რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და მისმა ჩინელმა კოლეგამ სი ძინპინმა, ბუნებრივი გაზის ახალი მილსადენის ინაუგურაცია დღეს ვიდეო-ჩართვით აღნიშნეს.
ახალი მილსადენი სახელწოდებით "ციმბირის ძალა", გაზს ციმბირიდან ჩრდილოეთ ჩინეთს მიაწვდის. პროექტი პეკინსა და მოსკოვს შორის პოლიტიკურ კავშირებს კიდევ უფრო გაამყარებს.
გაზის ნაკადის აღმოსავლეთით გადასროლით, მოსკოვი ცდილობს დასავლური ფინანსური სანქციებით მიყენებული ზარალი შეამციროს. სანქციები, დასავლეთის ქვეყნებმა, მოსკოვს ყირიმის ანექსიის შემდეგ დაუწესეს.
მოსკოვი კიდევ ორ დამატებით მილსადენის პროქტზე მუშაობს, ერთია „ნორდსტრიმ-2“, ხოლო მეორე - „თურქსტრიმი“. პირველი ბალტიის ზღვის გავლით გერმანიას უკავშირდება, მეორე კი - თურქეთის გავლით, სამხრეთ ევროპას.
რაც შეეხება „ციმბირის ძალის“ მილსადენს, ის 3 000 კილომეტრს დაფარავს და აღმოსავლეთ ციმბირიდან მინიმუმ მომავალი ოცდაათი წლის განმავლობაში ჩინეთს ყოველწლიურად დაახლოებთ 38 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს გადასცემს. რუსეთს იმედი აქვს, რომ სახელმწიფო რეზერვებს, ამ პერიოდში, პროექტი $ 400 მილიარდის შემოსავალს მოუტანს. შედეგად, ჩინეთი გერმანიის შემდეგ რუსული გაზის რიგით მეორე მომხმარებელი გახდება. ყოველწლიურად გერმანია რუსეთიდან 58.5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იღებს.
მოსკოვმა ბუნებრივი გაზის დასავლეთ და ცენტრალური ევროპისთვის მიწოდება 1950 წლებში დაიწყო. ევროპა დღეს რუსული გაზის მთავარი მომხმარებელია. გაზის მიწოდებას კრემლის მიერ კონტროლირებული „გაზპრომი“ აწარმოებს. ყოველწლიურად "გაზპრომის" მიწოდება 200 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს უტოლდება. თუ რა საფასურს გადაიხდის ჩინეთი რუსულ გაზში, საიდუმლოდ რჩება და მხარეები ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ.
დასავლეთის მთავრობების ნაწილი, ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულებას აკრიტიკებს. ისინი ფიქრობენ, რომ ევროპის სახელმწიფოები ენერგო-დამოუკიდებლობას და წყაროების დივერსიფიცირებას უნდა ცდილობდნენ. ვაშინგტონი ხშირად ილაშქრებს გერმანიის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთთან „ნორდსტრიმ 2“-ის პროექტზე მუშაობს. ვაშინგტონის თქმით, "ნორდსტრიმ-2" კიდევ უფრო გაზრდის ბერლინის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე. ვაშინგტონში ამბობენ, რომ ეს გერმანიის ენერგო-უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის.
Facebook Forum