჟღერდა ერთობლივ პრეს კონფერენციაზე, რომელიც ლავროვმა ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რუსლან კაზაკბეკოვთან ერთად გამართა. რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლური კოალიციის ავიაციის მოქმედება ლიბიელი მეამბოხეების მხარდასაჭერად ლიბიაში მძვინვარე სამოქალაქო ომში ჩარევას წარმოადგენს.
„ჩვენ ვთვლით, რომ კოალიციის ჩარევა შიდა, არსებითად სამოქალაქო ომში, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციით არ არის დაშვებული. იმავდროულად სამოქალაქო მოსახლეობის დაცვა კვლავინდებურად ჩვენ პრიორიტეტად რჩება,“ მოახსენა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო იტარ-ტასს ლავროვმა.
მან აგრეთვე გამოხატა კრემლის შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ კოალიციის საჰაერო იერიშებმა მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გამოიწვია. მან მოუწოდა გაეროს გენერალურ მდივანს ლიბიაში საგანგებო წარმომადგენელი მიავლინოს ხსენებული ინფორმაციის შესამოწმებლად.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა კვირას მიღებულ გადაწყვეტილებას ნატოსთვის ლიბიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებზე კონტროლის გადაცემის შესახებ „მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა, რომელიც, მისი თქმით, „ადასტურებს იმას, რომ ნატოს გაბედული გადაწყვეტილებების მიღება ძალუძს.“ რასმუსენმა აღნიშნა ისიც, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი „გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციის ყველა ასპექტს შეასრულებს.“
ბრიტანულ საინფორმაციო სააგენტო ბი-ბი-სი-სთვის მიცემულ ინტერვიუში რასმუსენმა აღნიშნა, რომ ნატოს მიზანს ლიბიელი ოპოზიციის სამხედრო მხარდაჭერა არ წარმოადგენს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ მეამბოხეების მოქმედება მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეში ჩააგდებს, ალიანსს მათ წინააღმდეგ ზომების მიღება მოუწევს. რასმუსენს სჯერა, რომ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუცია ლიბიის კონფლიქტში ჩართულ ორივე მხარეს ეხება.
რასმუსენის თქმით ლიბიაში დასაბომბი ობიექტების შერჩევას სამხედრო სარდლობა ახორციელებს. ნატოს ის წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ლიბიაში ობიექტების დაბომბვას არ ემხრობიან, მხოლოდ არასაფრენი ზონის შენარჩუნებაში მონაწილეობენ, მაშინ როცა სხვა მოკავშირეები საჰაერო დარტყმებს ახორციელებენ.
ლიბიაში კოალიციის სამხედრო მოქმედებებზე ნატოს კონტროლის დაწესებასთან დაკავშირებით ლავროვმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას არ ეწინააღმდეგება. თუმცა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ რუსეთს სურს, რომ ლიბიაში სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ შეწყდეს და კონფლიქტი მოლაპარაკებების საშუალებით მოგვარდეს.
ამასობაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელმა ოანა ლუნგესკუმ აგრეთვე აღნიშნა, რომ ნატო იმედოვნებს, რომ ლიბიაში მძვინვარე კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოგვარდება. „ყველასთვის ცხადია, რომ ლიბიაში შექმნილი კრიზისის მხოლოდ სამხედრო მეთოდით გადაჭრა შეუძლებელია,“ განაცხადა ლუნგესკუმ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ნატო გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას „მიუკერძოებლად“ შეასრულებს და რომ ალიანსი სახმელეთო ოპერაციის ჩატარებას არ აპირებს.